ექსპერტი ნიკა ჩიტაძე არ გამორიცხავს, რომ გუანტანამოს ციხიდან პატიმრების ჩამოყვანით საქართველო ტერორისტული ორგანიზაციების სამიზნე გახდეს.
"თეორიული საფრთხე, რაც გუანტანამოს საპყრობილის პატიმრების ჩვენს ქვეყანაში გადმოყვანას შესაძლოა ახლდეს ისაა, რომ ამას შესაძლოა გარკვეული ნეგატიური დამოკიდებულება მოჰყვეს ზოგიერთი ტერორისტული ორგანიზაციის მხრიდან", - განუცხადა ჩიტაძემ "ჯი-ეიჩ-ენს" აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას, თუმცა აქვე განმარტა, რომ იმაზე, რომ საქართველო ტერორისტების სამიზნედ არ გადაიქცეს დადებითაც ის ფაქტი იმოქმედებს, რომ მსჯავრდებულები ჩვენს ქვეყანაში არასაპატიმრო რეჟიმში იცხოვრებენ.
ამასთან, ექსპერტი კიდევ ერთ საფრთხე იმაში ხედავს, რომ პატიმრების ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაცია ძნელად მოხდება.
აღნიშნულის მიუხედავად, ამ საკითხთან დაკავშირებით აშშ-სა და საქართველოს თანამშრომლობას ექსპერტი ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობით ხსნის და აცხადებს, რომ ეს ამ ფაქტითაც დადასტურდა.
"დადებითია, რომ საქართველომ გამოხატა მზადყოფნა მიეღო გუანტანამოს საპატიმროს მსჯავრდებულები. ეს ადასტურებს, რომ საქართველო არის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი შეერთებული შტატებისა და მთლიანად ნატოს", - განმარტავს ჩიტაძე.
შეგახსენებთ, რომ გუანტანამოს საპყრობილის სამი პატიმარი საქართველოში გუშინ ჩამოიყვანეს. საქართველოს შსს-ის ინფორმაციით, ისინი ციხეებში არ მოთავსდებიან და აქ თავისუფალ რეჟიმში იცხოვრებენ.