ENG / RUS       12+

დოდო ჭიჭინაძე - 95

ქართული თეატრისა და კინოს მსახიობი, გამორჩეული სულიერი და ფიზიკური სრულქმნილებით, კეთილშობილებით, ნიჭით - დოდო ჭიჭინაძე 28 დეკემბერს 95 წლისა გახდებოდა.

სამშობლოს ბედზე ჩაფიქრებული, მისი ერთგული ჯარისკაცი და ჭირისუფალი იყო, ამბობდა კიდეც:

მე ვარ ქალი, რომელსაც სურვილი მაქვს, ხელში იარაღი ავიღო და დავიცვა ჩემი სამშობლო!

ბედის ნებიერა იყო, ბედნიერ ვარსკვლავზე დაბადებული. თუ ადამიანური ბედნიერება სიყვარულშია, როცა გიყვარს და უყვარხარ, მაშინ დოდო ჭიჭინაძე ამ იშვიათ გამონაკლისთა შორის უნდა ვიგულოთ.

მხოლოდ 17 როლი ითამაშა კინოში: გამცილებელი - "ასეთ სიყვარულში" (2006); მარო მაყაშვილი - "გაფითრებულ თებერვლის ლანდში" (2005); "შური" (2000); "ნეტავ აღარ იწვიმოს" (2000); "ვალსი პეჩორაზე" (1992); "ბილიკი" (1987); ქეთევანი - "ორომტრიალში" (1986); "ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი" (1983); "სინემა" (1977); დოდო, გურამის ცოლი - "შეწყვეტილ სიმღერაში" (1960); ეთერი _ "ნინოში" (1959); ნინო "ბაში-აჩუკში" (1956); მზია "ცისკარაში" (1955); თინა "ჭრიჭინაში" (1954); ეთერი "ბედნიერ შეხვედრაში" (1949); ქეთევანი "დავით გურამიშვილში" (1946).

30-მდე როლი ითამაშა თეატრში, მათ შორის: ივდითი - "ურიელ აკოსტაში", ხათუნა - "ჯარისკაცის ქვრივში", ვარვარა კარპოვნა - "ეზოში ავი ძაღლიაში", მედეა - "მედეაში", ლედი ანა - "რიჩარდ მესამეში", ტუფია - "უბედურებაში", გრაფინია ვრონსკაია - "ანა კარენინაში", მზევინარი - "მოკვეთილში", ანა ბატონიშვილი - "მეფე ერეკლეში", ზოია ვასილევნა - "ლამაზ მამაკაცში", თინათინი - "რაიკომის მდივანში", მზევინარი - "გიორგი სააკაძეში", შირინი - "ლეგენდა სიყვარულზე", ხათუნა - "მთვარის მოტაცებაში"... მიუხედავად ამ არცთუ მრავალი როლისა,  ვარსკვლავად იქცა. მას ჰქონდა თავისი სტილი, თავად ქმნიდა მოდას. როგორც ლია ელიავა იგონებდა, ყველა დოდოს ჰბაძავდა. 

გთავაზობთ ამონარიდებს სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული ინტერვიუებიდან. უმჯობესია, თავად დოდო ჭიჭინაძეს დავუთმოთ სიტყვა, კიდევ ერთხელ მოვუსმინოთ საყვარელ მსახიობს, უკვე მარადისობის მკვიდრს:

"ჭიჭინაძეების ძირი იმერეთშია, სოფელ ჭოლევში. თითქმის ყველა ჩემი წინაპარი მოწამეთის ეზოშია დასაფლავებული, მე კი შილდაში დავიბადე და გავიზარდე. მამაჩემი 1924 წლის აჯანყების მონაწილე იყო, კარგად იცნობდა ქაქუცა ჩოლოყაშვილს. როცა მასობრივი დახვრეტა დაიწყო, მამაც, სხვებთან ერთად, შორაპანთან ჩამოყენებულ ვაგონში შეაგდეს. მაშინ დედა ახალშერთული ჰყავდა, იგი ჩემზე ორსულად იყო. რამდენიმე დღე ამყოფებდნენ ხალხს ვაგონში. მერე გამოიყვანდნენ და იქვე ხვრეტდნენ. თინა მამიდამ (გურამ ასათიანის დედამ) მიაკითხა ერთ ნაცნობს, მაშინდელ “წონიან” პირს, სიმონ ჯუღელს, და სთხოვა, გაეთავისუფლებინა მამა. მანაც გულისხმიერება გამოიჩინა და მამა გაათავისუფლეს. რადგან კახეთი უკვე ქარიშხალგადავლილი იყო, მამას იქ წასვლა ურჩიეს. ასე დასახლდა ჩემი ოჯახი შილდაში.

