„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მთავარი პროკურორის მხრიდან პარტიის გენერალურ მდივანზე ვანო მერაბიშვილზე ზეწოლის ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს.
„დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა საზოგადოებას ამცნო გასულ პარასკევს საქართველოს მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის მხრიდან მასზე პირადად განხორციელებული შანტაჟის და მუქარის შესახებ, რაც მოჰყვა მის გატაცებას სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან და მიყვანას მთავარ პროკურორ ფარცხალაძესთან. ამ უკანასკნელმა მთავარი ოპოზიციური პარტიის გენერალურ მდივანს მოსთხოვა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა. ფარცხალაძემ ასევე მოითხოვა „დახმარება" ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის ფაბრიკაციის მიზნით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთავარი პროკურორი მერაბიშვილს დაემუქრა ხანგრძლივი პატიმრობით, პირობების მნიშვნელოვანი გაუარესებით და მისი მეგობრებისა და თანამებრძოლების დაპატიმრებით.
ამ უკანონო აქტის მიღმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხედავს მთავრობის ცალსახა პოლიტიკას, რომელიც შეიძლება შეფასდეს როგორც ოპოზიციის პოლიტიკური დევნის ახალი ტალღა და რომლის მიზანია პოლიტიკური ოპოზიციის განადგურება, როგორც ეს არაერთხელ აღნიშნულა „ქართული ოცნების" ფაქტობრივი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ"- ნათქვამია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ გაკეთებულ განცხადებაში.
ზემოთთქმულიდან გამომდინარე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მოითხოვს:
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სასწრაფოდ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე;
გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება შეუჩერდეს მთავარ პროკურორ ფარცხალაძეს და სასჯელაღსრულების მინისტრ სუბარს;
ამოღებულ იქნას ყველა შესაბამისი ვიდეო დაკვირვების მასალა;
განსაჯაროვდეს ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებული ყველა ძველი და შესაძლო ახალი გარემოება.