ENG / RUS       12+

გრიგოლ ვაშაძე: დასავლეთს 2008 წლის ``ქართული გაკვეთილი`` გათავისებული რომ ჰქონოდა, 2014 წელი არ მოხდებოდა

რესპოდენტის შესახებ

"როდესაც ვუყურებ საზოგადოების განწყობას - ვხედავ ძალიან დიდ შეშფოთებას, როდესაც ვუყურებ დღევანდელი ხელისუფლების განწყობას - ვხედავ გასაოცარ ქარაფშუტობას"

"რა პოლიტიკური, სოციალური და საზოგადოებრივი წყობაც არ უნდა იყოს რუსეთში, მისი მეთოდები, ინსტრუმენტები და მიზნები საგარეო პოლიტიკურ არენაზე არ იცვლება"

"არ მჯერა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთის ამისთანა ქცევა არ დაისჯება"

"დასავლეთს 2008 წლის "ქართული გაკვეთილი" გათავისებული რომ ჰქონოდა, 2014 წელი არ მოხდებოდა"

"ხელისუფლება ქართველ ხალხს დაჰპირდა ოლიგარქიულ კომუნიზმს, მერე აღმოჩნდა, რომ არც ერთი დაპირების შესრულება არ მოხდება და გაჩნდა ცდუნება, რომ ყურადღება სხვა თემებზე გადაიტანონ"

"აშშ-ს პრეზიდენტის ვალდებულება არ არის, ეს ახსოვდეს. ჩვენი დიპლომატიის ვალდებულებაა, ისე იმუშაოს, რომ არც ერთ დასავლელ ლიდერს ეს არ დაავიწყდეს"

"დღევანდელი გამოწვევების ფონზე ყველაზე მეტად იმის უნდა გვეშინოდეს, რომ საქართველო ისევ ორადაა გახლეჩილი"

"პრემიერს" ესაუბრა საქართველოს საგარეო საქმეთა ექსმინისტრი, საზოგადოება "ივერიის" დამფუძნებელი გრიგოლ ვაშაძე:

- უკრაინის მოვლენების ფონზე საქართველოში მიმდინარე პროცესები საკმაოდ დამაბნეველია. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხდება საზოგადოების დემორალიზება, ყურადღების გადატანა სხვა თემებზე და ამ დროს სამშობლოს დაკარგვის რეალური საფრთხის წინაშე ვდგავართ.

- დავიწყოთ იმით, რომ იმ სამყაროში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრმა (რუსეთი. - ავტ.) 2008 წელს დაწყებული საქმე გააგრძელა და მეორეჯერ განახორციელა ღია აგრესია სუვერენული სახელმწიფოს წინაშე, სუვერენული ტერიტორიის ძალიან დიდი ნაწილის მიტაცებით. უნდა გვესმოდეს, რომ არც ერთი სახელმწიფო, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ წარმოქმნა, და მით უმეტეს საქართველო არ არის დაზღვეული აგრესიისგან. როდესაც ვუყურებ საზოგადოების განწყობას, ვხედავ ძალიან დიდ შეშფოთებას, როდესაც ვუყურებ დღევანდელი ხელისუფლების განწყობას, ვხედავ გასაოცარ - ვერ დავარქმევ სიმშვიდეს, იმიტომ რომ სიმშვიდე შეიძლება საკუთარ თავში დაჯერებულ ადამიანს ჰქონდეს - გასაოცარ ქარაფშუტობას. ტელევიზორით ახალი ამბების ყურებისას ყველაზე მნიშვნელოვანი უწყებების ხელმძღვანელები - მინისტრები გვიცხადებენ, ნუ ნერვიულობთ, ყველაფერი კარგად არისო. უნდა განვმეორდე: ორი მიზეზი შეიძლება იყოს ამისთანა "მსუბუქი ყოფაქცევისთვის" - ერთი ის, რომ ქართული კომუნალური ბინა #41-ის მკვიდრებმა იმისთანა რეზერვები აღმოაჩინეს ჩვენს სამშობლოში, რომელზეც არც ერთს აქამდე წარმოდგენა არ გვქონდა და მეორე - მათ რუსეთთან აქვთ იმისთანა შეთანხმება, რომელზეც არც საზოგადოებამ იცის არაფერი და არც ჩვენმა მოკავშირეებმა. ორივე ფანტაზიის სფეროდანაა ხომ? მაშინ გამოდის, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანებზე, რომლებსაც, უბრალოდ, არ ესმით, რა ტექტონური ძვრები გამოიწვია რუსეთის შეიარაღებულმა სამხედრო აგრესიამ ყირიმში. და კიდევ, ერთი რაღაც მინდა ვთქვა: თუ დღეს ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებსაც არ ესმით, რომ მათ აქვთ ძალიან პატარა ლუფტი - დღეიდან 25 მაისამდე, სანამ უკრაინაში ჩატარდება, ან არ ჩატარდება არჩევნები, მაშინ ჩვენ კლინიკურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. რუსეთს, უბრალოდ, არ სცალია დღეს საქართველოსთვის, დანარჩენი პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის. მთელი ყურადღება მას მიმართული აქვს 25 მაისისკენ. მას ორი ამოცანა აქვს - ან არ ჩაატარებინოს არჩევნები იმისთვის, რომ გააგრძელოს უკრაინის ხელისუფლების მარგინალიზაცია, ვითომ ეს არის არალეგიტიმური ხელისუფლება, ან დასავლეთი მიიყვანოს იმ ზომამდე, რომ დაითანხმოს ეგრეთწოდებულ ფედერალიზაციაზე - რაც მომავალი შეიარაღებული აგრესიისთვის "სამართლებრივი" საფუძვლის შექმნაა.

