ENG / RUS

იულონ გაგოშიძე: ქართული დიასპორა დესტაბილიზაციის საფრთხის გამო შეშფოთებულია

რესპოდენტის შესახებ

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, იულონ გაგოშიძემ, დაასრულა ვიზიტი გერმანიასა და შვეიცარიაში. ამ ვიზიტმა თავიდანვე მღელვარება გამოიწვია ოპოზიციაში, თითქოს სახელმწიფო მინისტრი აპირებდა იმ საპროტესტო აქციის ჩაშლას, რომელიც თურმე გერმანიაში იგეგმებოდა. ამის შესახებ იულონ გაგოშიძემ გამგზავრებამდეც გააკეთა განცხადება და აღნიშნა:
_ ეს ვიზიტი ჯერ კიდევ შარშან დაიგეგმა. ჰამბურგში უნდა გამართულიყო 9 აპრილის ოცი წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომლის ორგანიზება ითავეს ჰამბურგში არსებულმა, გერმანულ-კავკასიურმა საზოგადოება "ლილემ" (ხელმძღვანელი მარიკა ლაფაური) და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა. ასე რომ, ჩემი ვიზიტი სხვა რამ განზრახვას არ ისახავდა მიზნად.

_ ვიმედოვნებთ, ღონისძიებამ კარგად ჩაიარა.

_ ეს ღონისძიება ითვალისწინებდა გერმანიის საზოგადოების იმ ნაწილთან შეხვედრას, რომლის აზრსაც ქვეყანაში ანგარიშს უწევენ. მოგეხსენებათ, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ გერმანიის მასმედიაში გააქტიურდა ანტიქართული პროპაგანდა. ამიტომ ამ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

_ იქნებ უფრო დაწვრილებით გვიამბოთ ამის შესახებ.

_ ღონისძიება ჰამბურგის ცენტრალურ უბანში მდებარე პრესტიჟული კინოთეატრის შენობაში გაიმართა. გერმანელებთან ერთად, აქ ქართული სათვისტომოს წარმომადგენლებიც შეიკრიბნენ. ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფილმი 9 აპრილსა და მის შემდგომ მოვლენებზე, ფილმს მარიკა ლაფაურის სინქრონული თარგმანი მიჰყვებოდა. ფილმის დასრულების შემდეგ, გამომსვლელები აანალიზებდნენ ამ მოვლენებს და საილუსტრაციოდ მოჰყავდათ ეპიზოდები ფილმიდან. აქვე აღინიშნა, რომ 1991 წელს ამავე დღეს მოხდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. დისკუსიაში მონაწილეობდა ფრანკ კრემელი, კულტურის ანთროპოლოგი და სოციალური ფილოსოფიის დოქტორი.

_ ე. ი. ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა და, მათ შორის, ოპოზიციის მიტინგმაც?

_ იმავე დღეს, 15:0 საათზე, დანიშნული იყო საპროტესტო აქცია. მე მივედი ამ აქციაზე. ათიოდე ადამიანი, ტრანსპარანტებისა და დროშების გარეშე, იჯდა სკამზე სადგურის მოედანზე, ხალხმრავალ ადგილას, მათ ხელში ეჭირათ ერთი ფორმატი, გერმანულ ენაზე მათივე ხელმოწერებით. შემდეგ აქციის მონაწილეები მოვიდნენ კინოდარბაზში და გამესაუბრნენ, ერთ-ერთი მონაწილე პროტესტს გამოთქვამდა იმის თაობაზე, რომ აქ მომვლელად მუშაობდა და სურდა საქართველოში დაბრუნება. საპროტესტო აქცია ნახევარ საათს გრძელდებოდა.

_რა გამოიკვეთა ამ შეხვედრაზე, იყო თუ არა საუბარი საქართველოში შექმნილ ვითარებაზე?

_ რასაკვირველია, ყველა იქ მყოფი აღნიშნავდა, რომ არ შეიძლება ამ დღის პროფანაცია. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ შეხვედრას ესწრებოდნენ ჩრდილოეთ გერმანიიდან ჩამოსული ქართველები. ასევე უნდა ითქვას, რომ ბევრ ქართველს გერმანელი ქმარი ჰყავს, რომლებიც საქართველოს დიდი გულშემატკივრები არიან.

_ კიდევ თუ შეხვდით ვინმეს ჰამბურგში?

_ შევხვდი იან შტორმერს, ცნობილ გერმანელ არქიტექტორს, რომელმაც დაამუშავა ქუთაისის ეთნოგრაფიული მუზეუმის ახალი ნაგებობის კონცეფცია და ახლაც განაგრძობს ამ პროექტზე მუშაობას. მინდა იცოდეთ, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც შესანიშნავად ერკვევა ქართულ კულტურასა და ხელოვნებაში.

