ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებით საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის შოთა მალაშხიას შეფასებით, რუსეთის მიერ აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმისთვის გამოყოფილი ფული ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსული ბაზების უკანონო მშენებლობისთვისაა განკუთვნილი.
"კრემლიდან წამოსული ფულის ნაწილს მარიონეტული რეჟიმი გზაშივე გააქრობს, ხოლო მეორე ნაწილი, რომელიც სოხუმამდე ჩააღწევს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ოკუპანტების სამხედრო ბაზების მშენებლობას მოხმარდება. აფხაზეთში რეალურად არაფერი არ იცვლება, რადგან ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები არავის აინტერესებს", - განაცხადა მალაშხიამ მოსკოვში დღეს დაგეგმილ ვლადიმერ პუტინის და სერგეი ბაღაფშის შეხვედრის კომენტირებისას.
მისივე შეფასებით, აფხაზეთში ვითარება ყოველ დღიურად იძაბება, რადგან ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოსახლეობის სრული ასიმილაცია მიმდინარეობს, ამის გათვალისწინებით კი რუსეთი სამხედრო კომპონენტებს კიდევ უფრო აძლიერებს.
შეგახსენებთ, რომ დღეს აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ლიდერი სერგეი ბაღაფში რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრს ვლადიმერ პუტინს ხვდება. შეხვედრაზე მხარეების აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმისთვის სოციალურ-ეკონომიკური დახმარების კუთხით ფულის გამოყოფის საკითხს განიხილავენ.