ENG / RUS       12+

რამაზ საყვარელიძე: ბარაკ ობამამ იმ ქვეყნებს, რომლებიც დასავლეთის პოზიციას იზიარებენ რუსეთის აგრესია ააცილა

რესპოდენტის შესახებ

აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას განცხადებით, ნატოს დაუყოვნებელი გაფართოების გეგმა დღის წესრიგში არ დგას. "არც უკრაინა და არც საქართველო ამჟამად არ დგანან ნატოში გაწევრიანების გზაზე. არ ყოფილა და არ არის ნატოს დაუყოვნებელი გაფართოების გეგმა", - განაცხადა ობამამ. მისივე თქმით, აშშ-სა და ევროკავშირს სურთ, ალიანსის არაწევრი ქვეყნებიდან მხარდაჭერა გაუწიონ იმ სახელმწიფოებს, რომლებიც იზიარებენ დასავლეთის პრინციპებს და იდეალებს. საპარლამენტო უმრავლესობა აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს და მას რეალისტურად აფასებს. კონკრეტულად რას გულისხმობს ობამას გზავნილი, როგორ შეიძლება განვითარდეს ნატო-საქართველო ურთიერთობა? ,,ჯი-ეიჩ-ენს" პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ესაუბრა.

_ ბატონო რამაზ, აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაში საპარლამენტო უმრავლესობა საგანგაშოს ვერაფერს ხდავს. თქვენი აზრით, რაზე მიუთითებს ბარაკ ობამას განცხადება და რას უნდა ელოდოს საქართველო მხარე ნატოს სამიტზე?

_ ნატოს დაგეგმილ სამიტზე პრინციპში წარმატება შესაძლებელია. თუ მაინც და მაინც ,,მაპი" გვინდა, შეიძლება დაისვას ეს საკითხი, თუმცა შეიძება სხვა ფორმებიც გამოინახოს. მაგრამ ,,მაპის" მიღებიდან ნატოს წევრობამდე საკმაოდ გრძელი გზაა კვლავ გასავლელი. ბარაკ ობამას განცხადებიდან გამოვიდა, ისე რომ, ნატო გაფართოვების ნაბიჯს იმიტომ არ დგამს , რომ რუსეთის აგრესია ააცილოს იმ ქვეყნებს, რომლებიც იზიარებენ დასავლეთის პოზიციას.

_ რუსეთი ყოველთვის მიწინააღმდეგე იქნება ნატოს გაფართოვების, მაშინ გამოდის, რომ საქართველო ალიანსში გასაწევრიანებლად ყოველთვის მოლოდინის რეჟიმში უნდა იყოს და მიზანს ვერ მიაღწიოს?

_ არ ვიცი რუსეთი ყოველთვის წინააღმდეგი იქნება თუ არა ალიანსის გაფართოვების.

_ რის გამო შეიცვლის რუსეთი პოზიციას?

_ რუსეთი ნატოს გაფართოების წინააღმდეგი არის იმიტომ , რომ მიაჩნია ალიანსი მისი მტერია. ისევე როგორც თქვენ არ გენდომებათ თქვენი მტერი მეზობლად დასახლდეს. თუმცა თუ აღმოჩნდება, რომ ის ვინც თქვენ მეზობლად უნდა დასახლდეს თქვენდამი კეთილგანწყობილია და ყოველ დილა-საღამოს ყვავილებს მოგართმევთ, მტრული რეაქცია აღარ გექნებათ. ამიტომ თუ შეიცვლება ურთიერთობა ამერიკა-ევროპა-რუსეთს შორის და ურთიერთობის შეცვლას მხოლოდ რუსეთის მხრიდან არ ვგულისხმობ ყველაფერი მოსალოდნელია. დასავლეთმაც დაუშვა მთელი რიგი შეცდომები, რომელთა ჯაჭვი კოსოვოდან იწყება. კოსოვოს საკითხმა საქართველოსაც დიდი პრობლემები შეუქმნა. რუსეთი როცა ხვდება, რომ მას ანგარიშს არ უწევენ, მის ჯინაზე მოქმედებენ თავადაც დიდი თვალები უხდება და იქცევა ისე როგორც მას სჩვევია_მოქმედებს ტანკებით, ჯარით.

_ განვლილ პროცესებს თვალს თუ გადავავლებთ დასავლეთი უწევს ყოველთვის ანგარიშს რუსეთს და არა პირიქით.

