ENG / RUS       12+

გივი ხაჭაპურიძე: ქართველ ამომრჩეველთა უმრავლესობა ემოციურ ფონზე იღებს გადაწყვეტილებებეს

რესპოდენტის შესახებ

„ჯი-ეიჩ-ენის“ კითხვებს „პი-არ საკონსულტაციო ჯგუფის“ ხელძღვანელმა გივი ხაჭაპურიძემ უპასუხა

რამდენად კორექტულად მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია?

კორექტულ გარემოს თავად პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები აყალიბებენ. იმ ვითარებაში, როდესაც კორექტულობა მათში რბილად რომ ვთქვათ მოიკოჭლებს, წინასაარჩევნო კამპანიას კორექტულობა აკლია. რა თქმა უნდა დადებითი ტენდენციები გვაქვს გასულ წლებთან შედარებით, თუმცა იმაზე საუბარი, რომ კორექტულობის ზენიტშია სივრცე, ნაადრევია. ქვეყანას ალბათ კიდევ არაერთი არჩევნების ჩატარება მოუწევს, რომ მაღალ სტანდარტს მიაღწიოს. დღეს ჩვენ ვხედავთ კამპანიას, რომელიც ძირითადად ე.წ. „შავი პიარით“ არის გაჯერებული. რაც უფრო მივუახლოვდებით არჩევნების თარიღს, სავარაუდოდ გარემო უფრო არაკორექტული გახდება.

რას უნდა ველოდოთ, რის საფუძველზე გააკეთებს არჩევანს ამომრჩეველი - სარჩევნო პროგრამების, ერთფრაზიანი ფრთიანი დაპირებების თუ პოლიტიკურ ემოციური ნარჩენების?

ამომრჩეველთა საკმაოდ დიდი ნაწილი ჩამოყალიბებული არ არის თუ ვის სასარგებლოდ გააკეთებს არჩევანს. ეს სხვადასხვა კვლევებიდანაც ჩანს. სხვა თემაა რამდენად ზუსტია და სანდოა ეს მონაცემები, მაგრამ ტენდენციას მაინც ასახავს. საზოგადოებაში არსებობს ნიჰილიზმი, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ეს ვითარება გვაქვს, საზოგადოებამ მაინც ვერ აღმოაჩინა ის, ვისაც ამ ნიჰილიზმის ჟამს ენდობა და ვის სასარგებლოდაც მიიღებს გადაწყვეტილებას. ამომრჩეველი ჯერ კიდევ ელოდება მისთვის სასურველ პოლიტიკურ ძალას, თუმცა არჩევნებამდე ორი თვით ადრე პრაქტიკულად წარმოუდგენელია მსგავსი ძალის გამოჩენა, რომელიც გადაუწყვეტელი ამომრჩევლის უმრავლესობის მობილიზებას შეძლებს და მიიყვანს საარჩევნო ყუთებთან. შესაბამისად, უნდა ველოდოთ ამომრჩეველთა დაბალ აქტივობას, თუ მმართველი პარტია არ გააქტიურდება და ვერ შეძლებს მიიტანოს გაკეთებული საქმე ამომრჩევლამდე, რათა დაიბრუნოს ერთ დროს ლოიალური ელექტორატი.

ასეთ პირობებში, საბოლოო გადაწყვეტილებას ამომრჩეველი სავარაუდოდ ისევ დაპირებებზე და ემოციებზე დაყრდნობით მიიღებს, რადგან საარჩევნო პროგრამებს ნაკლები ყურადღება ექცევა. მართალია, იმატა ისეთი ამომრჩევლის რიცხვმა, რომელიც რაციონალურ და გაანალიზებულ გადაწყვეტილებებს იღებს, თუმცა არა იმდენად, რომ ეს გადამწყვეტი იყოს. გვესმის სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებისგან ფრაზები, რომლებიც თუ ოდნავ მაინც დავაკვირდებით პრაქტიკულად რეალობას არის აცდენილი. პენსიების დაუყოვნებლივი ზრდა, გადასახადების შემცირება და გაუქმება, მინიმალური ხელფასის დაკანონება და ა.შ. ყველას გვახსოვს 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნების დროს ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის კანდიდატის კამპანიის სლოგანი „გაზი - 10 თეთრი, დენი - 5 თეთრი, წყალი - უფასო!“ და ეს კანდიდატი მეორე ადგილზე გავიდა. მსგავსი ფრთიანი ფრაზეოლოგია შეინიშნება მიმდინარე საარჩევნო კამპანიაში.

