ENG / RUS       12+

ზაზა ბიბილაშვილი: დარწმუნებული ვარ, მოქალაქეები არ დაუშვებენ, რომ ``ოცნებამ`` ისევე მოგვატყუოს, როგორც იანუკოვიჩმა მოატყუა უკრაინელი ხალხი

რესპოდენტის შესახებ

„ჯი-ეიჩ-ენის" კითხვებს, იურისტმა ზაზა ბიბილაშვილმა უპასუხა


- ზაზა, უცნაურად ვითარდება ქვეყანაში მოვლენები. ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ ქართულ პოლიტიკას დინამიურობა აკლია. ასეც რომ იყოს, ქართულ პოლიტიკას ნამდვილად არ აკლია არათანმიმდევრულობა, რაც მეტწილად პურის გარეშე სანახაობას უფრო ემსგავსება და ეს სანახაობაც საკმაოდ მდარე ხარისხისაა. რა გვჭირს, გემოვნება დაგვიქვეითდა თუ პური გახდა იმდენად საოცნებო, რომ სანახაობის თვალის მისადევნებლად ვერ ვიცლით?

- მოვერიდები ამჟამინდელი პოლიტიკური რეალობის განზოგადებას, ვინაიდან გაცილებით მაღლი აზრის ვარ ქართველ ამომრჩეველზე, ვიდრე ეს დღევანდელობიდან შეიძლება გამომდინარეობდეს. ზოგადად, ქართველ ამომრჩეველში სწორედ მაქსიმალიზმია დასაფასებელი. მაქსიმალიზმი დიდწილად წინა ხელისუფლების მმართველობის შედეგია, რომლის პირობებშიც ადამიანებმა დაიჯერეს, რომ ქვეყნის განვითარების ტემპებიდან გამომდინარე, ჩვენი ხელისუფლება უმაღლესი მსოფლიო სტანდარტებით უნდა განგვესაჯა. „ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის წელიწადნახევარმა რეალობაში დაგვაბრუნა და გაგვახსენა, რომ ამგვარი მაქსიმალიზმისთვის საფუძველი არ არსებობს. ყველაფერი ის, რაც გარანტირებული გვეგონა, კონკრეტული ადამიანების ცოდნისა და ძალისხმევის შედეგი ყოფილა და არა „21- საუკუნის" მიერ თავისით მოტანილი სიკეთე.

ახლა, როცა მისგან შედეგებს ითხოვენ, ივანიშვილი მოგვიწოდებს, მისი ხელისუფლება ყველაზე დაბალი სტანდარტით განვსაჯოთ. პრინციპში, ამისთვის ობიექტური საფუძველი არსებობს - კომპეტენციით, ღირებულებებით, ხედვით, ამბიციებისა და შესაძლებლობების დისბალანსით, „ოცნება" მართლაც უდაბლესი სტანდარტების მისადაგებას იმსახურებს. თუმცა, ის ამ უდაბლესი სტანდარტითაც კი ვერ ართმევს თავს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. ამრიგად, „ოცნებას" - რომლის მმართველობა ჭორებს, უმეცრებას, ზიზღს, უკეთეს შემთხვევაში დანაშაულებრივ გულგრილებასა და მიამიტობას ეფუძნება - დიდი არჩევანი არ გააჩნია. ოპოზიციის მიმართ ზიზღის გაღვივება და შენარჩუნება მისი პოლიტიკური სიცოცხლისუნარიანობის გახანგრძლივების ერთადერთი გზაა. პოზიტიური შედეგები, რომლითაც „ოცნების" შეფასებას შევძლებდით, უბრალოდ არ არსებობს. მეოცნებე ხელისუფლების აზროვნების დიაპაზონისა და უნარების გათვალისწინებით, მის პირობებში პოზიტივის ლოდინი დიდი მიამიტობა იქნება. საბედნიეროდ, დღეს ძალიან ბევრი ნამდვილი მოქალაქეა ამ ქვეყანაში - არა ისეთი, როგორიც ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი. დარწმუნებული ვარ, ეს მოქალაქეები არ დაუშვებენ, რომ „ოცნებამ" ისევე მოგვატყუოს, როგორც იანუკოვიჩმა მოატყუა უკრაინელი ხალხი.