მამა განათლებული კაცი იყო, ბრწყინვალედ ლაპარაკობდა გერმანულად და უნდოდა, შვილებსაც კარგი განათლება მიეღოთ, სოფლად კი ეს შეუძლებელი გახლდათ, ამიტომ მე და ჩემი ძმა (მასზე 5 წლით ვარ უფროსი) თბილისში გამოგვისტუმრეს დეიდასთან. ცოტა ხანში საცხოვრებლად გადავედით გერმანელ ქალთან, რომელსაც შვილები უცხოეთში ჰყავდა გათხოვილი, თვითონ კი მარტო ცხოვრობდა. ლილი ტალმამ ჩვენს სწავლა-განათლებას საფუძვლიანად მოჰკიდა ხელი. მისი წყალობით თავისუფლად ვსაუბრობდით სამ ენაზე _ ქართულად, რუსულად და გერმანულად. მე უზომოდ მადლობელი ვარ ამ ქალის. სწორედ მან ჩამინერგა საოცარი პასუხისმგებლობისა და შრომისმოყვარეობის გრძნობა. იგი სულ მეუბნებოდა, რომ უქმად გატარებული ერთი წუთიც კი უპატიებელი შეცდომაა ადამიანისთვის, რომ შრომა ყველაზე დიდი ნიჭია! მე შრომამ მაქცია მსახიობად!

ზაფხულს ყვარელში, ჩვენს სახლში, ვატარებდით. მამიდას მივყავდით ხოლმე მატარებლით. მატარებელი ზოზინით მიდიოდა და მთელი გზა ატუზული ვიდექი ფანჯარასთან, რადგან ძალიან მენატრებოდა დედ-მამა, ერთი სული მქონდა, როდის ჩავიდოდი. ერთხელ ფანჯრიდან ყურებისას ჩოჩორს მოვკარი თვალი, გამიხარდა და გადავწყვიტე, სიხარული მამიდისთვის გამეზიარებინა, მაგრამ არ ვიცოდი, რა ერქვა პატარა ვირს და მოვრთე ყვირილი: “მამიდა, ვირიშვილი! ვირიშვილი!” მთელი მატარებელი ჩემს ნათქვამზე იცინოდა, მე კი ვერ გამეგო ამ სიცილის მიზეზი.

სოფელში ყველა ეკლესიური ადათ-წესი შემონახული იყო. რამდენჯერ გვივლია აღდგომა დღეს ბავშვებს “ალათასა, ბალათასას” სიმღერით. მეზობლები პაწია კალათებში წითელ კვერცხებსა და ტკბილეულს გვიწყობდნენ... ძალიან მიყვარდა ჭიაკოკონობა. ჩამოვაბამდით დიდ საქანელებს და კოცონს თავს ვევლებოდით. მახსოვს, ერთხელ კალოზე წავყევი ბავშვებს და შინ ბულულში ამოგანგლული მივედი. მოსამსახურე გვყავდა, დაშა, ღონიერი, მოსული გოგო... ოჰ, რა მომხვდა მისგან!

სკოლა წარჩინებით დავამთავრე და იმავე წელს ჩავაბარე სამედიცინო ინსტიტუტში. მერე მოხდა ის, რასაც ბედისწერა ჰქვია. ქუჩაში ნიკოლოზ სანიშვილის დედამ მიპოვა და ჩემი ბედიც სამუდამოდ დაუკავშირდა სამსახიობო ხელოვნებას. “დავით გურამიშვილის” შემდეგ წარმატება ქარბორბალასავით დამატყდა თავს. პირველ ფილმს სხვები მოჰყვა: “ბედნიერი შეხვედრა”, “ჭრიჭინა”, “ცისკარა”, “შეწყვეტილი სიმღერა”, “ნინო”, “ბაში-აჩუკი”... თუმცა, ჩემთვის თეატრი მაინც სულ სხვა სამყარო იყო, უფრო მიმზიდველი და საინტერესო.