_ რამდენადაც ცნობილია, გერმანიიდან შვეიცარიაში გაემგზავრეთ.

_ დიახ, ჟენევაში ჩავფრინდი, სადაც დამხვდა საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი შვეიცარიაში, გიორგი გორგილაძე, რომლის ინიციატივითაც, ქალაქ ბერნში შედგა შეხვედრა ქართულ სათვისტომოსთან. ქართველები ჩამოვიდნენ შვეიცარიის სხვადასხვა ქალაქიდან. ვფიქრობ, სასარგებლო შეხვედრა გამოვიდა. იყო საუბარი ერთობლივ პროექტებზე, კერძოდ, საშუალო-სპეციალური განათლების თაობაზე, რაშიც დიდი გამოცდილება აქვს შვეიცარიას და სწორედ მათი მხარდაჭერით შეიძლება ამ პროექტების განხორციელება. ვისაუბრეთ საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე. ჩვენი თანამემამულეები შეშფოთებულნი არიან რუსული ოკუპაციისა და რადიკალური ოპოზიციის მიერ საქართველოში დესტაბილიზაციის საფრთხის გამო. მათ ეშინიათ, რომ რუსეთი ყველანაირად ეცდება, ეს დაპირისპირება თავისი მიზნების განსახორციელებლად გამოიყენოს. ამ აშკარა საფრთხეს უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულენი კარგად ხედავენ, ამიტომაც მოითხოვენ დიალოგს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.

_ ბოლოს, ალბათ, მიუნხენის შეხვედრებზედაც მოგვითხრობთ.

_ მიუნხენში შევხვდი გერმანიის ქართველთა სათვისტომოს, რომლის პრეზიდენტია ლერი დათაშვილი, თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის აღზრდილი. იგი მუშაობს მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის კოსმოსური კვლევების ლაბორატორიაში. სწორედ მან მიმიწვია სტუმრად მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში. გერმანიის სათვისტომო უშვებს ჟურნალ "ქართულს", რაც, ვფიქრობ, უდიდესი საქმეა. აქვე შევხვდი ინგოლშტატის კამერული ორკესტრის ჰობოისტს, გია ქობულაშვილს, რომელიც მიუნხენში გამართული შეხვედრების აქტიური ორგანიზატორი იყო. ასევე გავესაუბრე მაკა დვალიშვილს, რომელსაც უდიდესი საქმე აქვს წამოწყებული. იგი გერმანიის საქველმოქმედო ორგანიზაციებში ავადმყოფი ქართველი ბავშვებისთვის სამკურნალო სახსრებს მოიძიებს. მაკამ გვითხრა, რომ დახმარება სჭირდება სატელეფონო და მიმოწერის ხარჯების ასანაზღაურებლად. შევხვდი სათვისტომოს ახალგაზრდულ ფრთასაც, ესენი არიან სტუდენტები და დოქტორანტები. საუბრისას წამოიჭრა პრობლემა - შეუძლია თუ არა საქართველოს, დაასაქმოს ის ქართველი ახალგაზრდები, რომლებიც საზღვარგარეთ იღებენ კვალიფიციურ განათლებას. ვფიქრობ, ამ მიმართულებითაც საჭიროა მუშაობა.

_ ბატონო იულონ, გვიამბეთ თქვენს შეხვედრაზე კლაუს ჰიპთან. გაგიმასპინძლდათ თუ არა ბატონი კლაუსი ცნობილი სუშით?

_ არა, ბატონო, საქართველოს საპატიო კონსული მიუნხენში, კლაუს ჰიპი, რომელსაც ჩვენი პრეზიდენტი სუშით გაუმასპინძლდა, ამჯერად მხოლოდ შნიცელით შემოიფარგლა, სამაგიეროდ, გამომატანა შესანიშნავი ბუკლეტი და თავისი ფერწერული ნამუშევრების კატალოგი, რომელშიც დაწვრილებითაა აღწერილი რუსეთ-საქართველოს ომის ყოველი დღე. ნახეთ ეს ბუკლეტი და მიხვდებით, რომ ეს ადამიანი ერთ ულუფა სუშის ნამდვილად იმსახურებს. ბატონი ჰიპი გახლავთ ბიზნემენი, მხატვარი, მოყვარული მუსიკოსი და საქართველოს საპატიო კონსული, რომელმაც დიდი ინვესტიციები შემოიტანა საქართველოში. ყველასთვის ცნობილია, რომ სწორედ ამ ინვესტიციებზე იყო საუბარი პრეზიდენტთან შეხვედრის დროს. ჟურნალისტების შეკითხვაზე, - არ გეშინიათ ამ ქვეყანაში ინვესტიციების ჩადებაო, ჰიპმა უპასუხა: "მე მხოლოდ ამინდი მაშინებს".

 

ავტორი: . .