2013 წლის არჩევნებზეც იმუშავა საფუძველსმოკლებულმა დაპირებებმა. პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის მთავარი მესიჯი იყო, რომ ის აღადგენდა სამართლიანობას ქვეყანაში იმ პირობებში, როდესაც ინაუგურაციის შემდეგ კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად ქვეყნის პირველი პირი პრაქტიკულად კარგავდა ყველა გავლენას აღმასრულებელ ხელისუფლებაზე.

აღნიშნული ტენდენცია 2016 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროსაც გაგრძელდება. წონიანი პოლიტიკური პარტიები ბუნებრივია ახდენენ საზოგადოებრივი აზრის შესწავლას შიდა პარტიული სტრატეგიისთვის და მათ იციან, რომ ამომრჩევლის ემოციური მართვა ჯერ კიდევ შესაძლებელია და ისინი ამ საშუალებას აუცილებლად გამოიყენებენ.

რა იქნება გადამწყვეტარჩევნების წინარე პერიოდში, ანუ ხომ არ უნდა ველოდოთ მორიგ პოლიტიკურ და ემოციურ შოკს?

ბევრი რამ არის დამოკიდებული მმართველი გუნდის კამპანიაზე. თუ ის შეძლებს მიიტანოს ამომრჩევლამდე გასული 4 წლის განმავლობაში გაკეთებული საქმე, რაციონალური გადაწყვეტილების მიღების ალბათობა მეტია. თუ საარჩევნო კამპანია მთელი 2 თვის განმავლობაში ურთიერთბრალდებებით, წარსულის გახსენების და არაკორექტულ ვითარებაში წარიმართა, დაძაბულობა გარდაუვალია, რაც ამომრჩეველს ემოციური გადაწყვეტილებისკენ უბიძგებს.

ქართველ ამომრჩეველთა უმრავლესობა ემოციურ ფონზე იღებს გადაწყვეტილებებეს. ცდუნება პოლიტიკური პარტიების თუ ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან, რომ ემოციური ზეგავლენა მოახდინონ საზოგადოებაზე, დიდი ალბათობით იქნება.

დღეისათვის, პოლიტიკური ძალების მხრიდან ნიჰილიზმის გაღვივებაც პრიორიტეტულია. პოლიტიკური ძალები აქტიურად ცდილობენ ამომრჩევლის გადაბირებას, მაგრამ რეალური შედეგი ჯერჯერობით ვერ დადეს. შესაბამისად, ამ არჩევნებზე არმისული ამომრჩეველი უფრო ღირებულია ოპოზიციური სპექტრისთვის საპარლამენტო მანდატების მისაღებად.

ბრძოლა მეორე ტურისთვის სულ უფრო აქტუალური გახდება. უნდა ველოდოთ მაჟორიტარი კანდიდატების განსაკუთრებულ სიმრავლეს და ეს კანდიდატები არ იქნებიან არაკონკურენტუნარიანი. მეორე ტურის სიმრავლე უფრო მეტი დაძაბულობის შემოტანის საბაბად იქნება გამოყენებული.

ვინ ითამაშებს გადამწვეტ როლს არჩევნებში წარმატებისთვის - პოლიტიკური გაერთიანებები თუ მაჟორიტარები, რომლებსაც ხმის "მოტანის" ფუნქცია აკისრიათ?

