შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტს ბორის ჯონსონს დიდი შვიდეულის სამიტზე პირისპირ შეხვედრისას განუცხადა, რომ ბრექსიტის შემდეგ, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის მნიშვნელოვანი და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულება გაფორმდება.
ტრამპმა ასევე შეაქო ბორის ჯონსონი, რადგან მას "სურს საკუთარი ქვეყანა ევროკავშირიდან გამოიყვანოს".
დიდი შვიდეულის წევრი სახელმწიფოები 45-ედ შეიკრიბნენ სამიტზე, რომელსაც წელს საფრანგეთის საკურორტო ქალაქი ბიარიცი მასპინძლობს.
დიდი შვიდეულის სამიტი აშშ-ისა და ჩინეთის სავაჭრო ომის, ირანის ბირთვული შეთანხმების, ჰონკონგში მიმდინარე საპროტესტო აქციებისა და ამაზონის ტყის ხანძრის ფონზე მიმდინარეობს.
სამიტი გუშინ, 24 აგვისტოს შეიკრიბა და 26 აგვისტომდე გასტანს.