_ მას შემდეგ რაც რუსეთი რაღაც პირუტყობას გააკეთებს, მაგალითად, რაც საქართველოში 2008 წელს განახორციელა, რა თქმა უნდა, დასავლეთი დათმობაზე მიდის და მაშინაც აღშფოთებისა და შეშფოთების მეტი რუსეთს არაფერით უპასუხა. ახლაც ყირიმთან მიმართებით რუსეთმა 21 საკუნის პოლიტიკისთვის შეუფერებელი ნაბიჯი გადადგა და იმედი მაქვს, რომ დასავლეთი რუსეთის ნაბიჯებს სიფრთხილით უპასუხებს. სწორედ აღნიშნული სიფრთხილის გამოხატულება იყო ობამას რეპლიკა, როცა აცხადებს, რომ ნატოს გაფართოება არ იგეგმება, რადგან რუსეთთან სიფრთხილეა საჭირო. მაგალითისთვის, ეს პროცესი იმას გავს მთვარლ კაცს იარაღი რომ უკავია და ყველა ფრთხილობს არ გაისროლოს. შესაბამისად არარაციონალური რუსეთი იარაღით ხელში სიფრთხილის მიზეზი ხდება რაციონალური ევროპული სახელმწიფოებისთვის. რუსეთს რომ არ ჰქონდეს ამხელა ტერიტორია და იარაღი, არ გაუვიდოდა თავისი ქცევა, ამიტომ დასავლეთის სიფრთხილეც გასაგებია.

_ თუმცა რუსეთი ერთი სახელმწიფოა და მის წინააღმდეგ მთელი მსოფლიოა, ყველაფერს ხომ უნდა ჰქონდეს დასასრული?

_ ქართულ პოლიტიკურ პუბლიცისტიკას ბევრი დეტალი რჩება და ეშმაკიც სწორედ დეტალებშია_ პოლიტიკურ მსჯელობაში ეს ცნობილი ფრაზა სალომე ზურაბიშვილმა შემოიტანა. დეტალებში ვგულისხმობ იმას, რომ კერძოდ, მთელი მსოფლიო რუსეთის წინააღმდეგი არ არის. რუსეთის წინააღმდეგი არ არის ჩინეთი, აღმოსავლეთის ქვეყნები, თან დასავლეთისთვის ისეთი მნიშვნელოვანი სახელმწიფოები როგორიცაა სირია, ირანი. ასე რომ, რუსეთთან დაპირისპირება ნიშნავს ამ ქვეყნებთან ერთი მხრივ, დაპირისპირებასაც და მეორე მხრივ, იმ შანსის დაკარგვასაც, რომ რუსეთი დაეხმაროს დასავლეთს ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებთან ურთიერთობაში.

_ ქართული მხარე, სოჭის ოლიმპიადის შემდეგ, რუსეთის აგრესიულ ქმედებებს გააქტიურებას ელოდება. როგორ ფიქრობთ, აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას განაცხადების შემდეგ შესაძლებელია, რომ ეს ვარაუდი არ გამართლდეს?

_ მე ისედაც არ ვვარაუდობდი რუსეთისგან აგრესიული ქმედებების გააქტიურებას. არ ვარ იმ ავტორების რიცხვში, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებას ხელს მხოლოდ ტანკებით შეუშლის. რაც შეეხება უკრაინას, იქ პროცესები მოხდა არა იმიტომ, რომ იანუკოვიჩი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოსაწერად არ წასულიყო, პირიქრით შეიძლებოდა იანუკოვიჩი არ წასულიყო, შეიძლებოდა ყველაფერი ისე დამთავრებულიყო ევროპასთან მიმართებით კონტექსტში როგორც რუსეთს სურდა, მაგრამ პროცესი ყირიმამდე არ მისულიყო, ყოფილიყო მაიდანზე ხალხი, უფრო დიდხანსაც უნახავს უკრაინას მაიდანი ,,ფეხზე დამდგარი", არამედ მე მაინც მგონია, რომ რუსეთმა ურთიერთობა გაამწვავა მას შემდეგ რაც დაინახა დასავლეთის პოლიტიკურ მოღვაწეთა ღია გულშემატკივრობა უკრაინის მიმართ, თან კიევშივე. სწორედ ამაზე მისცა რუსეთმა რეაქცია, თუკი დასავლეთი ანტირუსულ განწყობილებებს მხარს ღიად უჭერსო, მაშინ მე პრორუსულ გავგრძელებო. სწორედ ამის შემდეგ წამოვიდა ყირიმის თემა. ამ კონტექსტში ყირიმის საკითხი გასაგები იყო, თორემ ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში უკრაინის თემა არ იცვლება.

_ გამოდის, რომ თქვენ უახლოეს თვეების განმავლობაში რუსეთ-საქართველო შორის ურთიერთობის გამწვავებას არ  ვარაუდობთ?

_ გააჩნია როგორ მოიქცევა დასავლეთი და როგორ მოვიქცევით ჩვენ, თუმცა მცირე დოზითაა ჩვენი წილი ამ პროცესში. სიმართლე გითხრათ, დამაიმედა ობამას განცხადებამ_ რუსეთი არ გავაღიზიანოთო, რადგან დასავლეთი რაც უფრო ჯიბრის პოლიტიკას გააგრძელებს რუსეთთან მიმართებით, რუსეთი მით უფრო არაპროგნოზირებად ქმედებებს განახორციელებს.

,,ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა მირანდა ნაბახტეველი.

ავტორი: . .