"ხალხის პარტია" გუანტანამოს ციხიდან საქართველოში პატიმრების ჩამოყვანას და მათ არასაპატიმრო რეჟიმში ყოფნას "შეურაცხომყოფელად" აფასებს.
როგორც კობა დავითაშვილის პარტიის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, აშშ საქართველოს ერთ დიდ ციხედ განიხილავს.
"გუანტანამოს ციხეში მყოფი ადამიანების ჩვენს ქვეყანაში ჩამოყვანა და საქართველოში მათი თავისუფლად ცხოვრება იმაზე მეტყველებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია საქართველოს დიდ ციხედ განიხილავს. ეს ჩვენთვის შეურაცხმყოფელია, მაგრამ სამწუხაროდ, რეალობას ასახავს. საქართველო ნამდვილად არის დიდი ციხე", - ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, მასში აღნიშნულია, რომ გუანტანამოს ციხის პატიმრების საქართველოში ჩამოყვანა ქვეყანაში ტერორისტულ საფრთხეს ქმნის და საქართველოს უსაფრთხოებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.