ENG / RUS

საქართველო იმიტომ დავტოვე, რომ სისხლისღვრა შემეჩერებინა - ზვიად გამსახურდიას დღემდე უცნობი ინტერვიუ

რესპოდენტის შესახებ

საქართველოს პირველი პრეზიდენტი

საქართველოს პირველი პრეზიდენტი

1992 წლის დასაწყისში მომხდარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ,  საქართველოს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია იძულებული გახდა სომხეთის გავლით ჩეჩნეთში, გროზნოში გადასულიყო, სადაც გენერალმა ჯოჰარ დუდაევმა თავშესაფარი მისცა. ზვიად გამსახურდიამ, ქვეყნიდან წასვლის შემდეგ, პირველი ინტერვიუ სომხეთის სახელმწიფო სააგენტოს „არმენპრესს“ მისცა.  

საინფორმაციო სააგენტო „არმენპრესმა“ საარქივო მასალა, ექსკლუზიურად „ჯი-ეიჩ-ენს“ გადასცა.

„ჯი-ეიჩ-ენი“ მადლობას უხდის სომეხ კოლეგებს საარქივო მასალის მიწოდებისა და გაწეული დახმარებისთვის. ინტერვიუ 1992 წლის 11 იანვარს გამოქვეყნდა, სომხურ ენაზე.

- ბატონო ზვიად, უცხო ქვეყნების ხელისუფლებისადმი ბოლო მიმართვაში აღიარეთ, რომ არ აპირებთ გადადგომას. რა იმედებს უკავშირებთ ამ განცხადებას?

-ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი ადამიანთა, მათ შორის, საკმაოდ საეჭვო რეპუტაციის მქონე  გარკვეული ჯგუფების სურვილის მიხედვით არ უნდა გადადგეს. მე მხოლოდ ამომრჩეველთა მოთხოვნის შემდეგ გადავდგები. არ ვაპირებ პოლიტიკური არენიდან წასვლას, თუნდაც ამას ჩემი ოპონენტები მოითხოვდნენ.

 - მაგრამ როგორ ახსნით თქვენივე ქვეყნიდან, თქვენს დევნილის მდგომარეობას?

- ეს ჩვეულებრივი შეთქმულების შედეგია. დიახ, მე დავტოვე საქართველო, მაგრამ არა იმიტომ, რომ წინააღმდეგობის გაწევა არ შემეძლო, არამედ იმიტომ, რომ სისხლისღვრა შემეჩერებინა.

-ეს უფრო ადრე რატომ არ გააკეთეთ, ბუნტის მეორე ან მესამე დღეს?

-ფიზიკურად არ შემეძლო. ჩემი რეზიდენცია ისე იყო ალყაშემორტყმული, რომ ბლოკადის გარღვევა ვერ მოვახერხეთ. მხოლოდ ორშაბათს, 6 იანვარს, შევძელით ამის გაკეთება.

-ბატონო პრეზიდენტო, ცენტრალური ტელევიზიით აჩვენეს თქვენი თავშესაფარი, სადაც ბოლო დღეებს ატარებდით. იქ აღმოჩენილია რაღაც სპეციალური ნივთები, რომლებიც ადამიანების წამებისთვის იყო განკუთვნილი. რა კომენტარს გააკეთებდით ამ ინფორმაციაზე?

-ეს აბსოლუტური სიცრუეა, რომელიც სპეციალურად, დეზინფორმაციისთვის გავრცელდა. ჩემი ოპონენტები იქამდე დაეცნენ, რომ რაღაც ზღაპრული მილიონების მოპარვაში დამადანაშაულეს. ეს აბსოლუტური ტყუილია.

-ბატონო პრეზიდენტო, შეცდომებისგან არავინ არის დაზღვეული, მთავარია მათი დანახვა და აღიარება. თქვენ გქონდათ შეცდომები, და თუ ასეა, რა დასკვნები გამოიტანეთ?

-რა თქმა უნდა, მქონდა. სახელმწიფოს არც ერთ მოღვაწეს არ შეუძლია ამის თავიდან არიდება. ჩემი შეცდომა ის იყო, რომ ზოგიერთი ადამიანის მიმართ ძალიან რბილი და მიმნდობი ვიყავი, ეს ის ადამიანები იყვნენ, რომლებმაც შემდეგ გადატრიალება მოახდინეს.

-შეგიძლიათ განმარტოთ ოპოზიციის მიზანი?

 -მათი მიზანი ნათელია -  ხელისუფლების მიტაცება, ლეგიტიმური მთავრობის დამხობა. ამასთან, ისინი იყენებდნენ ყველა მეთოდს ხელისუფლებაში მოსასვლელად. და მათი კიდევ ერთი მიზანი სიმდიდრის ხელში ჩაგდება იყო.

-აქვს თუ არა ედუარდ შევარდნაძეს კავშირი  მოვლენებთან, რომელიც საქართველოში ხდება?