- შეიძლება უადგილოც არის ეს გადასვლა, მაგრამ საზოგადოების ერთმა ნაწილმა მერაბიშვილი-ჭიაბერაშვილის საქმეზე გამოტანილი განაჩენი სანახოაბის ნაწილად მიიჩნია. სხვებმა კი დამსახურებულ სასჯელად. შენ როგორც იურისტი და პოლიტიკურ პროცესებში მონაწილე ადამიანი, როგორ შეაფასებ სასამათლოს გადაწყვეტილებას?

- პარადოქსია - ასეულობით ვაჟკაცის ქუჩაში დამხვრეტი, ათასობით ქართველის უკვალოდ გამქრობი და 24 ათასი ადამიანის მწამებელი მონსტრი ციხეში დასაქმების სახელმწიფო პროგრამის არამიზნობრივი გამოყენებისთვის ზის... გავიხსენოთ, საქართველოს ნომინალურმა მმართველმა ღარიბაშვილმა თქვა, რომ მერაბიშვილი „ძალიან კარგად ზის და ძალან კარგად იჯდება". ცხადია, რომ მერაბიშვილი, ახალაია და სხვები, ვინც 9 წლის მანძილზე წარმატებით ებრძოდნენ რუსეთს, დღეს ივანიშვილის პირადი პატიმრები არიან. ეჭვი არ მეპარება, რომ რაც უფრო დიდ ხანს იჯდებიან ეს ადამიანები ციხეში, მით უფრო ცუდად დაასრულებს თავად ივანიშვილი.

- არის მოსაზრება, რომ ეს განაჩენი ნეგატიურ გავლენას მოახდენს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზეც. დავიჯეროთ, რომ მერაბიშვილი ფაქტორი საქართველოსთვის ტიმოშენკოს ფაქტორის იდენტური იქნება?

- ასეთი რისკი არსებობს. საფრთხე საკმაოდ რეალურია. სამწუხაროდ, საქართველოს კოლაბორაციონისტული ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ დასავლეთმა თავად თქვას ჩვენზე უარი და დაგვტოვოს რუსეთთან პირისპირ. საბედნიეროდ, ყველაფერი ჩვენს ხელშია. ამის შთამაგონებელ მაგალითს გვაძლევს მოძმე უკრაინელი ერი. ჩვენ უნდა განვაგრძოთ ბრძოლა, არ უნდა მივცეთ საშუალება ხელისუფლების უმაღლეს შრეებში ინფილტრირებულ რუსეთის ინტერესების გამტარებლებს საქართველო ევროინტეგრაციის რელსებიდან გადაიყვანოს. იმედია, უკრაინული მოვლენები კარგი პრევენციული გაკვეთილი იქნება პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ მან არ იფიქროს პროდასავლური კურსიდან გადახვევა და არ თქვას, ამ დაპირების შესრულებაც იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე მეგონაო. მან უნდა იცოდეს, რომ ეს არ გაუვა.

- „მოქალაქის" „დაბრუნებაზე" ბევრი ითქვა და დაიწერა. ერთია რამდენად შეძლებს „მთავარი მოქალაქე" ახალი ჯიშის ქართველის გამოყვანას და გნებავს რამდენად მიიღებს ხელოვნულად შექმნილ ექსპერტების კლასს საზოგადოება, მაგრამ მეორეა მედიისადმი დამოკიდებულება. ღიად ნათქვამი - „მედიის კონტროლი". რამდენად ჯდება ეს კონტროლი დემოკრატიულ ფასეულობებში?

- მართლაც კომიკური სიტუაციია. ყველა ის კლიშე, რომელსაც ერთმორწმუნე მტრის სპეცსამსახური წლების მანძილზე კულტივირებდა თავისი ქართულენოვანი ბეჭდვით მედიის საშუალებით - „სააკაშვილი გიჟია", „ერთი ადამიანის ჭკუაზე დავდივართ", „ამათ ახალი ქართველის გამოყვანა უნდათ" - ივანიშვილის პირობებში რეალობად იქცა: ქვეყნის სათავეში მოვიდა ადამიანი, რომლის ფსიქიური ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, თქვენის ნებართვით, არ შევჩერდები. მთელი აღმასრულებელი ხელისუფლება და საპარლამენტო უმრავლესობა ამ ერთი ადამიანის ჭკუაზე დადის. დაბოლოს, რაც შეეხება სოციალურ ექსპერიმენტს, ეს ადამიანი პირდაპირ აცხადებს, რომ აქვს ამბიცია, ყველას ასწავლოს, როგორ იფიქროს, ილაპარაკოს და მოიქცეს... დარწმუნებული ვარ, ივანიშვილი ამას ვერ შეძლებს. ამას ჭირდება გაცილებით მეტი, ვიდრე „ჭარბი" ფული და კომპრომატების შექმნისა და გამოყენების უნარი -ორად ორი რამ, რაც მას უდაოდ აქვს. ორიგინალური არ ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ ექსცენტრიული ოლიგარქი, რომელიც ბოლო 20 წელია მხოლოდ ყურმოჭრილ მონების მერკანტილურ კეთილგანწყობას არის ჩვეული, ისე შორსაა შინაგანი დემოკრატიულობისგან, როგორც არც ერთი ქართველი ლიდერი დამოუკიდებლობის შემდეგ.

