ENG / RUS

ლადო პაპავა: მსოფლიო კრიზისისა და რუსული აგრესიის გამო 2009 წელს უცხოური ინვესტიციების შემოდინების ნაკლებობაა მოსალოდნელი

რესპოდენტის შესახებ



გასული წელი საქართვლოს პოლიტიკური და ეკონომიკური ცხოვრებისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა. ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა, რუსეთის აგრესიამ, მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა საქართველოს ეკონომიკაზე სერიოზული ზეგავლენა მოახდინა. როგორი იყო 2008 წელი საქართველოს ეკონომიკური განვითარების თვალსაზრიდით, რა ზიანი მოუტანა ქვეყნის ეკონომიკას აგვისტოს მოვლენებმა და რას უნდა ველოდეთ 2009 წელს? – ამ საკითხებთან დაკავშირებით სააგენტო “ჯი-ეიჩ-ენი” დამოუკიდებელ ექსპერტს ეკონომიკის საკითხებში ლადო პაპავას ესაუბრა.

_ როგორ შეაფასებდით 2008 წელს საქართველოს ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით? რამდენად ეფექტიანი იყო ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული ნაბიჯები?

_ 2008 წლის ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება ერთმნიშვნელოვნად არ შეიძლება. გასულ წელს სერიზოული წარმატება გვქონდა, რაც იმაში გამოიხატება, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკამ ომს გაუძლო, თუმცა მეორე მხრივ სახეზე გვაქვს კრიზისული მოვლენები, რომელსაც წმინდა ქართული წარმოშობა აქვს. შექმნილ ვითარებას გლობალური ეკონომიკური კრიზისი და რუსეთის მხრიდან აგრესიული პოლიტიკაც ართულებს.

_ ხელისუფლების ეკონომიკური გუნდის მიერ განხორციელებული პოლიტიკიდან რა დადებითი ნაბიჯების გამოყოფაა შესაძლებელი?

_ 2008 წელს ხელისუფლების ეკონომიკური გუნდის მიერ გატარებულ პოლიტიკაში მნიშვნელოვანი დადებითი ნაბიჯების გამოყოფა მიჭირს. სწორ გადაწყვეტილებად შეიძლება მივიჩნიოთ ეროვნული ბანკის პოლიტიკა, რომელმაც ქვეყანას საბანკო კრიზისი ააცილა.

_ რა სერიოზული შეცდომები მოუვიდა ხელისუფლებას ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კუთხით?

_ გასულ წელს ხელისუფლებას არაერთი შეცდომა მოუვიდა. სერიოზულ შეცდომებში შეიძლება გამოვყოთ წლის დასაწყისში ეროვნული ბანკის, როგორც ინსტიტუტის, დასუსტება, ასევე ევროობლიგაციების გამოშვება და ქვეყნის საგარეო ვალის ნახევარი მილიარდით გაზრდა, ლარის ნახტომისებური დეველვაცია...…შეცდომა ძალიან ბევრია.

_ როგორ ფიქრობთ, რა შედეგები მოუტანა რუსეთ-საქართვლოს ომმა საქართველოს ეკონომიკას? აგვისტოში განხორციელებული მოვლენები მნიშვნელოვნად შეაფერხებს თუ არა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას?

_ ომმა საქართველოს ეკონომიკას როგორც უარყოფითი, ასევე დადებითი შედეგი მოუტანა. ომი _ ესაა დანგრეული სოფლები, ხიდები, ქალაქები... ამ ყველაფერმა, რა თქმა უნდა, სირთულეები შექმნა, საქართველოს დაუკარგა საინვესტიციო მიმზიდველობა, ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინებაც შეფერხდა, ეს ყველაფერი ომის შედეგია. იმავდროულად, შეიძლება ვიფიქროთ: რომ არა რუსული აგრესია, 22 ოქტომბერს ბრიუსელში დონორთა კონფერენცია არ შედგებოდა და საქართველოს 4,5 მილიარდი დოლარის დახმარება არ გამოეყოფოდა. 


_ დაბოლოს, როგორია თქვენი პროგნოზი? რას უნდა ველოდეთ 2009 წელს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კუთხით?

_ 2009 წელს გაგრძელდება ყველა ის ტენდენცია, რომელსაც ადგილი 2008 წელს ჰქონდა. ეს არის გლობალური კრიზისის შედეგად უცხოური ინვესტიციების შემოდინების ნაკლებობა, რასაც ხელს შეუწყობს ისიც, რომ რუსული აგრესია ჯერ კიდევ არ არის დასრულებული. რუსეთი მაქსიმალურად გააგრძელებს პროვოკაციებს, რათა საქართველოს ეკონომიკა და მთლიანად სახელმწიფო ფეხზე ვერ დადგეს. იმავდროულად, საქართველოს მთავრობაში, სამწუხაროდ, პროფესიონალიზმის მინიმალური დონეც არ იკვეთება. ხელისუფლების მხრიდან გრძელდება არარსებული პროგრამების პიარკამპანიები. ასეთ პირობებში შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ინფლაციური პროცესები ისევ გაგრძელდება. ამასთანავე, უნდა აღვნიშნო, რომ 4,5 მილიარდი დოლარის დახმარება, რომელიც საქართველოს დონორებმა გამოუყვეს, ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან თავის დახწევის შანს იძლევა, მაგრამ ამისთვის ხელისუფლების მხრიდან მიზანმიმართული, გონიერი პოლიტიკის გატარებაა საჭირო.



ავტორი: . .