პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის განმარტებით, მთავარ პროკურორთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილთან ჰქონდა შეხვედრა და მისგან მიიღო პასუხი, რომ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით ყველაფერი წესრიგშია.
,,პრემიერ-მინისტრისგან მივიღე პასუხი, ვისთანაც პარლამენტს ურთიერთობა გვაქვს, ძალიან მყარი და მკაფიო პასუხი, რომ ყველაფერი წესრიგშია ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით. არ არსებობს არც ერთი ნიუანსი და საკითხი, რომელიც სამართლებრივი, ან მორალურ, ან რაიმე სხვა ეჭვს იწვევს მის ბიოგრაფიაში", _განაცხადა ,,მაესტროს" ეთერში უსუფაშვილმა.
მთავარ პროკურორზე საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ მისი მოადგილის მაგალითიც მოიყვანა, რომელიც ნასამართლევია.
,,ჩემი მოადგილე პარლამენტში არის ზვიად ძიძიგური, რომელიც ნასამართლევი კი არა სიკვდილმისჯილის საკანში იჯდა, ამიტომ ნასამართლეობაზე როცა ვსაუბრობთ უნდა ვნახოთ რაშია საქმე, რაზეა ნასამრთლევი. თქვენ როცა მეუბნებით იყო თუ არა საფუძველი მისი თანამდებობის არ დანიშვნის, პრემიერ-მინისტრმა, იუსტიციის მინისტრმა ვინც მიიღეს გადაწყვეტილება ისინი თვლიდნენ და მათ გადაწყვეტილებას სრულად ვუჭერ მხარს, რომ არ იყო საფუძველი მისი არ დანიშვნის. დღევანდელი მდგომარეობით არის თუ არა საფუძველი მისი თანამდებობიდან გათავისუფლების, პრემიერ-მინისტრი თვლის, რომ არ არის ამის საფუძველი და მას აქვს ჩემი სრული მხარდაჭერა ამ საკითხში', _განაცხადა დავით უსუფაშვილმა.