- ერთია რას გვთავაზობს ხელისუფალი, ან ჩვენს სინამდვილეში ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი ბატონი ივანიშვილი. მეორეა რამდენად ადეკვატურად რეაგირებს ყოველივეზე საზოგადოება. როგორ ფიქრობ, ვხვდებით კი ჩვენ იმას რას გვიპირებს ბატონი ივანიშვილი და ჩვენი რეაქცია არის შესაფერისი მის მოთხოვნაზე - არ გავაკრიტიკოთ?

- საბოლოო ჯამში, საზოგადოება ყოველთვის ადეკვატურად რეაგირებს, უბრალოდ რაციონალური ინფორმაციის ემოციურ ცოდნად გარდაქმნას გარკვეული დრო ჭირდება. ხალხს იმისთვის არ მიუცია ხმა, რომ ივანიშვილს მედია „აღეზარდა" ან 100 არსებული ინდმეწარმე 100 ახალ ქარხანად მოესაღებინა ჩვენთვის. მოქალაქეები მშვენივრად ხვდებიან, რომ ივანიშვილმა ისინი მოატყუა და გამოიყენა. ამ ცოდნის ემოციად ქცევას და შესაბამის ქმედებებში ასახვას დრო დაჭირდება, მაგრამ არც ისე დიდი დრო, როგორც ეს ბევრს თავიდან ეგონა.

- ამ კითხვის პასუხი საინტერესოა, როგორც სამართლებლივად ასევე პოლიტიკურად. ექსპრემიერიც და ამჟამიდელი პრემიერიც აცხადებენ, რომ მათ ყველა წინასაარჩევნო დაპირება შეასრულეს. ამ განცხადების შემდეგ არსებობობს პოლიტიკური ვალდებულება, რომ დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, თუ მომავალ არჩევნებმადე უნდა ველოდოთ ყოველწლიურად რამდენად ჯანსაღად გაირღვევა ბიუჯეტი, სხვა სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებს რომც წავუყრუოთ?

- მხოლოდ ამ უტიფარი ტყუილიდან ვადამდელი არჩევნების დანიშვნის ვალდებულება, ბუნებრივია, არ დგება. ის, რომ „ოცნებამ" თავისი ყველა წინასაარჩევნო დაპირება შეასრულა მის ყველაზე მიამიტ მომხრეებსაც კი არ ჯერათ. რეალურად, „ოცნებამ" მხოლოდ ორი დაპირება შეასრულა: განახორციელა სრულიად უპასუხისმგებლო და დანაშაულებრივი ამნისტია -განსაკუთრებით ე.წ. „პოლიტპატიმრების" ნაწილში და საქართველოს ოკუპაციის საკითხი მოხსნა საერთაშორისო დღის წესრიგიდან, რითიც დაგვტოვა მარტო ბარბაროსი მტრის პირისპირ.

ძალიან რთული და მნიშვნელოვანი პერიოდი გველის წინ. ჯერ იმ ეტაპზე ვართ, რომ ადამიანები, რომლებიც ალალად მოტყუვდნენ, ნელნელა აცნობიერებენ, თუ რამხელა შეცდომა დაუშეს, როცა ეს ბნელი, არაკეთილსინდისიერი ძალა მოიყვანეს ხელისუფლებაში. რაც უფრო მნიშვნელოვანია, დღევანდელი ოპოზიცია მშვენივრად ხვდება, რომ ეს ადამიანები ამ მძიმე არჩევანამდე გარკვეულწილად მისმა შეცდომებმა მიიყვანა. შესაბამისად, ნაციონალური მოძრაობა ვალდებულია ამომრჩეველი დაარწმუნოს, რომ შეცდომები გააზრებულია და მომავალში აღარ განმეორდება. მართალია „ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნით ჩვენ ვკარგავთ ძვირფას დროს და ხელიდან ვუშვებთ განვითარების შანსებს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება ეს უკეთესიც იყოს, თუ ამის შედეგად საკუთარ შეცდომებზე ვისწავლით და ცოდნას მომავალში გამოვიყენებთ.