- დასავლეთი ახსენეთ და როგორ ფიქრობთ, რამდენად უნდა გრძნობდეს დასავლეთი საკუთარ პასუხისმგებლობას ყირიმთან დაკავშირებით?

- დასავლეთი ჩვენი მთავარი მოკავშირეა და ჩვენ, საქართველოს, ქართველ ხალხს ყოველთვის გვექნება მადლიერების გრძნობა მათ მიმართ, თუმცა ისიც გავითვალისწინოთ, რომ არ ჩვენ დაგვიკლია არაფერი ჩვენი სამშობლოს დასაცავად. მაგრამ ფაქტებს შევხედოთ თვალებში. მეორედ - პირველად 2008 წელს - დასავლეთის დემოკრატიული სამყაროს ყველა ქვეყანა და მათი გაერთიანებები აბსოლუტურად მოუმზადებელი აღმოჩნდა რუსული აგრესიის წინაშე.

- როდესაც ჰიტლერმა დაიწყო მარში მეზობელ სახელმწიფოებზე, პარიზსა და ლონდონში ამ ყველაფერს საკმაოდ მშვიდად უყურებდნენ...

- მართალი ხართ, ანუ ჯერ დავამშვიდებთ რეინის საარის რეფერენდუმით, მერე დავამშვიდებთ რეინის დემილიტარიზებული ოლქის რემილიტარიზაციით, მერე დავამშვიდებთ ავსტრიის ანშლუსით, მერე დავამშვიდებთ სუდეტებით, მერე ჩეხოსლოვაკიით, მერე პარიზში ჩავიდნენ. თქვენი თქმის არ იყოს, აბსოლუტურად მოუმზადებელი აღმოჩნდა დასავლეთის ქვეყნების დაზვერვები. აბსოლუტურად მოუმზადებელი აღმოჩნდა დასავლური შეიარაღებული ძალები და აბსოლუტურად მოუმზადებელი აღმოჩნდა დასავლური დიპლომატია. ფიგურალურად რომ ვთქვათ, ჩვენ საქმე გვაქვს ასეთ ვითარებასთან - კონსერვატორიის 28 სტუდენტთან, რომლებიც ბნელ ეზოში გადააწყდნენ "კანონიერ ქურდს", რომელსაც ერთ ხელში "კასტეტი" აქვს, მეორეში კი იარაღი უჭირავს. და სტუდენტებმა ახლა არ იციან, თავიანთი ალტებითა და ვიოლინოებით, რა უნდა ქნან.

