ENG / RUS       12+

ევგენი მიქელაძე - ნახტომი ქაოსიდან მუსიკალური წესრიგისკენ

რამდენიმე ეპიზოდი დირიჟორ ევგენი მიქელაძის ცხოვრებიდან

1932 წელი

თბილისის ოპერის თეატრის სამხატვრო საბჭოს სხდომა დონიცეტის "დონ პასკუალეს" დამდგმელი ჯგუფის შემადგენლობას ამტკიცებს. დირიჟორი ევგენი მიქელაძე იქნება. რეჟისორად ან სმოლიჩს მოიწვევენ მოსკოვის დიდი თეატრიდან, ან მიხეილ კვალიაშვილის კანდიდატურა გაიმარჯვებს. მიქელაძე უკანასკნელს ემხრობა. მართალია, კვალიაშვილთან მუშაობის გამოცდილება არ აქვს, ხოლო სმოლიჩის გვარი საბჭოთა კავშირის სახელოვან რეჟისორებს შორის მოიხსენიება, მაგრამ უდავო წარმატებას რისკზე წასვლა და ეროვნული კადრებისთვის შანსის მიცემა, მათი თეატრში დამკვიდრება ურჩევნია.

უცხოელ შემსრულებლებთან და დამდგმელებთან წყვეტილი, პერიოდული თანამშრომლობის პრაქტიკამ სპექტაკლების მხატვრული დონე გარკვეულწილად დაბლა დასწია და ოპერას არასასურველი დამღა დაასვა. თითზე ჩამოსათვლელ ადგილობრივ პროფესიონალებს - წუწუნავას, მარჯანიშვილს, ახმეტელს - დრამატული თეატრებისკენ მიუწევთ გული. დირიჟორთა პლეადა, თუ ახალბედა მიქელაძეს არ მივიღებთ მხედველობაში, ფალიაშვილითა და სტოლერმანით შემოიფარგლება. თანამედროვე ქართველი კომპოზიტორები - ანდრია ბალანჩივაძე, ვანო გოკიელი, იონა ტუსკია - ეს-ეს არის, იწყებენ ლენინგრადიდან ჩამოსვლას. მათ ჯერ კიდევ არ შეუქმნიათ შედევრები. ჯერ არ დაწერილა მშველიძის "ფშაური", "აზარ", "ხორუმი", ტუსკიას "ყეენობა", "ჩელა", "მარში-გროტესკი", კილაძის "ქართული სუიტა". თბილისში უცხოელ კლასიკოსთა შემოქმედებაზე დამყარებულ რეპერტუარს ასრულებენ. საოპერო დასი არაქართულია. ორკესტრსა და გუნდს მომღერლების დამხმარე რგოლის ფუნქცია აკისრია. ფაქტობრივად, არ მოიპოვებიან სასულე საკრავების ეროვნული სპეციალისტები. აუთვისებელია ვიოლინოც კი, რომელსაც ადგილობრივებიდან პირველმა ანდრია ყარაშვილმა აგერ სულ ახლახან, მეოცე საუკუნის დამდეგს, შეახო ხემი, მერე კი გრიგოლ ჩხიკვაძე, პავლე ხუჭუა, იონა ტუსკია, ლუარსაბ იაშვილი, ლეო შიუკაშვილი აღზარდა. ეს არის და ეს. მასა უკრავს ხალხურ საკრავზე, გიტარაზე, ფორტეპიანოზე - შეძლებისდაგვარად.

"არცთუ ოპტიმისტური სურათია", - ფიქრობს სულ რაღაც ერთწლიანი დირიჟორული პრაქტიკის მქონე ევგენი, რომელსაც ძველი რეპერტუარის განახლება არ აკმაყოფილებს. მისი გეგმები გაცილებით შორს მიდის და ეროვნული კადრების აღზრდა-მომზადებას, სიმფონიური ორკესტრის ჩამოყალიბებას, ქართული კლასიკის გაცოცხლებას, ახალი შედევრების აღმოჩენა-შესრულებას მოიცავს. ევგენი მიქელაძემ იცის, რა აკეთოს და საიდან დაიწყოს. რიგში ჯერ "დონ პასკუალეა".

