ჩვენი პასუხი ბარიერებსა და ხელოვნურ გამყოფ ხაზებზე არის თანამშრომლობა, – ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი ე.წ. პრემიერის, სერგეი შამბას მიერ გამოცემა „ეხო მასკვისთან“ გაკეთებულ განცხადებას, სადაც შამბა ამბობს, რომ საქართველოსთან დიალოგის დაწყების დროა.
მისი თქმით, დიალოგს, რა თქმა უნდა, ალტერნატივა არ გააჩნია, მაგრამ ეს დიალოგი არ უნდა იყოს პოლიტიზებული.
„ჩვენი პასუხი ბარიერებსა და ხელოვნურ გამყოფ ხაზებზე არის თანამშრომლობა. თანამშრომლობა ევროპული ინტეგრაციის სიკეთეების გაზიარების კუთხით. საქართველოს მიერ წარდგენილი სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ითვალისწინებს სწორედ ამ სამშვიდობო ინიციატვების გაზიარებას ოკუპირებული ხაზის მეორე მხარეს მყოფი ჩვენი თანამოქალაქეებისთვის.
ვაჭრობის, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის განვითარების კუთხით, განათლებაზე ხელმისაწვდომობის, ევროპაში თავისუფალი გადაადგილების კუთხით. ჩვენ ვფიქრობთ, ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა დიალოგის კუთხით და სწორედ ამ შესაძლებლობას ვთავაზობთ მათ“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.