მაჟორიტარი კანდიდატებისთვის ეს არჩევნები საკმაოდ რთული იქნება. კანდიდატები, რომლებიც წარმოდგენილები იქნებიან პარტიების მხრიდან, უნდა იყვნენ ისეთი პერსონები, რომლებიც მისაღები იქნება ადგილობრივი მოსახლეობისთვის, სხვა შემთხვევაში, თავად პარტიაც დაკარგავს ელექტორატის გარკვეულ ნაწილს. 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგებზე მსგავსმა შეუთავსებლობამ გამოიწვია დაბალი აქტივობა და დამოუკიდებელი მაჟორიტარების სიმრავლე თვითმმართველობებში. პოლიტიკურმა ძალებმა სწორად ვერ შეარჩიეს კანდიდატები, რამაც არაერთ ოლქში, მათ შორის თბილისში, გამოიწვია მეორე ტურის დანიშვნა. რიგ ოლქებში დამოუკიდებელმა კანდიდატებმა პირველივე ტურში გამარჯვებაც კი მოიპოვეს.

გარდა ამისა, ვითარებას ცვლის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე შეცვლილი საზღვრები. რთულია პარტიამ ისეთი კანდიდატი შეარჩიოს, რომელიც მისაღები იქნება როგორც ხონის, ასევე ვანის ამომრჩევლისთვის. იგივე ვითარებაა #51 ოლქში (ხარაგაული, ბაღდათი და ზესტაფონის ნაწილი), #62 ოლქში (აბაშა, მარტვილი) და კიდევ არაერთის დასახელება შეიძლება.

განსხვავებული ვითარებაა თბილისში, სადაც 22 საარჩევნო ოლქი გვაქვს 10-ის ნაცვლად. დედაქალაქზე დიდი აქცენტი გაკეთდება, რადგან 22 მანდატი მნიშვნელოვანი რესურსია, როგორც ოპოზიციისთვის, ისე „ქართული ოცნებისთვის“.

ვფიქრობ, 2016 წლის არჩევნებში წარმატების განმსაზღვრელი პოლიტიკური პარტიები იქნებიან, ვინაიდან ბევრ რამეს მაინც პარტიული კუთვნილება განაპირობებს.

ნაციონალური მოძრაობაც სწორედ ამ პრობლემის წინაშეა, მიუხედავად ახალი სახეების გამოჩენისა, ე.წ. განახლებისა თუ რებრენდინგისა და დიდი მცდელობებისა,  ამ პოლიტიკური ჯგუფის მიმართ ნდობა არ აღდგა და მისი ელექტორატი არ გაიზარდა.

მმართველი გუნდის მიმართ გაჩენილი ნიჰილიზმიც ამავე კუთხით რომ განვიხილოთ, დავინახავთ რომ თუ მისი ლოიალური ამომრჩეველი განიხიბლა და მკაცრად აცხადებს, რომ ხმას არ მისცემს, რთულია წარმოვიდგინოთ, რომ ამ ვითარებას ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ მაჟორიტარი კანდიდატი შეცვლის. არსებობს ერთეული შემთხვევები, სადაც მაჟორიტარი კანდიდატის დასახელებამ ვითარება რადიკალურად შეცვალა პოლიტიკური პარტიის სასიკეთოდ.

„ქართული ოცნებისთვის“ მთავარი გამოწვევა იყო და დღემდე რჩება გაკეთებული საქმის საზოგადოებამდე მიტანა. სავარაუდოდ, საარჩევნო წელს უნდა მივაწეროთ ბოლო პერიოდში გააქტიურება პიარის კუთხით. თვით NDI-ის ბოლო კვლევის შედეგებშიც კი ჩანს რომ მოსახლეობის 5%-ით მეტი ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. ანუ მოსახლეობის გარკვეული ნაწილის საზოგადოებრივი აზრი მმართველი ძალის სასიკეთოდ შეიცვალა. ფაქტია, რომ პიარის გააქტიურებას ეფექტი აქვს.

„ჯი-ეიჩ-ენი“, ესაუბრა გეგა სილაგავა

ავტორი: . .