გიორგი შავგულიძე ჩემზე ბევრად უფროსი იყო. “დავით გურამიშვილში” რომ ვითამაშე, 19 წლისა ვიყავი, გიორგი კი - 37-ისა. ისე მექცეოდა, როგორც პატარა ბავშვს. მერე ოჯახებით დავახლოვდით. შავგულიძე ხომ უბადლო იყო კურიოზული სიტუაციის მოგონებაში?! ერთხელაც შევდივარ თეატრში და უცებ დამეტაკნენ, ერთი მსახიობი არ მოვიდა და შენ უნდა შეასრულო მისი როლიო. დავიბენი, რადგან “კოლმეურნის ქორწინებაში” არ ვთამაშობდი და არც ტექსტი ვიცოდი. ის მაინც მითხარით, ვისი როლი უნდა შევასრულო-მეთქი და მიპასუხეს, მეღორე ვერიჩკასიო.…ძალიან ავნერვიულდი. როგორია, სცენაზე უნდა გავიდე, თან ისე, რომ არ ვიცი ტექსტი. ჟორამ დამამშვიდა, როცა უნდა გამოხვიდე სცენაზე, გეტყვიან, მსვლელობისას მე დაგეხმარები, ხოლო სცენიდან მაშინ გახვალ, როცა ერთ ადგილას გიჩქმეტო. მოვიდა დრო ჩემი გასვლისა. გავედი. ჟორა ისეთ რამეს მეკითხება, გონზე არა ვარ და სისულელეებს ვპასუხობ. ხალხი კვდება სიცილით. ერთი სული მაქვს, კულისებში დავბრუნდე, მაგრამ ჟორა იგვიანებს ჩქმეტას. მეც ვდგავარ შუა სცენაზე და სიმწრის ოფლი მდის. შავგულიძემ ზუსტად 15 წუთი ახარხარა მაყურებელი ჩემზე. ყურში ჩავჩურჩულე, ე, ბიჭო, მიჩქმიტე და გამიშვი სცენიდან-მეთქი. როგორც იქნა, დამადგა საშველი...

მარჯანიშვილის თეატრში ჩემი უახლოესი მეგობარი მედეა ჯაფარიძე იყო, ადამიანი, რომელიც ყველაზე სასოწარკვეთილსა და უიმედოს ამ ქვეყნისკენ შემოაბრუნებდა და სიცოცხლეს შეაყვარებდა. ამ ცხოვრებაში ბევრი მწარეც მინახავს, მაგრამ არც ერთ ჩემს მოგონებაში ამას არ ვწერ. არ მინდა, ცუდი ჰქონდეთ მაგალითად ახალგაზრდებს.

ძალიან ახალგაზრდა უბედოდ გავთხოვდი. სულ სხვა მიყვარდა. როცა ქმრისგან წამოვედი, მამაკაცებისადმი ისეთი უნდობლობა გამიჩნდა, რომ ძალიან გვიან, ისიც ჩემი ბიძაშვილის ძალისხმევით, მეორედ ვცადე ბედი და კიდევ - ოთარ ეგაძის წყალობით, რომელსაც საოცრად თბილი დამოკიდებულება ჰქონდა ჩემი ძმისა და ჩვენი ოჯახის მიმართ: ამას როგორ აკეთებ, დოდო, ცოდო ხარო, - სულ მეუბნებოდა და...

ერთი სიტყვით, ჩემმა ბიძაშვილმა, დათო ჭიჭინაძემ, მითხრა: ეს უბრწყინვალესი კაცი, რომელსაც, შენც კარგად იცი, მთელი თავისი ცხოვრებაა უყვარხარ, ჩემი მეგობარია, ახლავე წამოხვალ და ხელს მოაწერთო. ოთარიც იქვე იყო. თურმე, მოლაპარაკებულები ყოფილან და, მართლაც, რაიონის მმაჩის ბიუროში გამაქანეს. რომ მივედით, იხუმრეს, ესენი ძალით დავიჭირეთ და ხელის მოწერა უნდა გავაფორმოთო. იმათ კიდევ უპასუხეს: რას ბრძანებთ, ამას ერთი თვე სჭირდებაო. მაშინ ოთარმა მეგობარ რაიკომის მდივანს, რომელიც ბიუროს სხდომას ატარებდა, დაურეკა: “ეს ჩვენი გიჟი დოდო ჭიჭინაძე, როგორც იქნა, ქორწინებაზე დავითანხმეთ. აქ, მმაჩის ბიუროში კი, ამას ერთი თვე სჭირდება, უარს გვეუბნებიანო. რაიკომის მდივანმა ეს საკითხიც ბიუროზე გაიტანა, იმათ კიდევ ერთი ამბავი ატეხეს, - ახლავე მოაწერონ ხელიო...