-უშუალო კავშირი აქვს. ის არც მალავს ამას. ის ტკბება პუტჩისტების ქმედებებით, ლეგიტიმური, ხალხის მიერ არჩეული მთავრობის სისხლით დამხობას კი დემოკრატიად მიიჩნევს. ის მომხდარის მთავარი იდეოლოგი და სულისჩამდგმელია.

-თუ გაქვთ რაიმე გეგმა მომავალი საქმიანობისა და ცხოვრების შესახებ. სავარაუდოდ ყველა საიდუმლოს გამხელას არ მოისურვებთ, ამას არც გთხოვთ. მაგრამ ზოგადად შეგიძლიათ ისაუბროთ?

-მე ვამხელ იმ ბოროტებას, რაც დღეს საქართველოში ხდება და ამისთვის მთელს ჩემს შესაძლებლობას გამოვიყენებ. ჟურნალისტების ვიზიტსაც განვიხილავ, როგორც ამ ჯაჭვის ერთ რგოლს. დღეს ჩემი ერთადერთი იარაღი - სიმართლეა, რომელიც თქვენი დახმარებით მინდა ჩემს ხალხამდე მივიტანო.

-თქვენი აზრით, როგორ განვითარდება საქართველოში მოვლენები?

-ვფიქრობ, რომ ანარქია გაგრძელდება. ახალი მთავრობა ვერ შეძლებს ვითარების გაკონტროლებას. საქართველოში არასასურველი მოვლენები განვითარდება.

-ვივარაუდოთ, რომ სასამართლო თქვენს სასარგებლოდ არ გამოიტანს გადაწყვეტილებას. როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი შემდგომი ბრძოლა სამართლიანობის აღსადგენად? და ამასთან დაკავშირებით რა სარგებელს მოგიტანთ სომხეთი და მისი მოსახლეობა?

-ამჟამად სომხეთის ტერიტორიაზე ვიმყოფები. ხელისუფლება სრული უსაფრთხოების გარანტიას მაძლევს, მე თქვენი ხელისუფლების მხარდაჭერის იმედი მაქვს. არ მგონია, რომ ხალხის მიერ არჩეულ მთავრობას კონსტიტუციურად არ დაუჭიროს მხარი მეზობელმა სახელმწიფომ. სომხეთის ხელისუფლებამ ჩემს მიმართ უკვე გამოიჩინა ჰუმანურობა და ვიმედოვნებ, რომ მომავალშიც ასე იქნება ჩემი კანონიერი სტატუსის გარკვევამდე. მინდა ამის მჯეროდეს...

-როგორ ფიქრობთ, ოპოზიცია რომელ მთავარ ბრალდებას წაგიყენებთ?

-ისინი ნებისმიერ ბრალდებას წამიყენებენ, რაც თავში გაუელვებთ. მათგან ყველანაირ უღირს ქმედებას ველოდები.

-თენგიზ სიგუა პრემიერ-მინისტრად თქვენ დანიშნეთ. რითი ახსნით თქვენი შეხედულებების განსხვავებას, რომელიც შემდეგ გამოიკვეთა?

-ეს იყო გაბოროტებული ადამიანის პოზიცია. პასუხი ჩემს მიერ პრემიერის პოსტიდან მის გათავისუფლებაზე.

-მისი ხასიათის რა თვისებები გაითვალისწინეთ, როდესაც ის ასეთ მაღალ თანამდებობაზე - მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე დანიშნეთ?

-პრემიერ-მინისტრად სიგუას დანიშვნა ჩემი შეცდომა იყო.

-დავუბრუნდეთ საუბარს იმის შესახებ, თუ როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი ცხოვრება, როდესაც პრეზიდენტი აღარ იქნებით?

-არ შეიძლება, რომ პრეზიდენტი არ ვიყო. ხალხი მე მხარს მიჭერს. ხალხს არ უნდა ჩემი გადადგომა. იმის მიუხედავად, რომ პუტჩისტებმა ჩემი დამხობის შესახებ განაცხადეს, მე მაინც საქართველოს პრეზიდენტად ვრჩები. მათი განცხადებები ჩემთვის კანონი არ არის.  კვლავ ვიმეორებ - მე საქართველოს კანონიერი პრეზიდენტი ვარ.

-ბატონო პრეზიდენტო, როგორ ახსნით ქართული ინტელიგენციის ასეთ კრიტიკულ დამოკიდებულებას თქვენს მიმართ?

-ეს საქართველოს ინტელიგენცია არ არის. ეს მისი მცირე ნაწილია, პარტიული ნაწილი. ეს არიან ადამიანები, რომლებიც კომუნისტების დროს სარგებლობდნენ ყველანაირი სიკეთით, დღეს კი ამას მოკლებულნი არიან.

-სროლის ბრძანება პირადად თქვენ გაეცით?

