დღეს სასტუმრო „ვერე პალასში," საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებისა და იაპონიის ბიზნეს-დელეგაციის შეხვედრა გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა. საქართველოს მთავრობის წევრებმა იაპონელ სტუმრებს საქართველოს საინვესტიციო-ეკონომიკური გარემოს მიმოხილვასთან ერთად კონკრეტული პროექტებიც წარუდგინეს, მათ შორის ახალი სახელმწიფო პროექტი - ,,აწარმოე საქართველოში."
,,საქართველოს იაპონიის ბიზნეს-ასოციაციის დელეგაცია სტუმრობს. ეს არის გაცნობითი შეხვედრა, რომელიც განკუთვნილია რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობის საწარმოებლად. ამ ასოციაციის წევრი 200-ზე მეტი კომპანიაა, ამიტომ მათი ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია" - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
„ვერე-პალასში" გამართულ შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების წარმომადგენლები და საინვესტიციო ფონდების ხელმძღვანელი პირები, რომლებმაც სექტორული და თემატური პრეზენტაციები გამართეს.
იაპონიის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით ტარდება და 6 ივნისამდე გრძელდება. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან იაპონიის ისეთი მსხვილი კორპორაციების ხელმძღვანელი პირები, როგორიცაა: Mitsubishi Heavy Industries, ltd, ITOCHU Corporation, Kawasaki Heavy Industries, Toyota Motor Corporation, Sojitz Corporation, Marubeni Corporation, Mitsubishi Motors Corporation. ასევე, იაპონიის ეკონომიკის, ვაჭრობის და მრეწველობის სამინისტროს წარმომადგენელი.
იაპონიის დელეგაციიის წევრები ვიზიტის ფარგლებში ქართული ბიზნეს-სექტორის იმ წარმომადგენლებსაც შეხვდებიან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან იაპონურ კომპანიებთან თანამშრომლობით. 6 ივნისს დელეგაცია ბათუმში გაემგზავრება და საინვესტიციო პროექტებს ადგილზე გაეცნობა.