რა სასაცილო კაბა მეცვა, ახლაც შენახული მაქვს. ჩემი მეუღლე, მართლაც, უბრწყინვალესი პიროვნება, ჭეშმარიტი ინტელიგენტი და გამორჩეული ვაჟკაცი გახლდათ, პროფესიით ინჟინერი; დიდზე დიდი სპეციალისტი, უამრავი ფაბრიკა-ქარხანა აქვს აშენებული. უნიჭიერესი კაცი იყო, ექვს ენაზე ლაპარაკობდა, მთელ მსოფლიოში მოგზაურობდა მხოლოდ იმიტომ, რომ ენახა და ეგრძნო ეს ცხოვრება... მის გვერდით, მართლაც, ბედნიერი ქალი ვიყავი.

გაფრინდა ის დრო, ჩემი სახლის წინ გიტარით რომ მიმღეროდნენ ბიჭები... წლები მიდის და სილამაზე სადღაც ქრება, მაგრამ წლებს უფრო დიდი რამ მოაქვს - გონიერება, გამოცდილება და, რაც მთავარია, რჩება სიკეთე... მე ცოტა "გადამეტებული” ქართველი ვარ!.. ქეთევან წამებულის შთამომავალი ვარ და მჯერა, რაც გადაგვარჩენს, - ესაა ჩვენი რწმენა!"

ამ რწმენითა და სიყვარულით იცხოვრა დოდო ჭიჭინაძემ, იცხოვრა დიდი სიკეთით, ადამიანის ერთეულებით, სამშობლოს უკეთეს მომავალზე ოცნებით. თავისი ბავშვურად მიამიტი ბუნებიდან გამომდინარე, ეხმარებოდა ნაცნობსა თუ უცნობს.

ერთხელ მარჯანიშვილის თეატრში დარეკეს: დოდო ჭიჭინაძე სასწრაფოდ გამოცხადდეს "სოფლტექნიკის" საწყობში და კუთვნილი ტრაქტორი წაიყვანოსო. ყველა დაიბნა, ვერავინ მიხვდა, რაში სჭირდებოდა მსახიობს ტრაქტორი. ისიც კი იფიქრეს, ვიღაც გვეხუმრაო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სვანეთის ერთ-ერთი კოლმეურნეობის თავკაცს დაუჩივლია: სოფელში ტრაქტორი გვჭირდება ჰაერივით, მაგრამ ჩემით ვერაფერს გავხდიო. ჰოდა, დოდო ჭიჭინაძესაც მეტი რა უნდოდა, მივიდა იქ, "სადაც ჯერ არს", პირადი კეთილდღეობა კი არ უთხოვია, ტრაქტორი სჭირდება სოფელსო, - შეუპოვრად დასვა საკითხი და გაჭრა მისმა სიტყვამაც და სილამაზემაც!

აწუხებდა ადამიანის ბედი, ყველას მეგობარი და მესაიდუმლე იყო, საკუთარს კი გულში ინახავდა, არავის მოახვევდა თავს, ამიტომაც მოწუწუნე დოდო ჭიჭინაძე არავის ახსოვს. ერთხელ თქვა: ვიცხოვრე ისე, რომ ცუდი არავისთვის გამიკეთებიაო. უხაროდა კოლეგის წარმატება, სხვისი მიღწევები, ეტრფოდა ნიჭის გამობრწყინებას. მას შეეძლო სხვისი ბედნიერებით ცხოვრება - იშვიათი ნიჭია!

დასასრულ, ერთი დეტალი ლეილა აბაშიძის მოგონებიდან: "უცხოეთში ყოფნის დროს საოცარი რამ შემემთხვა: საბჭოთა ფილმების კვირეულზე ვიყავი რომში. ერთ ოჯახში სტუმრობის დროს სალოცავ კუთხეში ხატების გვერდით დოდოს უმშვენიერესი სურათი დავინახე. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ეს ხომ ჩვენი დოდოა! - წამოვიძახე. მერე ვიფიქრე: ჩვეულებრივი მოკვდავი წმინდანების გვერდით მკრეხელობაა-მეთქი, მაგრამ აღარავის შევეკამათე, პირჯვარი გადავიწერე და ვთქვი, - ილოცონ! დაე, ილოცონ!"

იტალიისა არ ვიცი, მაგრამ მართლაც სალოცავ ხატებად დარჩა დოდო ჭიჭინაძე ქართველი მაყურებლის ხსოვნაში!