- ხომ არ შეიძლება საკითხი ასეც დავსვათ: დასავლეთს აქვს თავისი პრობლემები, მას უნდა მშვიდი ცხოვრება და არ სურს, აიტკივოს თავი. ამავე დროს, სულაც არ არის გამორიცხული, რომ რუსეთისგან მიღებული თუ მისაღები "სიკეთეებისთვის" დასავლეთი ერთგვარად ხარკს იხდიდეს და ნაწილ-ნაწილ აბარებდეს სხვა სახელმწიფოების ტერიტორიებს.

- არ მჯერა მე ამის. 1991 წლიდან, როდესაც კრემლზე დაეშვა საბჭოთა კავშირის დროშა და აღიმართა რუსეთის ფედერაციის დროშა, იმ დღიდან დასავლეთს - დემოკრატიულ სამყაროს არ შეუწყვეტია მცდელობა, რომ რუსეთი რამენაირად გაეხადა ცივილიზებული სამყაროს ნაწილი. აეხსნა მათთვის, რომ არავინ უქმნის საფრთხეს რუსეთის არსებობას. არავინ რუსეთის დანაწევრებას არ ცდილობს. რაც შეეხება ტერორიზმთან ბრძოლას, ეს ქვეყნები მოკავშირეები არიან. შესაძლებელია ისეთი ე.წ. მოდუს Vივენდ-ის (დროებითი შეთანხმება. - ავტ.) გამომუშავება, როდესაც რუსეთის ინტერესები იქნება დაცული და რუსეთი გააგრძელებს იმ დემოკრატიული სამყაროს გაერთიანებების ლიდერების წევრობას - იგივე "დიდი რვიანი", ან "დიდი 20" და ასე შემდეგ. მაგრამ ძალიან მწარე სიმართლის გათავისება მოუწევთ ჩვენს მეგობრებს, განსაკუთრებით დასავლეთ ევროპაში, იმიტომ რომ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპას ეს მშვენივრად ესმის - რა პოლიტიკური, სოციალური და საზოგადოებრივი წყობაც არ უნდა იყოს რუსეთში, მისი მეთოდები, ინსტრუმენტები და მიზნები საგარეო პოლიტიკურ არენაზე არ იცვლება.

- ისე, დასავლეთის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ღიმილისმომგვრელია. მოდით, ერთი ფაქტი გავიხსენოთ - 2008 წლის 14 აგვისტოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მსოფლიოში ახალი პოსტამერიკული რეალობა შეიქმნა. ამით ხაზი გაუსვა, რომ აშშ-მ მსოფლიო ჰეგემონია დაკარგა და მომავალში ერთპოლუსიანი სამყარო აღარ იარსებებდა. ამავე დროს, იმავე ლავროვის მთელი ოჯახი ცხოვრობს აშშ-ში. ვაშინგტონი სანქციებს უწესებს ცალკეულ პოლიტიკოსებს და არ ეხება მათი ოჯახის წევრებს. ამ ადამიანებს აძლევს საკუთარი სიკეთეებით სარგებლობის უფლებას. ეს ყველაფერი ხომ არ ტოვებს იმის შთაბეჭდილებას, რომ აშშ თავად შეეგუა პოსტამერიკული სამყაროს არსებობას და მას არ აქვს რეალური გავლენები, რეალური ძალა. მოკლედ, რა სტანდარტებთან გვაქვს საქმე?

- როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ დასავლური დაზვერვა, შეიარაღებული ძალები და დიპლომატია მოუმზადებელი აღმოჩნდა, ეს არ ეხება მხოლოდ აგრესიის წინა პერიოდს ან მხოლოდ აგრესიის პერიოდს. ეს მიეკუთვნება აგრესიის შედეგებსაც. ყირიმი ოკუპირებულია, ყირიმის ანექსია მოხდა - ეს ფაქტია. ახლა გადასაწყვეტია, შერჩება ყირიმის ანექსია, როგორც შერჩა სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ თუ არ შერჩება. შემოიფარგლება დასავლეთი მარტო იმით, რომ ნატომ შეწყვიტა თანამშრომლობა რუსეთთან ან ნასამ, 23 კაცზე დაწესდა სანქციები და უკრაინას ნელ-ნელა მაგრამ მაინც გაუწევენ ფინანსურ დახმარებას? თუ ეს ასეა, ყირიმი ძალიან დიდხანს დარჩება ოკუპირებული. დე ფაქტო 26 ათასი კვადრატული კილომეტრი იქნება ოკუპირებული, დე იურე არავინ არ ვცნობთ ამას. გარდა იმ რამდენიმე სახელმწიფოსი, რომელმაც რუსეთთან ერთად მისცა ხმა გაეროს ასამბლეაზე უკრაინის რეზოლუციის წინააღმდეგ. და უკვე აღმოვჩნდებით მეორე სიტუაციაში, როდესაც რუსეთს ყველა საერთაშორისო ნორმისა და პრინციპების დარღვევით მიტაცებული აქვს სუვერენული ქვეყნის ტერიტორია. მე არ მჯერა, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში დასავლეთი ეფექტურ ზომებს მონახავს და აბსოლუტურად არ მჯერა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთის ამისთანა ქცევა არ დაისჯება.

- პუტინი გაჩერებას არ აპირებს. გაგახსენებთ, რომ დაიმუქრა კიდეც, თუ დნესტრისპირეთთან არ გვექნება კომუნიკაცია, ჩვენი ქმედებები იქნება ადეკვატურიო. დასავლეთი კი ამას, მომხდარის მიუხედავად, ძალიან მსუბუქად უყურებს.

- ჩვენ შეგვიძლია მივხვდეთ, რომ დასავლეთი, სერიოზულად განეწყო იმ ტრაგედიის მიმართ, რაც პოსტსაბჭოთა სივრცეზე ხდება, თუ დავინახავთ, რომ ის ატარებს შემდეგ ზომებს: 1. აეროფლოტის ფრენების აკრძალვა ყველა დასავლურ ქვეყანაში; 2. დასავლეთის ქვეყნებში შესასვლელი ვიზების გაცემის შეზღუდვა რუსეთის მოქალაქეებზე; 3. საბანკო ანგარიშების გაყინვა არა მარტო ფიზიკური პირებისთვის, არამედ ისეთი კომპანიებისთვისაც, რომელზეც ზის კრემლის მთელი ელიტა - "გაზპრომი", "როსნეფტი" და ა.შ. და კიდევ ერთი სერიოზული ღონისძიება, რამაც მოიტანა ყველაზე მთავარი შედეგი გასული საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს და 80-იანი წლების დასაწყისში - ახლო აღმოსავლეთში არაბული ქვეყნების მიერ ნავთობის ონკანის გახსნა. არაფერს არ აწარმოებს რუსეთი, მით უმეტეს არაფრის ექსპორტი არ ხდება, გარდა ნედლეულისა და წიაღისეულისა. აქედან თითქმის 95% ნავთობი და გაზი გახლავთ. ჩვენ მუდმივად გაზზე ვსაუბრობთ, იმიტომ, რომ გაზი არის პოლიტიკური შანტაჟის მთავარი ინსტრუმენტი, თუმცა რუსეთისთვის ბიუჯეტის შემავსებელი მთავარი ინსტრუმენტი ნავთობია. თუ დასავლეთი სერიოზული სანქციების შემოღებას გადაწყვეტს, მაშინ ეს ჩამონათვალია გასაკეთებელი, რაზეც ვსაუბრობთ.

- ამის რაღაც სიმპტომები არის, ანალიტიკოსებმა ნავთობის ონკანის შესაძლო გახსნას დაუკავშირეს ობამას ჩასვლა საუდის არაბეთში...