-საქმე ბრძანებამდე არ მისულა. ყველაფერი მოულოდნელად დაიწყო. მე ერთ-ერთ სამუშაო კაბინეტში ვიმყოფებოდი. უცებ ყველა მხრიდან დაიწყო მთავრობის სახლის წინააღმდეგ სროლა. ბუნებრივია, რომ დაცვამ საპასუხო ცეცხლი გახსნა. ბრძანებას არავინ დალოდებია. ამის სურვილიც რომ მქონოდა, ვერ მოვასწრებდი ასეთი ბრძანების გაცემას.

-ბატონო პრეზიდენტო, ასეთი პოლიტიკური კარიერული წინსვლის შემდეგ, იფიქრებდით, რომ ყველაფერი ასე სამწუხაროდ დასრულდებოდა?

-საქმის ასეთ შემობრუნებას არ ველოდი. რა თქმა უნდა, ვიცოდი, რომ მოსალოდნელი იქნებოდა ყველანაირი ჭორის გავრცელება, რაღაც ბრალდებები. მე მიჩვეული ვარ ამას. მაგრამ ის, რომ ადამიანები იმდენად გამხეცდებოდნენ, რომ თავიანთი ხალხის სისხლის ღვრას დაიწყებდნენ, არ ველოდი. 

- გუშინ შევხვდი რეჟისორ გიორგი შენგელაიას, თქვენი ბავშვობის მეგობარს. მან მითხრა, რომ თქვენი დავალებით ცენზურაა დაწესებული ბეჭდვით საშუალებებზე, რის გამოც ხალხამდე არ მიდის მართალი ინფორმაცია.

 -სასაცილოა ამის მოსმენა. საქართველოში გამოიცემა 20 ოპოზიციური გაზეთი, რომლებიც წერენ ყველაფერს, რაც მოესურვებათ. ჩემ მთავრობას მხოლოდ რამდენიმე გაზეთი აქვს.

- თქვენ ხშირად ჩამოდიოდით სომხეთში?

-ადრე ჩამოვდიოდი. მაგრამ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტად ამირჩიეს, ჯერ არსად ვყოფილვარ. ვიზიტებისთვის დრო არ მრჩებოდა.

-მითხარით, თუ შეიძლება, „მრგვალი მაგიდის“ რომელი წარმომადგენლები არიან თქვენი ძირითადი მოკავშირეები?

-ყველა ის, ვინც ერთგული დარჩა ადამიანის უფლებების დაცვის, საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ბრძოლის.

-და ისინი გააგრძელებენ ბრძოლას?

-ვფიქრობ, რომ კი. მაგრამ მიზნის მიღწევისთვის შეიარაღებული ბრძოლა მეთოდი არ არის. დღეს ახლა ამას აზრი არ აქვს, რადგან ორივე მხარეს დიდი რაოდენობით იარაღი დაუგროვდა.

-არ გაქვთ სურვილი, აქედან მიმართოთ ქართველ ხალხს?

-არ მაქვს ასეთი შესაძლებლობა, ეს ტექნიკურად შეუძლებელია.

 -შესაძლებლობა რომ გქონოდათ, რას უსურვებდით თქვენს ხალხს?

-მოვუწოდებდი, არ დამორჩილებოდნენ ხუნტას, ებრძოლათ საქართველოს კანონიერი, კონსტიტუციური მთავრობის აღდგენისთვის, რომელიც ქართველი ხალხის აბსოლუტურმა უმრავლესობამ აირჩია. ასევე, ყველა საშუალებებით გამოეაშკარავებინათ ხალხის მტრების სისხლიანი ქმედებები.

 -როგორც მივხვდი, ფარ-ხმლის დაყრას არ აპირებთ?

-რა თქმა უნდა, დანებებას არ ვაპირებ.

-არ მოგსვლიათ აზრი, რომ ემიგრაციული მთავრობა შეგექმნათ?

-შესაძლოა, ასეც მოხდეს. არ არის გამორიცხული.

-რას ფიქრობთ გავრცელებულ ინფორმაციაზე, როდესაც საქართველოს ტახტის მემკვიდრემ გიორგი ბაგრატიონმა, რომელიც ესპანეთში ცხოვრობს, საქართველოს მეფობის სურვილი გამოთქვა?

-გულახდილად გეტვით, ამ განცხადებამ ძალიან გამაკვირვა. არ მესმის მან ასეთი განცხადება რატომ გააკეთა. ეს უცნაურია იმ ადამიანისგან, რომელიც წინაპრების სამშობლოში არასდროს ყოფილა და მშობლიური ენაც კი არ იცის.

 - და ბოლო კითხვა. თუ კი მოგეცემათ შესაძლებლობა თავიდან დაიწყოთ პოლიტიკური კარიერა, საქართველოსთვის რომელ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ფორმირებას აირჩევდით?

-ბუნებრივია, დემოკრატიულ წყობას.

ლევონ აზროიანი, საინფორმაციო სააგენტო „არმენპრესის“ კორსეპონდენტი.