მიხეილ კვალიაშვილის კანდიდატურის გამარჯვების შემდეგ სოლისტთა პარტიები ნაწილდება და რეპეტიციები ინიშნება.

მიქელაძე დილის 9 საათზე ჯდება ფორტეპიანოსთან და შუადღემდე უსმენს კონცერტმაისტერ ტატაჩკა დუნენკოს. თანდათან იწყებს ხმადაბალ ღიღინსა და ხელის ქნევას. დირიჟორობს ტატაჩკას. ბოლომდე ამუშავებს პარტიტურას. ზეპირად სწავლობს ოპერას. ესწრება სოლისტთა რეპეტიციებს. ცალ-ცალკე ამეცადინებს ორკესტრის ჯგუფებს, ჯერ მევიოლინეებს, შემდეგ ვიოლონჩელისტებს, ბოლოს სასულე და დასარტყამ ინსტრუმენტებზე დამკვრელებს. ძირისძირობამდე არჩევს და ჩაჰკირკიტებს თითოეულ დეტალს. არ ტოვებს არავითარ ხარვეზსა და გაურკვევლობას. არ დაუშვებს ბგერის გაყალბებას, ხმის დაზოგვას:

- აბა, აბა, ნახევარი ხმით ნუ მღერი, - მკაცრად გადასძახებს სოლისტს.

ჯგუფური მეცადინეობებიდან გადადის საერთო რეპეტიციაზე. პროფესიონალს სვამს ახალბედასთან, რომ ცოდნა და გამოცდილება თანაბრად გადანაწილდეს. უმკაცრესად იცავს დისციპლინას. არავითარი ზედმეტი სიტყვა, მოძრაობა, ფეხის ფეხზე გადადებაც კი. დაგვიანებაზე ლაპარაკი ზედმეტია.

მაგრამ ოპერა ხომ ნაწარმოების მუსიკალურ-სცენური ხორცშესხმის ერთობლიობაა. და დირიჟორი თვალყურს ადევნებს წარმოდგენის რეჟისორულ-მხატვრულ გადაწყვეტასაც, მიზანსცენების, დეკორაციების, კოსტიუმების, განათების, ნაწარმოების შემადგენელი ყველა კომპონენტის შერჩევა-სრულყოფას. ვოკალური პარტიების დამუშავებასთან ერთად, მსახიობებს მოქმედების განვითარებისთვის აუცილებელ ფიზკულტურულ ილეთებს ასწავლის. დაბოლოს, კლასიკური იტალიური კომედიის სტილში გადაწყვეტილი "დონ პასკუალეს" მხატვრული გაფორმება სრულდება. ინიშნება პრემიერა, რომელიც დიდი წარმატებით ჩაივლის.

1933 წელი

ევგენი მიქელაძე კონსერვატორიის სტუდენტებისა და ოპერის მუსიკოსებისგან პირველ ქართულ სიმფონიურ ორკესტრს აყალიბებს, რასაც საზოგადოება, ერთი მიზეზის გამო, გულგრილად ხვდება: ვოკალური და საოპერო მუსიკის ტრფიალთათვის სიმფონიზმის არსის განმარტება არავის უცდია. მარცვალი მწირ ნიადაგზე დაეცა.

"ბრწყინვალე დასაწყისი საკადრისი ყურადღებით არავის გარემოუცავს, - წერდა "ზარია ვოსტოკას" მიმომხილველი, - შესაბამისი უწყებები დუმან. დასწრება არასაკმარისია. გაზეთ "საბჭოთა ხელოვნების" ახალ ნომერში ორკესტრის შესახებ სიტყვაც არ თქმულა".

