ეკონომიკური განვითარების მინისტრი სააქციო საზოგადოება "მადნეულს" სტუმრობდა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სამინისტროდან აცნობეს, პოლოლიკაშვილი ეკონომიკური კრიზისის დასრულების შემდეგ საწარმოს მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.
მინისტრმა კაზრეთში ოქროსა და სპილენძის კარიერი, მადნეულისა და კვარციტის საამქროები დათვალიერა და კომპანიის ხელმძღვანელობასთან მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა.
სააქციო საზოგადოება "მადნეული" 2005 წლიდან "სტენტონ ექუითიზ კორპორეიშენის" საკუთრებაა. "მადნეულსა" და "კვარტიცში" წარმოებული პროდუქციის 100-ვე პროცენტი საექსპორტოა და მას საქართველოს მთლიან ექსპორტში თითქმის მესამედი უკავია.
კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა კმაყოფილება გამოთქვა საწარმოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ სწორედ მსგავს საწარმოებზე დგას საქართველოს მაკროეკონომიკური სტაბილურობა.
"ჩვენ მოვინახულეთ, როგორც საწარმოო ციკლი, ასევე საბადოდან ნედლეულის მოპოვების პროცესი. ვფიქრობ, რომ ეს არის Eერთ-ერთი ყველაზე დიდი და წარმატებული კომპანია ჩვენს ქვეყანაში, რომელიც 1970-იანი წლებიდან სტაბილურობით გამოირჩევა. ჩვენ შევძელით, შეგვენარჩუნებინა ის ბაზა, რომელზე დაყრდნობითაც უნდა მოხდეს ეკონომიკის შემდგომი განვითარება. ჩვენ ახლა უკვე პოსტკრიზისულ პერიოდში ვიმყოფებით, კრიზისის აქტიური ფაზა გავლილია და შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია ამ პერიოდის აქტიურად გავლა. აქ თავისი როლი უნდა ითამაშოს როგორც მთავრობამ, ასევე კერძო სექტორმა", - განაცხადა პოლოლიკაშვილმა.