- არამარტო ეს. ზემოთ ხომ იყო თქვენი კითხვა - დაემშვიდობა თუ არა შეერთებული შტატები მსოფლიო ლიდერის როლს. იცით, რა? მე ამის კატეგორიულად არ მჯერა და ვიცი, რომ სწორიც ვართ. შეიძლება ცალკეული ლოგიკური არგუმენტების მოძებნა გამიჭირდეს, იმ რეალობიდან გამომდინარე, რასაც ვუყურებთ, მაგრამ არც ის დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ დემოკრატიულ ქვეყანაზე ვლაპარაკობთ, სადაც ადმინისტრაცია ორ წელიწადში შეიცვლება. აი, მერე დავილაპარაკოთ და ამ თემას დავუბრუნდეთ. ერთი რაღაც კი აუცილებლად მინდა ვთქვა - 2008 წლის გაკვეთილებმა დასავლეთს ჩაუარა ყოველგვარი შედეგის გარეშე. დასავლეთს 2008 წლის "ქართული გაკვეთილი" გათავისებული რომ ჰქონოდა, 2014 წელი არ მოხდებოდა. 2014 წლის გაკვეთილს თუ არ გაითვალისწინებენ, გარანტიას ვიძლევი, რომ ეს ყველაფერი ძალიან მალე სადმე გამეორდება. სად? ეს მარტო პუტინმა და მისმა გენშტაბმა იცის. სამხრეთი და აღმოსავლეთი უკრაინა ერთადერთი მიმართულება არ არის. არანაკლებ მნიშვნელოვანია სახმელეთო საზღვარი სომხეთთან და იქიდან ირანში. არანაკლებ მნიშვნელოვანია, დემოგრაფიული თვალსაზრისითაც კი, რუსული მოსახლეობა, რომელიც ყაზახეთის თითქმის 50% ტერიტორიაზეა დასახლებული და ჩვენ შეგვიძლია, გავაგრძელოთ ეს ჩამონათვალი.

- რეალურად საქმე ხომ არ გვაქვს დასავლეთის მიერ მისავე დეკლარირებული ფასეულობების უგულებელყოფასთან, ღირებულებების ღალატთან? ჩვენ ვხედავთ, რომ დასავლეთი ვერ ახერხებს, იყოს გარანტორი. უკრაინის შემთხვევაში თუნდაც 1994 წლის ხელშეკრულების. ჩვენ, ასევე, ვნახეთ, რომ მათ ვერ შეძლეს, დავეცავით სამხედრო აგრესიისგან, მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის აგვისტოში ჩვენთან ჩამოვიდნენ აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის პრეზიდენტები, სხვა პოლიტიკოსები

- თანადგომის გამოხატულებას მათ ნამდვილად ვერ წავართმევთ. გავიხსენოთ, ომი დასრულებული არც იყო, როდესაც ბატონი კემერონი ჩამოფრინდა. დამთავრებული კი არა, რუსები ჯერ კიდევ იგოეთამდე იდგნენ, როდესაც დასავლეთის ქვეყნების მაღალჩინოსნები ჩამოვიდნენ. მოდით, გავყოთ ღირებულებების ღალატი და არასწორი გათვლები, იმიტომ, რომ იმ ვარდისფერმა სათვალემ, რომელიც დასავლეთმა 91 წელს გაიკეთა და დაიჯერა, რომ... რამდენი სტატია გაქვს წაკითხული - ისტორია შეჩერდა, რომ დემოკრატიულმა ღირებულებებმა და ლიბერალურმა დემოკრატიულმა იდეოლოგიამ ყველგან გაიმარჯვა.

- იდეოლოგია ახსენეთ და ხომ არ არის ეს იდეოლოგიური ჭიდილი. რუსეთიც კაპიტალიზმს აშენებს, თუნდაც ავტორიტარიზმისა და დიქტატურის პირობებში.

