ENG / RUS       12+

მამუკა არეშიძე: ყირიმში შეიძლება საშინელება დატრიალდეს და ის აფხაზეთი-2 გახდეს

რესპოდენტის შესახებ

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე საგენტო „ჯი-ეიჩ-ენი"-სათვის მიცემულ ინტერვიუში ყირიმში ამჟამად მიმდინარე მოვლენების კომენტირებისას აცხადებს, რომ პრაქტიკულად ძალიან მცირე შანსია დარჩენილი იმისათის, რომ ყირიმი სამოქალაქო ომს ასცდეს.

ექსპერტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ უკრაინელებმა, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა სწორედ ის შეცდომა დაუშვეს, რომელიც თავის დროზე საქართველომ.

-მდგომარეობა ყირიმში დღითიდღე უფრო მძიმდება. სადამდე შეიძლება მივიდეს იქ ამჟამად არსებული სიტუაცია?

იმ შემთხვევაში თუ ადეკვატური არ იქნება კიევის დღევანდელი ხელისუფლება ეს ყველაფერი დასრულდება სამოქალაქო ომით.
სამწუხაროდ, ჩვენ გავიარეთ ეს ეტაპი 90-იან წლებში და ჩვენ ეს ყველაფერი გამოცდილი გვაქვს.

ჩვენ გვქონდა ჩვენს უკრაინელ მეგობრებთან არაერთი კონსულტაცია ამ წლების განმავლობაში, მათ შორის იმ მემარჯვენე ძალებთან, რომლებიც ახლა ხელისუფლების ერთ-ერთ სერიოზულ საყრდენს წარმოადგენს და მათ ყოველთვის ვეუბნებოდით - თუ ანალოგიური მოხდება თქვენთან ჩვენი შეცდომები არ გაიმეოროთ.

პირველი რაც გააკეთა ახალმა ხელისუფლებამ ის შეცდომა გაიმეორა ზუსტად - ეს იყო რუსული ენის აკრძალვა ყირიმში.

-მათი ადეკვატურობა რაში უნდა იყოს გამოხატული?

ადეკვატურობა იმას ნიშნავს, რომ უნდა ეყოთ ახლა სიბრძნე იმისათვის, რომ არ დაუშვან ახლა სამოქალაქო დაპირისპირება და თავისივე მიღებული გადაწვეტილება უკან უნდა წაიღონ - პირველი ნაბიჯი ეს არის. ეს ძალიან შეუწყობს ხელს სიტუაციის ჩაცხრომას.

მეორე - აუცილებელია რაც შეიძლება წარმომადგენლობითი ჯგუფი ჩავიდეს დეპუტატებისა ყირიმში, მათ შორის რეგიონების პარტიის წარმომადგებლებისა, რომლებიც ახლა რადაში მოღვაწეობენ ან მონაწილეობენ კენჭისყრაში და მხარს უჭერენ თუნდაც ახალი პრემიერის არჩევას. ისინი უნდა წავიდნენ აუცილებლად და ადგილობრივი რადას წევრებთან უნდა შეეცადონ, რომ სიტუაცია დაარეგულირონ.
მიუხედავად იმისა, რომ რასაკვირველია იქ პროვოკაციები იქნება, რომლებსაც რუსეთი შეუწყობს ხელს, დასავლეთი შეუწყობს ხელს, მოკლედ ყველა - ვისაც არ ეზარება.

თუ უნდათ უკრანის გადარჩენა ასე უნდა იმოქმედონ, უნდა იყვნენ რაც შეიძლება მოქნილნი და პოლიტიკურად გაწონასწორებულნი.
თორემ სხვა შემთხვევაში იქნება სამოქალაქო ომი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს უკრაინის დაშლა ან - არ გამოიწვიოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ყირიმი დაინგრევა - მოხდება ის რაც საქართველოს სხვა რეგიონებში მოხდა და ყირიმი შეიძლება გახდეს აფხაზეთი-2 თავისი ფინალით სხვათაშორის.

-ახლა სასწრაფო მოქმედებებია საჭირო, თუმცა აქამდე კიევიდან ყირიმში არავინ ჩასულა და არც იმის ნიშნები ჩანს, რომ კანონის გაწვევა აპირებს ვინმე...

-ტურჩინოვმა გუშინ განაცხადა, რომ ის აპირებს ჩავიდეს ყირიმში და დაიწყოს სიტუაციის დალაგება, თუმცა ტურჩინოვი მხოლოდ არ ეყოფა ამ საქმეს, მით უმეტეს, რომ ტურჩინოვი მაინდამაინც პოპულარობით არ გამოირჩევა ყირიმში.

საჭიროა ისეთი ხალხი ჩავიდეს ვისაც ავტორიტეტი და პასუხსმგებლობა აქვს. იქ ისეთი ხალხი უნდა ჩავიდეს, რომლებსაც შეეძლებათ სწორად ლაპარაკი ადგილობრივ სხვა და სხვა ტიპის ორგანიზაციებთან და რასაკვირველია პირველ რიგში რადას წევრებთან.

თორემ სამოქალაქო ომი იქ აუცილებლად იქნება. იქ არის დაახლოებით ორი ერთზე ძალთა შეფარდება რუსების სასარგებლოდ, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ უკრაინულ-თათრული ადგილობრივი მოსახლეობა ბევრად უფრო ორგანიზებულია, ვიდრე რუსები და იქ საშინელება დატრიალდება.

-დროში რამდენად გაწელილი იქნება ეს ყველაფერი? მივლენ კი ისინი 25 მაისს დანიშნულ რეფერენდუმამდე?

ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ არ მივიდნენ. სხვათაშორის ამაში მარტო რუსეთი არ იქნება დამნაშავე. ზოგიერთი დასავლური ძალაც იქნება დამნაშავე, რომელსაც მიუხედავად ოფიციალური განცხადებებისა, რომ არ უნდათ ესკალაცია - ყირიმში არსებობს ძალები, რომლებსაც უნდათ ესკალაცია. თუნდაც იმიტომ, რომ რუსეთი საბოლოოდ იქნეს გაძევებული ყირიმიდან და მეორეს მხრივ ასე ვთქვათ აიძულონ რუსები სამოქალაქო ომში ჩაებას.

მოსკოში არ ვიცი რა გადაწვეტილებას მიიღებენ, მაგრამ რუსულ ელექტრონულ მედიაში გამოსული პირების რიტორიკით თუ ვიმსჯელებთ, პრაქტიკულად სამხედრო ესკალაცია მიდის და რუს მოსახლეობას, არა მარტო რუსეთში არამედ უკრაინაშიც პირდაპირ ეუბნებიან, რომ ჩვენ ყველანი ჯარების შეყვანის მომხრე ვართ.

მარტივად რომ ვთქვათ რუსეთი არ დათმობს?

რუსეთი არ დათმობს, მაგრამ როგორც ჩანს, არც დასავლეთი არ დათმობს და ამიტომ არის, რომ თვითონ უკრაინელებმა, უკრაინის მოქალაქეებმა უნდა გამოიჩინონ სიბრძნე , რომ სიტუაცია იქნებ გადააჩინონ.
სხვათაშორის ძალიან ცოტა შანსია იმისა, რომ სიტუაცია გადარჩეს.

 

ავტორი: . .