ENG / RUS       12+

დავით დარჩიაშვილი: საზოგადოებაში არსებობს საპროტესტო მუხტი, მაგრამ ეს ოპოზიციის უპირობო მხარდაჭერად სულაც არ ითარგმნება

რესპოდენტის შესახებ

თბილისში 43-ე დღეა, რაც ოპოზიცია მიტინგებს მართავს. მომიტინგეები პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ და დაშლაზედაც ჯერ არავინ საუბრობს. იყო მოლაპარაკებების დაწყების მცდელობაც, თუმცა ამჟამად არც ოპოზიციასა და არც ხელისუფლებას ერთმანეთთან დიალოგის რეჟიმში ურთიერთობისკენ მისწრაფება არ გააჩნიათ. საინტერესოა, რას ფიქრობს ხელისუფლება 43-დღიან მიტინგზე, რა გეგმა და მოლოდინი აქვთ შექმნილ სიტუაციაში. ამ საკითხებთან დაკავშირებით "ჯი-ეიჩ-ენი" პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავჯდომარეს დავით დარჩიაშვილს ესაუბრა.
_ ბატონო დავით, თბილისში უკვე ორმოც დღეზე მეტია საპროტესტო აქციიები მიმდინარეობს. საინტერესოა, როგორ აფასებს ამ ფაქტს ხელისუფლება და კერძოდ თქვენ?

_ ეს აქციები დემოკრატიის ნიშანია. დემოკრატიის ერთ-ერთი საფუძველთაგანია გამოხატვის თავისუფლება, შეკრების თავისუფლება და ა. შ.. ნათქვამია, ვისაც უნდა დემოკრატია, ასეთი რამე უნდა მოითმონის. სხვა საკითხია, რომ ეს ყველაფერი გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევას საჭიროებს. დარწმუნებული ვარ, რომ კანონი დიდი ხანია ირღვევა მომიტინგეების მხრიდან.

_ კონკრეტულად რა დარღვევებს გულისხმობთ?

_ კანონი მაშინ ირღვევა, როდესაც ადამიანთა რაოდენობა არ ითხოვს ამ მასშტაბის და სახის მიტინგებს. ეს ცალსახად კანონის დარღვევაა. პიკეტირების დროსაც აშკარად ზედმეტი მოსდით მომიტინგეებს, თუმცა სიტუაციის ზედმეტად დაძაბვისა და დიალოგისთვის ხელშეწყობის გამო ხდება ამ ფაქტებზედაც თვალის დახუჭვა. მაგრამ ყველაფერს საზღვარი აქვს და ოდესმე ეს უნდა დასრულდეს. საზოგადოებაშიც არსებობს ამის მოთხოვნა, რათა ქვეყანამ შეძლოს მშვიდი ცხოვრების გაგრძელება. ხოლო ვინც ამას ვერ გაიგებს, ის სრულ იზოლირებაში დარჩება.

_ თქვენი აზრით, სადამდე გაგრძელდება ოპოზიციის მიტინგები და რატომ რჩება ის ისევ ქუჩაში?

_ ჩემი აზრით, ყველა იმ ადამიანმა, ვინც ლიდერობს ამ მიტინგებს, გარედან უნდა შეხედოს საკუთარ თავს და აღიაროს, რომ არც ერთი მათგანი არ წარმოადგენს საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას. გეთანხმებით, საზოგადოებაში მართლაც არსებობს საპროტესტო მუხტი, მაგრამ ეს სულაც არ ითარგმნება, როგორც ოპოზიციის უპირობო მხარდაჭერა. ალბათ, ამას თვითონაც ამჩნევენ და მაინც ჰგონიათ, რომ ერის გადარჩენა მხოლოდ მათ კისერზეა. გაბრაზება არასდროს ყოფილა გონების მეგობარი, ხოლო პოლიტიკური საკითხები ასეთი გაბრაზებით არ წყდება, ეს ისტორიამაც კარგად გვაჩვენა. სანამ გონება არ სძლევს ყველა ემოციას, მანამ სიტუაცია ვერ დაიძვრება.