- აი, აქ არ დაგეთანხმებით. იმას რაც რუსეთშია, ლიბერალურ და თავისუფალ ბაზარს ვერანაირად ვერ დაუძახებ. ეს არის კორპორაციული ეკონომიკა, ის, რაც პორტუგალიაში იყო სალაზარის დროს. როდესაც მთელი ქვეყნის ეკონომიკა იყო გაერთიანებული უზარმაზარ ჰოლდინგებში, რომელსაც სათავეში ედგნენ სახელმწიფოს მიერ დანიშნული ჩინოვნიკები. რუსეთში ასე ინსტიტუციონალიზებულად ჩინოვნიკს არ ნიშნავენ კომპანიების სათავეში, მაგრამ ხომ ვიცით, რომ ის მილიარდერები რეალურად ინიშნებიან. პუტინმა მათ ერთხელ უთხრა - თქვენ ილუზიები ნუ გექნებათ: вы назначенные нами управленцы. ამიტომ საქმე გვაქვს იდეოლოგიურ ომთან, როცა, ერთი მხრივ, არის ის, რასაც მართლა დემოკრატია ჰქვია, რასაც მართლა უმრავლესობის მართვა ჰქვია, რასაც მართლა ადამიანის უფლებების დაცვა და ხელისუფლების შტოების გაყოფა ჰქვია და სხვ. მეორე მხრივ კი - управляемая демократия. იდეოლოგია, რომელიც რუსეთში ჩამოყალიბდა. 2008 წლის 6 თებერვლიდან, როდესაც მე გადავკვეთე საგარეო საქმეთა სამინისტროს ზღურბლი და დასავლელ კოლეგებთან დავიწყე შეხვედრა - მათ ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ რუსეთის კრიზისი (პოლიტიკური, სამხედრო, დემოგრაფიული, სოციალური) განპირობებულია, უპირველეს ყოვლისა, იმით, რომ არ არსებობს ნაციონალური იდეოლოგია. მაგრამ თუ ეს იდეოლოგია მოინახა, ეს იდეოლოგია აუცილებლად იქნება დაფუძნებული ნაციონალიზმზე, იმიტომ რომ სხვა არაფრის შეთავაზება არ შეუძლია ხელისუფლებას და არ უნდა მოსახლეობას. ასე აგიხდეს ყველაფერი.

- თქვენ პუტინის ფრაზა გაიხსენეთ - вы назначенные нами управленцы. მაგრამ მე ახლა გაგახსენებთ ექსპრემიერ ივანიშვილის ფრაზას პრეზიდენტად და პრემიერად კარგი მენეჯერების შერჩევაზე. რაღაც სიმპტომატური პარალელია. ანუ ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ მენეჯერები ვერ ათვითცნობიერებენ რეალურად ქვეყნის მთავარ საფრთხეებს, არ აქვთ გააზრებული, რომ ამ ქვეყანაში მთავარი იდეოლოგია თავისუფლება და დამოუკიდებლობაა. ამის თქმის საბაბს ისიც მაძლევს, რომ თუნდაც პუშკინის სკვერში გაშლილი რუსული დროშა ჩემთვის, და არამხოლოდ ჩემთვის, ყველაზე დიდი შეურაცხყოფაა. თუნდაც თქვენი მოწოდება - "არა კოლაბორაციონიზმს!", ხომ ეფუძნება რეალური საფრთხის განცდას. ამ პირობებში კი მენეჯერები უამრავი სხვა ტექნიკური საკითხით არიან დაკავებულნი. ამ ქვეყანაში სახელმწიფოს ინტერესებს იცავს ვინმე?

