ყირიმში რუსეთის არმიის შეყვანა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სიტუაციის მაგალითის მიხედვით - ეს სრული სისულელეა. განცხადება ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„ყირიმის სიტუაციის შედარება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სიტუაციასთან - არაკორექტულია. ყირიმში არაფერი მსგავსი არ ხდება. აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, იქ სისხლიანი ეთნოკონფლიქტი მოხდა.
და ეს პირველი კონფლიქტი არ არის, თუ გავიხსენებთ სიტუაციას 1919-1921 წლებში, მაშინ სადამსჯელო ოპერაციები ტარდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ ამ ტერიტორიებმა განაცხადეს, რომ მათ რუსეთის შემადგენლობაში დარჩენა სურთ და არა საქართველოს შემადგენლობაში", _ განაცხადა პუტინმა და აღნიშნა, რომ „იმისათვის რათა სისხლისღვრა შეეჩერებინათ, მაშინ ჯერ კიდევ აუღიარებელ რესპუბლიკებში იმყოფებოდნენ მშვიდობის შენარჩუნების შერეული ძალები".
მისივე თქმით, 2008 წელს რუსეთის მოქმედებები დაკავშირებული იყო „მათ შორის რუს სამშვიდობოებზე თავდასხმასთან და რუსი სამხედრო მოსამსახურეების მკვლელობასთან და არა მხოლოდ რუსეთის მოქალაქეების დაცვასთან".
„ყირიმში ასეთი რამ არ ხდება და იმედი მაქვს არც იქნება. ჩვენ გვაქვს შეთანხმება იქ ჩვენი ფლოტის ყოფნის შესახებ. რუსული ფლოტის იქ ყოფნა კი მასტაბილიზებელი ფაქტორია საერთაშორისო და რეგიონალური პოლიტიკისა", _ განაცხადა პუტინმა.
„ჩვენთვის ჩვენი თანამემამულეების მდგომარეობა სულერთი არ არის. ჩვენ გამუდმებით წინ ვწევთ ჩვენს თანამემამულეებთან დაკავშირებულ საკითხებს, განსაკურთრებით ბალტიისპირეთის ქვეყნებში, სადაც არსებობს ისეთი არაცივილიზებული ცნება, როგორც არის „არამოქალაქე". ჩვენ ყოველთვის გავაგრძელებთ ბრძოლას თანასწორუფლებიანობისთვის",_ განაცხადა პუტინმა და ყირიმთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ აღნიშნა : „ჩვენ არ ვაპირებთ იარაღის ქნევას და იქ ჯარის შეყვანას - ეს სრული სისულელეა".