ვითარება მალე შეიცვალა. სიმფონიზმის ლაბირინთებში გზამკვლევისა და ერთგვარი მუსიკალური განმანათლებლის მისია, რუსი კოლეგების - სოლერტინსკის, ასაფიევის - მსგავსად, კრიტიკოსმა ლადო დონაძემ იკისრა. ტრადიციად იქცა ოპერის თეატრში ყოველკვირეულად გამართული "სიმფონიური ორშაბათობები", რომელზეც უცხოელ შემსრულებლებს - პოლიაკინს, იუდინას, ობორინს და დირიჟორებს - უნგერს, ბრეხერს, ფრიდს, შტიდრს - იწვევდნენ.

ქართველი შემსრულებლების აკომპანემენტის თანხლებით მღეროდა ობორინი, უკრავდნენ ცომიკი და იუდინა. სოლისტთა პარტიებს ინაწილებდნენ დავით ანდღულაძე და პერტე ამირანაშვილი. ორკესტრის წამყვან ხმებად შერჩეულნი იყვნენ ოპერის თეატრის მუსიკოსები. მათგან ითვისებდნენ გამოცდილებას კონსერვატორიის სტუდენტები. ანუ სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის შემოქმედებით ბაზად ყალიბდებოდნენ კონსერვატორიისა და ოპერის თეატრის შემსრულებლები, რომლებიც, ერთი მიზეზის გამო, მოწვეული სპეციალისტების მორიგ სასიცოცხლო ნაკადს საჭიროებდნენ: საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რესპუბლიკიდან ჩამოყვანილი პროფესიონალები ახალშექმნილი მუსიკალური ორგანიზმის საშემსრულებლო დეფიციტის შევსებასა და ეროვნული კადრების აღზრდას უნდა მომსახურებოდნენ...

და ორკესტრის დამაარსებელმა, მთავარმა დირიჟორმა ევგენი მიქელაძემ დაიწყო საქმიანი შეხვედრებით აღსავსე მოგზაურობა: მოსკოვსა და ლენინგრადში, კიევსა და ტაგანროგში, ბაქოსა და ერევანში, ადგილობრივ ხელისუფლებასთან მოსალაპარაკებლად, შერჩეული მუსიკოსებისთვის, საქართველოში დამკვიდრების სანაცვლოდ, საუკეთესო საყოფაცხოვრებო პირობების შესათავაზებლად.

და თბილისისკენ დაიძრნენ მევიოლინეები: სლეზნიკოვი, სტუპელი, ჩერნიავსკი, მიტმანი, ვულფი. კლარნეტისტები: მელენტიევი და პეიჩი; ვალტორნისტი კორსუნი; ფლეიტისტები: ზასოდიმსკი და მადათოვი; ფაგოტისტები: ნეიმანი და გამბარიანი; მესაყვირე გარბუზოვი; ტრომბონისტი და ტიმპანისტი ძმები გილდები; ჰობოიზე დამკვრელები: ხარიტონოვი და მოცაკიანი...

მაესტრომ ჩამოსულებს დანაპირები შეუსრულა: ახალი ფრაკებით შემოსა, საუკეთესო ბინები დაუქირავა, რამდენიმე ადგილას დაასაქმა, ორმაგი, სამმაგი ხელფასი დაუნიშნა.

მოწვეულებმაც გაამართლეს: ორკესტრი გააძლიერეს, კონსერვატორია გამოაცოცხლეს, კადრები აღზარდეს. აი, მაგალითად: მევიოლინე სტუპელის მოსწავლე ვილშაუ იყო, ვილშაუსი - შიუკაშვილი, შიუკაშვილის - ლიანა ისაკაძე...

"თვითგამორკვევის პროცესი დასრულდა, - წერდა ლადო დონაძე, - ცალკეულ ჯგუფებს შორის დარღვეული წონასწორობა აღდგა. საორკესტრო შტატი ახალი ინსტრუმენტული ძალებით შეივსო და 70-კაციან ანსამბლად ჩამოყალიბდა, რომელიც ციკლურ კონცერტებს გეგმავს, გავლენისა და მოქმედების სფეროებს აფართოებს, რეპერტუარის ტრადიციულ რკალს არღვევს. კლასიკოსთა მრავალგზის გადამღერებულ შედევრებს ნაჩვევ თბილისელებს მუსიკალური მემკვიდრეობის კოლოსალურ პლასტებს: ბერლიოზს, ბრუკნერს, მალერს, ბრამსს, შტრაუსს, სტრავინსკის, შოსტაკოვიჩს სთავაზობს. დიაპაზონს მარტო საერთაშორისო მასშტაბით კი არ აფართოებს, პროგრამის ძირითად ფონდში ქართველ კომპოზიტორთა უკანასკნელი ნიმუშები შეაქვს".

