ლიეტუვაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ლიეტუვის სეიმის (პარლამენტის) მთავარ დარბაზში, რუსეთის 2008 წლის სამხედრო აგრესიის ათი წლისთავთან დაკავშირებით, გაიმართა ფოტოგამოფენა „Photo Stories: 10 Years since Russia`s military aggression and occupation of Georgian territories".
მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ლიეტუვაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ხათუნა სალუქვაძემ, რომელმაც რუსეთის სამხედრო აგრესიასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. მან მადლობა გადაუხადა ლიეტუვას ტრადიციული მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.
გამოფენის გახსნაზე სიტყვით ასევე წარსდგნენ ლიეტუვის სეიმის სპიკერი ვიქტორას პრანცკიეტისი და სეიმის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრი ლაურინას კაშჩიუნასი.
სეიმის სპიკერმა და მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნეს ლიეტუვის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოსადმი და ხაზი გაესვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე მდგომარეობას. აღინიშნა, რომ დაუშვებელია გამყოფი ხაზების არსებობა და აუცილებელია მეტი ძალისხმევა, რათა რუსეთმა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.
გამოფენაზე წარმოდგენილ იქნა ქართველი მწერლის სალომე ბენიძის და ფოტოგრაფ დინა ოგანოვას წიგნის "HEROes" ფოტომასალა. ასევე გაიმართა აღნიშნული წიგნის პრეზენტაცია, რომელიც ოკუპაციით დაზარალებული ქალების წინაშე არსებულ სირთულეებს და ამ სირთულეების დასაძლევად მათ ბრძოლას აღწერს.
ღონისძიების ფარგლებში ასევე შედგა ბრიტანელი ფოტოგრაფების ჯონ ჯონსისა და მალკოლმ ლინტონის ფოტომასალების გამოფენა "A Story of Internal Displacement Captured on Camera", რომელიც ასახავს იმ ადამიანურ ტრაგედიებს, რასთან გამკლავებაც მოუწიათ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს.
გამოფენის გახსნისას ნაჩვენები იქნა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის და თაკო რობაქიძისა მიერ მომზადებული მოკლემეტრაჟიანი ვიდეორგოლები „მცოცავი საზღვრები" და „ცხოვრება მავთულხლართებთან ერთად".
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ლიეტუვაში აკრედიტებულმა დიპლომატებმა, სეიმის წევრებმა, აკადემიური და ანალიტიკური წრეების წარმომადგენლებმა და ჟურნალისტებმა.