ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მოზადებაში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით, სასამართლო განცხადებას ავრცელებს.
"2018 წლის 17 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულ გ.მ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის და ამავე საქმეზე ბრალდებულ ლ.ქ.-სა და რ.შ.-სთან ერთად, წინასასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრის თაობაზე.
წარდგენილი ბრალდების თანახმად ბრალდებულებმა ჩაიდინეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, შეკვეთით, განზრახ დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის მომზადება.
საქმის მასალების თანახმად ბრალდებულებს, როგორც შსს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილესა და სამსახურების უფროსებს დაევალათ ბიზნესმენ არკადი პატარკაციშვილის ლიკვიდაციის გეგმის შემუშავება. ბრალდებულებმა შეისწავლეს ბიზნესმენის, მისი გარემოცვის, დაცვისა და მისსავე ობიექტებზე მომუშავე პერსონალის გადაადგილების გეგმა, ასევე განახორციელეს შესაბამისი ნებართვის გარეშე მათი საუბრების ფარული მოსმენა-მიყურადება. გეგმის თანახმად, არკადი პატარკაციშვილის მოწამვლის, აფეთქების ან ნებისმიერი სხვა ხერხით მისი ფიზიკური ლიკვიდაციის მიზნით ქმედებები განხორციელდა ბიზნესმენის მიერ ქვეყნის დატოვებამდე.
აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულებს ბრალად ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესაძლო ჩადენა, რომელიც სასჯელის სახედ მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულ გ.მ.-ს მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების და საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის განადგურების საფრთხეთა გათვალისწინებით, სასამართლომ მის მიმართ პატიმრობა გამოიყენა.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 04 დეკემბერს გაიმართება", -ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.