თანამედროვე ქართველ ავტორებს შორის შალვა მშველიძის გვარი ფიგურირებს. მიქელაძის მიერ "ფშაურის", "აზარის" ახმიანებამ ვოკალური ჟანრით შემოსაზღვრული მეორე თაობის კომპოზიტორის შემოქმედებითი ფანტაზიის მრავალმხრივობა და საორკესტრო შესაძლებლობები ნათელყო. ფოლკლორზე დამყარებული სადა, ნათელი შტრიხებითა და რეალისტური ენით გადმოცემული ესკიზების თვითმყოფადობა წარმოაჩინა.

იგივე ითქმის გრიგოლ კილაძის სიმფონიაზეც.

"ქართული სუიტის" უბრალოებაში მიქელაძემ ნაწარმოებიდან გამომდინარე ტოტალური რიტმული ჩონჩხი, საფუძველი იპოვა, რითაც ქმნილება კიდევ უფრო გაამდიდრა. რიტმუს, რიტმუს ტოტალუს! - იტყვიან ხოლმე გერმანელები ხანდახან, - წლების შემდეგ მოიგონებს კომპოზიტორის ვაჟი, ლილე.

მშველიძისა და კილაძის გარდა, სრულდება ფალიაშვილის, არაყიშვილის, თაქთაქიშვილის, ტუსკიას შემოქმედება. მდიდრდება რეპერტუარი. ბრწყინვალე შესრულების მიღმა იკითხება ქანცის გამწყვეტი მოსამზადებელი სამუშაო, შიდა სამზარეულოს ურთულესი მექანიზმი. რეპეტიციები იმართება დღეში ორჯერ: დილის 9-დან 12-მდე - ორკესტრანტების, 12-დან 3-მდე - ოპერის მუსიკოსების, რასაც მოსდევს: საღამოს რეპეტიციები, კონცერტები, სპექტაკლები...

მაესტრო დილიდან საღამომდე წითელ ფოიეში ტრიალებს და ჩვეული თავგამოდებით, გამოწვლილვით ჩაჰკირკიტებს დასამუშავებელი ნაწარმოების ნიუანსებს. შეცდომას არავის აპატიებს. თავზე ხელს არ გადაუსვამს. ზედმეტი ქებით არ გააფუფუნებს. სიტყვებს არ შეურჩევს.

- ქალბატონო, სხვა პროფესია არ გაქვთ? -- ეკითხება დიდი კაცის ცოლს, რომელმაც მომღერლობა მოიწადინა.

ევგენი მიქელაძე თავმდაბლობით არ გამოირჩევა. საკუთარ შესაძლებლობებში ღრმად არის დარწმუნებული და ფამილარობის ნებისმიერ მცდელობას ეწინააღმდეგება. რიგით ნაცნობებს, რომლებიც, დაახლოების მიზნით, ჟენიას დაუძახებენ, ცივად მოუჭრის:

- ვისთვის ჟენია, თქვენთვის კი ევგენი სემიონოვიჩი ვარ.

თუმცა, სიმკაცრე და პირდაპირობა სიკეთეს, ქველმოქმედებას არ გამორიცხავს. მიქელაძე პატრონობს, მატერიალურად ეხმარება თანამშრომლებს. კომპოზიტორთა კავშირის გამგეობის სხდომებზე გამუდმებით იბრძვის მათი ხელფასების გასაზრდელად. ტუბერკულოზით დაავადებულ ერთ-ერთ ორკესტრანტს აბასთუმნის სანატორიუმში თვეობით ინკოგნიტოდ ინახავს. სამაგიეროდ, შინაგანაწესის დარღვევასა და "ხალტურას" -- პანაშვიდებზე მუსიკის დაკვრას -- კრძალავს. სატირალში თავადაც არ დადის, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მაესტროს დანახვით შემცბარი შემსრულებლები თავქუდმოგლეჯილები გაიქცნენ. მიქელაძე მოსაბრუნებლად დაედევნათ. გაქცეულებმა იფიქრეს, დატუქსვას გვიპირებსო და უფრო აჩქარდნენ. პანაშვიდი ჩაიშალა.