- ისე ხდება, რომ თითქოს საქართველოში ბოლო 100 წლის განმავლობაში არავის არ მოუკლავს 15 ათასი ქართველი, არ გადაუქცევია საქართველოს 350 ათასი მოქალაქე დევნილ და იძულებით გადაადგილებულ პირად. არ ვიცი, რა კრიტერიუმებით ირჩევდნენ იმ "ამხანაგებს" ახლა რომ უწყებებს ხელმძღვანელობენ. სიმართლე გითხრა, არც მაინტერესებს. მე, როგორც კერძო მოქალაქეს, მაინტერესებს მხოლოდ მთავრობის მუშაობის შედეგი. ეს ნაცნობობით დაინიშნა, ერთად სწავლობდნენ უნივერსიტეტში, შვილივით გამოზარდა თუ რა - ეს ჩემი საქმე არ არის. ნეპოტიზმს თუ არ აქვს ადგილი, როგორც უნდა, ისე დანიშნონ. მაგრამ წელიწად-ნახევრის შემდეგ, ჩვენ ვხედავთ, რომ საქმე გვაქვს ადამიანებთან, რომელთაც უნარი არ აქვთ, ანალიზი გაუკეთონ დღევანდელ სიტუაციას, გამოიტანონ აქედან დასკვნები და მოემზადონ შესაძლო განვითარებებისთვის და ამას ჩვენ ვხედავთ 2012 წლის 25 ოქტომბრიდან - როდესაც ერთიმეორის მიყოლებით გვაქვს წარუმატებლობები. მარტივი შეკითხვები მაქვს - ეუთოში ჩვენ მისია გვყავს თუ არა? თუ ჩვენ მისია გვყავს, როგორ შეიძლება 100 არჩეულ დამკვირვებელში, რომელსაც ეუთო უკრაინაში აგზავნის, არც ერთი ქართველი არ იყოს? როგორ შეიძლება, რომ მიუნხენის შარშანდელი კონფერენციის შემდეგ, არც ერთ დასავლელ ლიდერს კრიზისებზე, რუსეთთან უთანხმოების საუბრის დროს არც ერთხელ არ უხსენებია საქართველო? ეს ხომ ჩაჭედებული გვქონდა ლურსმანივით. როდესაც დასავლელი ლიდერები მოსკოვში ვიზიტებისას ან რუსი მაღალჩინოსნები დასავლეთში ვიზიტებისას საერთო კომუნიკეს აქვეყნებდნენ, იქ ყოველთვის იყო - ამაზე მოვილაპარაკეთ, ამაზე შევთანხმდით, ამაზე ერთად ვიმუშავებთ, მაგრამ რჩება ერთი უთანხმოების საგანი, რომელიც არის საქართველოს სუვერენული ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია. შარშან მიუნხენის კონფერენციის შემდეგ არავის არ უხსენებია ეს საკითხი. ე.ი. არ ვმუშაობთ ხომ? გამოდის აშშ-ს პრეზიდენტი კონფერენციაზე და აქ მე მიყვებიან, რომ რომ არანახული წარმატების ვიზიტი ჰქონდა თურმე აშშ-ში. ეს ადამიანები - დასავლელი ლიდერები პრესკონფერენციისთვის ჩვენი ხელისუფლებისგან განსხვავებით, ემზადებიან.

- ანუ ღარიბაშვილის წარმატებული ვიზიტის შემდეგ ობამას განცხადებას გულისხმობთ ნატოში ინტეგრაციაზე?

- როდესაც ადამიანს აღარ ახსოვს, რა განსხვავებაა საქართველოსა და უკრაინას შორის. არ ახსოვს ფორმულირება - ეს მე მესმის. აშშ-ს პრეზიდენტის ვალდებულება არ არის, ეს ახსოვდეს. ჩვენი დიპლომატიის ვალდებულებაა, ისე იმუშაოს, რომ არც ერთ დასავლელ ლიდერს ეს არ დაავიწყდეს. 5 წელი შეგვიძლია მოვიტანოთ მაგალითად ჩვენ, რომ არც ერთს არ ავიწყდებოდა. და ახლა უკვე აღარ ახსოვთ, რომ უკრაინამ 2010 წლის 3 ივნისს მიიღო რადას დადგენილება, რომლითაც კატეგორიული უარი განაცხადა რომელიმე სამხედრო პოლიტიკურ ბლოკში შესვლაზე. საქართველო, პირიქით, ერთ-ერთი ასპირანტი ქვეყანაა და ძალიან ბევრი მონაცემებით მაპ-ისთვის კი არა, წევრობისთვისაა მზად.

- ობამას განცხადების შემდეგ იყო რასმუსენის განცხადება და ეს რას მიანიშნებს?

- ოსტაპ ბენდერის არ იყოს - спасение улетающих дело рук самих утопающих. შენ თუ არ მუშაობ და მუდმივად არ ელაპარაკები შენს მოკავშირეებს, შენს პრობლემატიკაზე ისინი არ დაგიწყებენ ლაპარაკს, ყველას თავისი ათი ათასი პრობლემა აქვს. შენი დიპლომატი წელიწად-ნახევარი თუ უმტკიცებს მთელ დასავლეთს, რომ ის კურსი, რომელსაც საქართველოს მთავრობა ატარებდა თქვენი მხარდაჭერით და თქვენთან ერთად, იყო მცდარი. ჩვენ ვიცით, როგორ ველაპარაკოთ რუსებს, თქვენ არ იცოდით არც ერთმა, ჩვენ ვიცით და ნახეთ, რა შედეგებს მივაღწევთ - შედეგები ნათელია. დასავლეთმა წელიწად-ნახევრის შემდეგ ეს მესიჯი ძალიან კარგად გაითავისა. იქნებ მართლა იცის ამ ხალხმა ის, რაც ჩვენ არ ვიცით.