- სიმართლე ვთქვათ, ჟურნალისტთა კორპუსი და ექსპერტები ცოტა არ იყოს დააბნია ივანიშვილის ამ ფრაზამ - "კონტროლი არ ნიშნავს მარტო კრიტიკას. თუ გააკონტროლე და დაინახე რომ კარგია, უნდა თქვა, რომ ეს კარგია და კარგად გააკეთა. ცუდია? -ცუდია! აი, ეს არის კონტროლი და არა ცარიელი კრიტიკა...". ანუ გასაგებად, გნებავს თუ არსებობს რაიმე სახის სამართლებლივი რეგულაციები, რომ აგვიხსნა რას გულისხმობდა ის ამ სიტყვებში და რა უნდა აკეთონ მედიამ და ექსპერტებმა, რომ ივანიშვილმა თქვას - „...ეს კარგია და კარგად გააკეთა"...

- ივანიშვილის სიტყვებზე სერიოზული მსჯელობა რთული ამოცანაა. ამიტომ, მოკლედ ვიტყვი - ამ სიტყვებით ივანიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არსებითად საბჭოთა ადამიანია. მისი ფრაგმენტული ცოდნა - თუ იმ ქაოსს, რომელიც მის თავშია, შეიძლება „ცოდნა" ეწოდოს - საბჭოთა აზროვნებაზე და კლიშეებზეა დაფუძნებული. ვიდრე ეს რეტროგრადი რუსი ოლიგარქი რაიმე როლს თამაშობს ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ეს იქნება მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი ქვეყნის განვითარებისთვის.

- სოციალურ ქსელში არაერთ ნაგეტიურ შეფასებას გადავაწყდი ცალკეული ექსპერტების მიმართ. „უნიჭო" რუსთვი 2" ის მიმართ კი უკვე დაიწყო „მიჯირყვნა" - „მიჭირხვნის" კამპანია. აშკარად თვალშისაცემია საზოგადოების პოლარიზაცია. ამ ვითარებაში რეალურად ვინ სცოდავს და რა გამოსავალი არსებობს რომ ეს სიძულვილი და „კუდიანებზე" დევნის კამპანია ქვეყნისთვის ფატალურად არ დასრულდეს? ანუ ვინ შეიძლება იყვიროს „რას შვებით ხალხო?" და ამით გამოგვაფხიზლოს.

- დიდი კურიოზია ივანიშვილის მიერ ვინმეს ნიჭიერებაზე ან უნიჭობაზე საუბარი - ღარიბაშვილზეც კი, რომელსაც თურმე ოლიგარქი თავისი ნიჭიერებით გაუკვირვებია. საქართველოს უახლეს ისტორიას არ ახსოვს ამგვარი - გამაოგნებად უვიცი, ეზოში დომინოს მოთამაშე ფილისტერის კატეგორიებით მოაზროვნე - ლიდერი...

უნდა გავაცნობიეროთ, რომ არავინ არაფერს შესძახებს, არავინ არაფერს იზამს ჩვენს მაგივრად. ყველაფერი ჩვენზე, თითოეულ მოქალაქეზეა დამოკიდებული. ყოველ ჩვენგანს თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს ქვეყნის, ანუ თავის მომავალზე. ახლა, როცა დასავლეთს არ ყავს ხერხემლიანი, იდეალისტი, ძლიერი ლიდერები - ისეთები, რომლებმაც თავის დროზე დაანგრიეს ბოროტების იმპერია - ჩვენი პასუხისმგებლობა კიდევ უფრო მატულობს. შეიძლება პათეტიკურად ჟღერდეს, მაგრამ მყარად მჯერა, რომ რუსეთი ამ ბრძოლაში დამარცხდება, ხოლო ჩვენ - ყველა, ვისაც თავისუფლება გვინდა - გავიმარჯვებთ.

„ჯი-ეიჩ-ენი", გოჩა მირცხულავა

ავტორი: . .