_ თქვენი თქმით, ოპოზიცია დღეს გაბრაზებულია და არ აპირებს ხელისუფლების შემოთავაზებებზე წასვლას. ამ შემთხვევაში, რა მდგომარეობაა ხელისუფლებაში, რას ფიქრობთ თქვენ სამომავლოდ?

_ ჩვენ დღენიადაგ ტელევიზიითა და სხვა საშუალებებით ვაცხადებთ, რომ გვსურს ოპოზიციასთან დიალოგი, მოლაპარაკება. ამის მოწმეები დანარჩენ საზოგადოებასთან ერთად თქვენც ხართ.

_ კი მაგრამ, ოპოზიცია აყენებს მოთხოვნებს, რისი დაკმაყოფილების შემდეგაც შესაძლოდ განიხილავს ხელისუფლებასთან დიალოგზე დათანხმებას. ამ შემთხვევაში, გაითვალისწინებს თუ არა მთავრობა მათ მოთხოვნებს დიალოგის წარმართვისთვის?

_ ჩვენ მზად ვართ, დღის წესრიგში დავაყენოთ ყველა საკითხი, გარდა ულტიმატუმებისა პრეზიდენტის გადაგომის შესახებ. არ გვეზარება და გავიმეორებთ _ არ გვეზარება ქვეყნის ყველა საჭირბოროტო საკითხის განხილვა, გარდა პრეზიდენტის გადადგომის ულტიმატუმისა! ჩვენ ყველასთან ვართ მზად სასაუბროდ, თუმცა ზოგიერთ მათგანთან მსჯელობა მაინც და მაინც არ გვსიამოვნებს.

_ კონკრეტულად, ვისთან არ გსიამოვნებთ საუბარი?

_ რა დასამალია?! ვისგანაც, გარდა გამუდმებით ლანძღვა-გინებისა, არაფერი კონკრეტული ან აზრიანი არ გვესმის, მათთან პიროვნულად საუბარი არასასიამოვნოა. თუმცა პოლიტიკოსის ვალია, ყველაფერ ამას გადააბიჯოს და თავისი ქვეყნის გულისთვის წავიდეს დიალოგზე.

_ როგორ ფიქრობთ, ოპოზიცია თუ არის მზად დიალოგზე წასასვლელად?

_ ისინი მუდამ ასახელებენ თარიღებს, როდესაც უნდა მოხდეს გადამწყვეტი ბრძოლა, რადგან მუდამ ამ ბრძოლის მოლოდინში არაიან და არა რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილების. დღეს 26 მაისია დასახელებული ასეთ დღედ, თუმცა მაინც მგონია, რომ 26-მდეც შეიძლება ისეთი ნაბიჯები გადაიდგას, რაც შეხვედრების რეჟიმს გააგრძელებს. ამაში ოპოზიციის ის ნაწილიც მაიმედებს, რომელიც არ გამორიცხავს დიალოგს და მომავალში მის გაგრძელებას. თუმცა 26 მაისის შემდეგაც შეიძლება მოხდეს ამგვარი შეხვედრები. მთავარია, ორივე მხარემ გავიგოთ, საზოგადოების მოთხოვნა დღეს სიტუაციის სტაბილიზაციაა, ამის არ შემჩნევა დაუშვებელია, ხოლო რომელიმე ძალა თუ ისევ ჯიუტად დარჩება თავის პოზიციაზე, მხოლოდ მისდა სავავალო შედეგების მომტანი იქნება მისი ეს ნაბიჯი.

_ დაბოლოს, როგორი იქნება თქვენი პროგნოზი სამომავლოდ განვითარებულ მოვლენებზე?

_ ისევ და ისევ იმედი იმისა, რომ თითოეული ჩვენაგანი გვერდზე გაწევს ყველა წყენას და შეეცდება სიტუაციიდან გამოსასვლელი გზების მოძებნას. ეს ქვეყანა ჩვენი მოსავლელია. მე ოპტიმისტი ვარ და ოპტიმიზმის თავლით ვუყურებ ჩვენს მომავალს.

 

"ჯი-ეიჩ-ენი". ესაუბრა გიორგი რაზმაძე

ავტორი: . .