- ამ ყველაფრის ფონზე გვაქვს ორი მოცემულობა, როდესაც კოლაბორაციონიზმს ხელისუფლების მხრიდან კარტბლანში აქვს მიცემული და ამ ადამიანებთან პოლიტიკურ კი არა მორალურ კონტექსტშიც არავინ შედის ოპონირებაში. და მეორე, რეალური საფრთხის არსებობის პირობებში ხელისუფლება კვლავ აგრძელებს საზოგადოების კვებას "დაჭერობანებით". თითქოს წინასწარ ემზადება დამარცხებისთვის.

- იცით, რა არის? კერძო მოქალაქემ, აი, როგორიც ჩვენ ვართ, მთავრობას უნდა მოსთხოვოს სამი პრინციპული რაღაც: წინა მთავრობის შეცდომებისა და დადებითი გამოცდილების გაანალიზება; დღევანდელი რეალობის კარგად შესწავლა; იმ დასკვნის გამოტანა, სად გინდა იყო შემდეგ საპარლამენტო ან საპრეზიდენტო არჩევნებში და რა ინსტრუმენტებით აპირებ ამის გაკეთებას. ეს არის ჩვენი ურთიერთობა ხელისუფლებასთან. ხელისუფლება ქართველ ხალხს დაჰპირდა ოლიგარქიულ კომუნიზმს, მერე აღმოჩნდა, რომ არც ერთი დაპირების შესრულება არ მოხდება და იმის მაგივრად, რომ მართლა რუსეთის მეხუთე კოლონას ეკამათონ, გაჩნდა ცდუნება, რომ ყურადღება სხვა თემებზე გადაიტანონ, რომელიც ძალიან მომგებიანად ეჩვენებათ. და ამ დროს, რასაც კვლევები ამტკიცებს, როგორია საზოგადოების განწყობა - ყოველ შემთხვევაში იმ ნაწილის, რომელთანაც მე მაქვს კონტაქტი - ის ხალხი, ვინც ძალიან პოზიტიურად და ნეიტრალურად იყო განწყობილი ამ ხელისუფლებისადმი, ახლა უკიდურესადაა გაღიზიანებული. იმიტომ რომ ყველა ხედავს გამოწვევებს. ეს არის საგარეო საფრთხეები, რომლის წინაშეც ვდგავართ. ეს არის კატასტროფული მდგომარეობა ეკონომიკაში, რომელიც მემკვიდრეობით გადადის ერთი ხელისუფლებიდან მეორესთან. მოდით ახლა პატიოსნად ვთქვათ, უმუშევრობა სააკაშვილმა გააჩინა საქართველოში? მანამდე 100%-იანი დასაქმება გვქონდა? ყველას ჰქონდა ხელფასი და ყველა მუშაობდა? არ ვიცი, ხელისუფლება რის დამტკიცებას ცდილობს თავის თავისთვის იმით, რომ ზურაბ ჭიაბერაშვილსა და გიგა ბოკერიას დაკითხვაზე მიიყვანს. არაფერი ყურადღება ამაზე აღარ გადადის, იმიტომ რომ ეს გახდა ტრივია. ამას ისე მიეჩვია ყველა. დღევანდელი გამოწვევების ფონზე ყველაზე მეტად იმის უნდა გვეშინოდეს, რომ საქართველო ისევ ორად არის გახლეჩილი - იდეოლოგიურად, მენტალურად და ფსიქოლოგიურად, ჩვენ არ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც შეუძლია რეალობის გაანალიზება - აქედან დასკვნების გამოტანა და შესაბამისი მოქმედება და ამ ორი მიზეზიდან გამომდინარე ქვეყანა არ არის მზად გამოწვევებზე საპასუხოდ.

გოჩა მირცხულავა, გაზეთი "პრემიერი"

 

ავტორი: . .