საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ჰოლანდიის ერედივიზიის კლუბ „ვიტესის“ მცველს, გურამ კაშიას მხარდაჭერას უცხადებს.
როგორც პრეზიდენტი Facebook-ის პირად გვერდზე წერს, ის ძალადობის გამოვლინების ნებისმიერ ფორმას გმობს.
"მიუღებელია გურამ კაშიას წინააღმდეგ აგორებული კამპანია.
ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს.
ვგმობ ძალადობის გამოვლინებას ნებისმიერი ფორმით.
მივესალმები სპორტული საზოგადოების ერთსულოვან მხარდაჭერას გურამ კაშიას მიმართ, ზიზღი და ძალადობა ჩვენი საზოგადოებისთვის უცხოა.
ჩემი მხარდაჭერა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ვიცეკაპიტანს და არნემის „ვიტესის“ კაპიტნს გურამ კაშიას", - წერს პრეზიდენტი.
ცნობისთვის, გურამ კაშიას სოლიდარობა ქართველმა ფეხბურთელებმა და მათ შორის, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმაც გამოუცხადა.
ლგბტ ადამიანებისადმი გურამ კაშიას მხარდაჭერას თბილისის მერი კახა კალაძეც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება, მიუხედავად მისი ეროვნებისა, მრწამსისა თუ სექსუალური ორიენტაციისა, გამოხატოს თავისი შეხედულებები.
გურამ კაშიას და ლგბტ ადამიანებს სოლიდარობა გამოუცხადა ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამაც. მისი განცხადებით, დაუშვებელია ადამიანების დისკრმინაცია მათი სექსუალური ორიენტაციის გამო, არ შეიძლება მათი საზოგადოებიდან გამორჩევა და გარიყვა.
შეგახსენებთ, ჰოლანდიის ერედივიზიონის მე-8 ტურის მატჩი „ჰერაკლესსა“ და „ვიტესს“ შორის, სადაც გურამ კაშიამ ლგბტ პირთა მხარდამჭერი სამკლაურით ითამაშა, 15 ოქტომბერს გაიმართა.