წვრთნის შედეგი არ აყოვნებს: კომპოზიტორ პროკოფიევის სტუმრობა თბილისელებს განსაკუთრებულ სანახაობას ჰპირდება. სოლო კონცერტი უფერულად მთავრდება. მაყურებელი ავანგარდს, ფაქტობრივად, არ იღებს. მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ განწყობილება იცვლება. პროკოფიევი სიმფონიურ ორკესტრთან ერთად გამოდის აუდიტორიის წინაშე. ევგენი მიქელაძე საფორტეპიანო კონცერტის დაწყებისას დემონსტრაციულად ხურავს პარტიტურას. მოულოდნელობისგან შემცბარი პროკოფიევი, რომელსაც ოცდაათიოდე წლის მაესტროს შესაძლებლობებში ისედაც ეჭვი ეპარება, ფითრდება, დასასრულს კი, უზადო შესრულებით აღფრთოვანებული, ბუნებით უემოციო და თავშეკავებული, დირიჟორს საჯაროდ იკრავს გულში.

გავა დრო და ამ შემთხვევას არაერთი თვითმხილველი გაიხსენებს, როგორც ნოვატორი კომპოზიტორის ყველაზე თამამ გამოწვევას და პასუხს კითხვაზე:

- შეძლებს კი ახალგაზრდა დირიჟორი უცნობი და ურთულესი პარტიტურის სამ დღეში შესწავლას?

გავა დრო და მოსკოვის დიდი თეატრის დირიჟორი, თბილისში დაბადებულ-გაზრდილი, ევგენის კბილა და თანაკლასელი ალექსანდრე მელიქ-ფაშაევი ერთ-ერთ მეგობრულ სუფრაზე იტყვის:

- ჩვენ ყველანი კაპელმაისტერები ვიყავით. დირიჟორი მხოლოდ ჟენია იყო.

1936 წელი

უკვე ორი კვირაა, დავით გამრეკელი კიაზოს ცნობილ არიას - "დამისხი, დამალევინე" - ნელ ტემპში ტკეპნის. საკმარისია, ძლივს მოთოკილმა ტემპერამენტმა მაესტროს მკაცრი გაფრთხილება გადააწონინოს, კონცერტმაისტერ ტატიანა დუნენკოს მოკრძალებული შენიშვნა უმალ ძველ ჰანგზე აბრუნებს:

- მოდერატო, ბატონო დავით, მოდერატო!

- საკმარისია, ტატაჩკა, - მოთმინება აღარ ჰყოფნის მომღერალს, - პარტიტურის ყოველი ნოტი, ფორშლაგო, გრუპეტო და დინამიკური ეფექტი ზეპირად ვიცი.

- კარგი, კარგი, - დათმობაზე მიდის კონცერტმაისტერი, - ცოტა მოვუმატოთ.

და გამრეკელიც ხმის ტონალობისა და სისწრაფის გეგმაზომიერი მატებით მიიწევს საბოლოო მიზნისკენ, კიაზოს პარტიის შესაბამის ტემპში შესრულებისკენ, რასაც ინდივიდუალური, ჯგუფური, ერთობლივი მეცადინეობების ფონზე, მიქელაძის მიერ როლის ფრაზირების მეორე ეტაპი მოსდევს.

