დედაქალაქი 2014 წელს ბიუჯეტის გარეშე შეხვდება. საკრებულომ ხმათა უმრავლესობით თბილისის მთავრობის მიერ წარმოდგენილი საბიუჯეტო პროექტი ჩააგდო.
2014 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტის წინააღმდეგ ხმა 21-მა დეპუტატმა მისცა. 18-მა მხარი დაუჭირა, სამმა კი თავი შეიკავა. საბიუჯეტო პროექტის დამტკიცებისთვის საკმარისი კვორუმი 24 ხმა იყო.
კენჭისყრას წინ ხანგრძლივი დებატები უძღოდა. უმრავლესობამ გააკრიტიკა როგორც თანხების განაწილების პრინციპი, ასევე თბილისის მთავრობის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტები.
შენიშვნები გამოითქვა ბიუჯეტის პროექტში ჩადებულ პროგრამებზე, რომელიც შეეხება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას, კომუნალური ვაუჩერის პროგრამას, უფასო და შეღავათიანი ტრანსპორტით მომსახურებას, რაიონების მიხედვით განსაზღვრულ სოციალურ დახმარებებს და წყალმომარაგების მოწესრიგებისათვის განსაზღვრულ ღონისძიებებს.