26 მაისს, რუსთაველის გამზირზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ფინანსთა სამინისტრო აწყობს პროექტის „მიიღე მონაწილეობა ბიუჯეტის დაგეგმვაში" პრეზენტაციას, რომლის დროსაც მოქალაქეებს ფინანსთა მინისტრთან ნოდარ ხადურთან ერთად, შესაძლებლობა ექნებათ ადგილზე მიიღონ მონაწილეობა ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის დაგეგმვაში და თავად გადაანაწილონ სახელმწიფო ბიუჯეტის თანხები მათთვის პრიორიტეტული პროგრამებისა და სფეროების მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის, ფინანსთა სამინისტროს აკადემიის, მომსახურების სააგენტოს, საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის კონსულტანტები, უბნის საგადასახადო ოფიცრები, საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლები მოსახლეობას ადგილზე გაუწევენ კონსულტაციას საკუთარი სერვისების შესახებ.
eoucion.ge-ზე ონლაინ რეჟიმში წარმოდგენილი იქნება სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების საინტერესო ლოტები. მსურველებისთვის შესაძლებელი იქნება დარეგისტრირება და პროდუქციის შეძენა. გამოიფინება მომსახურების სააგენტოს მაღაზიებში არსებული საქონლის ნაწილი (ოქროს ნაწარმი, ტექნიკა და სხვა). შესაძლებელი იქნება ფინანსთა სამინისტროს აკადემიის სასწავლო ტურებზე ადგილზე რეგისტრაცია, გაიმართება ვირტუალური ტური აკადემიაში. საბაჟო ოფიცრები მოსახელეობას მიაწვდიან ინფორმაციას საბაჟო პროცედურების შესახებ, წარმოდგენილი იქნება კინოლოგიისა და ფიტოვეტერინარული სამსახურები. საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის კონსულტანტები მოსახლეობას გააცნობენ სამსახურის საქმიანობას ინოვაციური ტექნოლოგიების, საჯარო ფინანსების მართვისა და მათი ავტომატიზაციის მიმართულებით.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მხრიდან 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობენ: სსიპ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, სსიპ ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო, სსიპ ფინანსთა სამინისტროს აკადემია, სსიპ ფინანსთა სამინისტროს საფინანსო-ანალიტიკური სამსახური, სახაზინო სამსახური, საგამოძიებო სამსახური.