ეს მაესტროს მუშაობის სტილია, რომლის წყალობითაც პარტიტურა და მუსიკალური სახის გახსნის ხერხები სამუდამოდ იბეჭდება მომღერლის მეხსიერებაში და რომელიც არასდროს იცვლება. ევგენი მიქელაძისთვის ნებისმიერი ნაწარმოები, ავტორის, ეპოქის, მხატვრული თავისებურებებისა და პოპულარობის მიუხედავად, თანაბრად ფასეულია. ალბათ, ამიტომაც სადეკადო სპექტაკლების სამზადისი მხოლოდ მუსიკოსების ფსიქოლოგიური განწყობით გამოირჩევა ყოველდღიური გაწამაწიისგან.

ფსიქოლოგიურ განწყობას კი იანვრისთვის დაგეგმილი ღონისძიების მნიშვნელობა განსაზღვრავს. ქართული ხელოვნების პირველმა დეკადამ, რომელიც მოსკოვის დიდ თეატრში გაიმართება, სრული სიცხადით უნდა წარმოაჩინოს მიქელაძის სახელთან დაკავშირებული ნახტომი ქაოსიდან სრული მუსიკალური წესრიგისკენ, ერთეული გამონათებებიდან პროფესიონალთა ვარსკვლავთცვენისკენ, სიმფონიზმის ვაკუუმიდან სისხლსავსე საორკესტრო ცხოვრებისკენ...

პროგრამაში, ოთხი ოპერის გარდა ("დაისი", "აბესალომ და ეთერი", "ქეთო და კოტე", "დარეჯან ცბიერი"), ვახტანგ ჭაბუკიანისა და ევგენი მიქელაძის ერთობლივი ნაღვაწი, პირველი ქართული ბალეტი "მზეჭაბუკიც" არის, მაგრამ ის, გარკვეული გარემოებების გამო, ბოლო წუთს ქრება სადეკადო წარმოდგენების სიიდან.

მაესტროს მთელი ყურადღება "დაისსა" და "აბესალომზე" გადააქვს. მიქელაძე ასკვნის: დიდი ოპერის სტილში გადაწყვეტილი "აბესალომ და ეთერი" სინამდვილეში ლირიკული ნაწარმოებია, რის გამოც კორექტირება-კუპიურებას, სპილენძისა და დასარტყამი ინსტრუმენტების ჟღერისგან განტვირთვას, ერთი და იმავე მუსიკალური ეპიზოდების დუბლირებაზე უარის თქმას საჭიროებს. შედეგად, დაიხვეწება და შემსუბუქდება მელოდია, მოიხსნება საორკესტრო საკრავების არასასურველი ფონი, აღარ გადაიფარება მომღერლების ხმა, კონტექსტიდან ამოვარდნილი ეპიზოდებისგან განთავისუფლდება და კომპოზიციურად გამთლიანდება სიუჟეტი. შეიცვლება "დაისიც", რაც შესაძლებელია, ოპონენტებმა მუსიკის გაღარიბებად მონათლონ. მიქელაძეს ისევ კომპოზიტორის თვითკრიტიკული განწყობა ეხმარება. "აბესალომ და ეთერის" გაჭიანურებული მოქმედება თურმე ზაქარია ფალიაშვილსაც არ მოსწონდა. მან ოპერიდან მთელი სურათი ამოიღო, პარტიტურის საბოლოო სრულყოფა კი ვეღარ მოასწრო. გაცილებით თამამი რედაქტორი გამოდგა მიქელაძე, რომელმაც სპექტაკლის პირველი ორი ნაწილი გააერთიანა, ზოგიერთი მუსიკალური ადგილი გადააადგილა და შეამცირა, ერთ-ერთ სცენაზე კი უარი თქვა.

განახლებულმა სპექტაკლებმა ჯერ თბილისის ოპერის, შემდეგ მოსკოვის დიდი თეატრის სცენები დაიპყრო. მუსიკალური შედევრებით განებივრებულ მოსკოვს სტუმრებმა პროვინციული, იაფფასიანი ხელოვნების ნაცვლად, პირველხარისხოვანი ნაწარმოებები შესთავაზეს. ეს იყო შემოქმედება, რომლის ხორცშესხმასაც ნებისმიერი თეატრი ისურვებდა (მოგვიანებით "დაისი" და "აბესალომი" რუსეთის ოპერების რეპერტუარში შეიტანეს), ქართული არიები, რომელთა ენა ყველას ესმოდა...

ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ უცნაურია, რომ 1937 წელს ევგენი მიქელაძეს შინსახკომმა, პოლიტიკურთან ერთად, პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული ბრალდებებიც წაუყენა. იზოლატორში გამოკეტილი დირიჟორი კი, ალბათ, ფიქრობდა: თუ ნიჭი, პატრიოტიზმი და საქმის სიყვარული დანაშაულია, გამოდის, ექვსი წლის განმავლობაში ასობით ქართველი და არაქართველი მაყურებელი აღფრთოვანებულ ოვაციებს "დამნაშავეს" უმართავდა, ხოლო "მავნებლობას" შედეგად ლეგენდარული "დაისისა" და "აბესალომის" აღორძინება, ეროვნული სიმფონიზმისა და ბალეტის დაბადება მოჰყვა. ან იქნებ ლენინგრადის ცივი ზამთრებისა და თბილისის მჩქეფარე ცხოვრების მომცველი გზა მხოლოდ ილუზია იყო და ევგენის გემოვნება არც თეთრი მარმარილოს დარბაზში მოსმენილ კონცერტებს და არც ასაფიევის ნაშრომებს არ დაუხვეწია. იქნებ თბილისის ოპერის თეატრის სალაროსთან არასოდეს გამწკრივებულა უზარმაზარი რიგები, თავისუფალი მსმენელებით არ გაჭედილა კონსერვატორიის სადირიჟორო კლასი და მუსიკის ზეიმად არ ქცეულა „სიმფონიური ორშაბათობები". იქნებ რეალობა ქობულოვ-აბაზოვის მიერ შეთხზულ დოკუმენტებში ჩამოთვლილი ბრალდებები იყო, რომელთა აღიარებით მალკოსა და გაუკის რჩეულ მოსწავლეს, ოცზე მეტი დასახელების ოპერის დირიჟორს მუსიკის ჯადოქრის სახელის დათმობას აიძულებდნენ. და არა მხოლოდ სახელის, არამედ თავისუფლების, სიცოცხლისაც...
 
მოკლე ბიოგრაფიული ცნობები:

ევგენი სიმონის ძე მიქელაძე 1903 წლის 27 ივნისს, ბაქოში დაიბადა. მოგვიანებით, დედასა და დასთან ერთად, თბილისში გადადის საცხოვრებლად, კადეტთა კორპუსსა და რეალურ სასწავლებელში სწავლობს, სპორტულ საზოგადოება "შევარდენში" ვარჯიშობს, სამხედრო-სასულე ორკესტრში უკრავს. 1925 წელს ახალგაზრდა მუსიკოსთა საზოგადოების მიერ ჩამოყალიბებული სიმფონიური ორკესტრის (დირიჟორი ივანე ფალიაშვილი) ვალტორნისტია.

1928 წელს თბილისის კონსერვატორიის საკომპოზიტორო-თეორიული განყოფილებიდან ლენინგრადის კონსერვატორიის ჯერ ვალტორნისტთა, შემდეგ სადირიჟორო კლასში გადადის, ცნობილი მუსიკოსების - მალკოსა და გაუკის - საუკეთესო მოწაფე ხდება. 1931 წელს, ლენინგრადის კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ, თბილისის ოპერის თეატრში იწყებს მუშაობას. აარსებს პირველ ქართულ სიმფონიურ ორკესტრს, აღორძინებს ზაქარია ფალიაშვილის ოპერებ ს- "დაისი" და "აბესალომ და ეთერი", დირიჟორობს ოცზე მეტ მუსიკალურ სპექტაკლს, ხდება ოპერის თეატრის მთავარი დირიჟორი და სამხატვრო ხელმძღვანელი.

1937 წელს საბჭოთა ხელისუფლება, კონტრრევოლუციონერობის ბრალდებით, აპატიმრებს და სიკვდილს უსჯის. რეპრესიები ეხება ახალგაზრდა მაესტროს ოჯახის დანარჩენ წევრებსაც.

ავტორი: შორენა ლებანიძე