ENG / RUS

ნიკოლოზ ვაშაკიძე: ვასაძე და მისი თანამოაზრეები შეგნებულად ცდილობენ საქართველოსა და დასავლეთს შორის ურთიერთობების გაფუჭებას

რესპოდენტის შესახებ

ჯი-ეიჩ-ენიახალი პოლიტიკური კონცეფციისახალი საქართველოსთვისავტორს, ნიკოლოზ ვაშაკიძეს ესაუბრა.

რამდენიმე დღის წინ ”ოჯახის კონგრესის” ფორმატში გაჟღერებულმა მთავარმა მოხსენებამ  საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ზოგადად, ეს თემა - ”ოჯახი” ამ რაკურსით, სამი წლის წინ, 17 მაისს განვითარებული მოვლენების შემდეგ გახდა აქტუალური. მოგეხსენებათ, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლოს საერთაშორისო დღე ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ოჯახის სიწმინდის დღედ გამოაცხადა. მოდით საუბარი სწორედ აქედან დავიწყოთ. რატომ არის საზოგადოება ასეთი პოლარიზებული თუნდაც 17 მაისთან დაკავშირებით?

ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ქრისტიანული ეკლესიის ტრადიციული, მრავალსაუკუნოვანი მეთოდი გამოიყენა. კარგადაა ცნობილი, რომ ეკლესია საუკუნეების მანძილზე იმისთვის, რომ ადამიანების ყურადღება სასურველი მიმართულებით მიემართა, წარმართული კულტების ძეგლების ადგილზე აგებდა ქრისტიანულ ტაძრებს და წარმართულ დღესასწაულებს იმავე თარიღებში ანაცვლებდა ქრისტიანული დღესასწაულებით. ეს კარგად ცნობილი, დროში შემოწმებული და საკმაოდ ეფექტური მეთოდია. რამდენად სწორი იყო ამის გაკეთება 17 მაისთან დაკავშირებით, ამას დრო გვიჩვენებს.

გეთანხმებით, რომ საზოგადოება 17 მაისთან დაკავშირებით დღეს პოლარიზებულია. ერთის მხრივ, ეს ბუნებრივია, იქიდან გამომდინარე, რომ მოსახლეობაში ლგბტ ადამიანების მიმართ როგორც ტოლერანტული, ასევე, შეუწყნარებელი დამოკიდებულების მქონე ადამიანები მრავლად არიან, მაგრამ ისიც იგრძნობა, რომ ხშრად ორივე მხრიდან ამ დაძაბულობის ხელოვნურად გაღვივებასაც აქვს ადგილი.

ოჯახი - სახელმწიფო სახელმწიფოში და ამ ფენომენისადმი მიძღვნილი კონფერენცია. როგორ ფიქრობთ რა საშოშროება განაპირობებს ამ თემაზე ასე ფართო მსჯელობას და რეალურად რამე საფრთხე ემუქრება ”ქართული ოჯახის” ფენომენს?

ჩემი აზრით, ემუქრება, ოღონდ, ამ თემაზე ხმამაღლა საჯაროდ მოსაუბრე ადამიანები მთავარ საფრთხეს იქ არ ხედავენ, სადაც ის რეალურად არის. მთავარი, რაც დღეს საქართველოში ჩვენს ოჯახებს ემუქრება არის უკიდურესი გაჭირვება და სიღატაკე, რომელმაც უამრავი ოჯახი დააბეჩავა და დაანგრია. აქეთკენ არის ძირითადი ყურადღება მისაპყრობი და არა რაღაც მითიური საფრთხეებისკენ, რომლებსაც ხელოვნურად აზვიადებენ. თუ ქართველ ადამიანებს მიეცა ნორმალური არსებობის ეკონომიკური პირობები, მათ საკმარისი უნარი, ტრადიცია და სიყვარულიც გააჩნიათ, რომ თავად მიხედონ საკუთარი ოჯახების სიმტკიცეს და ბედნიერებას სხვადასხვა კონგრესების მომწყობთა რეკომენდაციებისა და მოწოდებების გარეშე

ახლა უშუალოდ კონგრესზე და მის მთავარ გზავნილებზე ვისაუბროთ. როგორ ფიქრობთ რა იყო და არის რეალურად კონფერენციის გამართვის მიზეზი და მიზანი?

როგორც ორგანიზატორებმა განაცხადეს, ეს ტრადიციული საერთაშორისო ფორუმია და რიგით მე-10-ე თბილისში გაიმართა. აქ საკითხავი ისაა, მართლა რა იყო ამ ღონისძიების თბილისში გამართვის ძრითადი მოტივაცია. ვიცით, რომ მისი თავმჯდომარე, მთავარი მასპინძელი და, ვგონებ, სპონსორი იყო კარგად ცნობილი ქართველი ბიზნესმენი ლევან ვასაძე, რომლის ძალისხმევის გარეშე ეს შეკრება თბილისში, ალბათ, ვერ ჩატარდებოდა. რა იყო მისი რეალური მიზანი - ოჯახის საკითხებზე საერთაშორისო დისკუსიისთვის ხელშეწყობა, საქართველოს პოპულარიზაცია თუ საკუთარი პერსონის პოლიტიკური გაპიარება და ამ ღონისძიების ერთგავარ პოლიტიკურ ტრამპლინად გამოყენება, ამას მომავალი გვიჩვენებს. ჯერჯერობით,  მისი კონგრესზე წარმოთქმული სიტყვიდან და ამ სიტყვის ინტენსიური გაპიარებიდან, უფრო დამაჯერებლად ბოლო მიზანი იკვეთება.

რეალურად კონფერენციის ორგანიზატორმა და მთავარმა მომხსენებელმა თავისი გამოსვლაში ”ოჯახი” ახალი იდეოლოგიის პრეზინტირებისთვის გამოყენა. რამდენად ეთანხმებით ამ მოსაზრებას და თქვენის აზრით რა არის ეს იდეოლოგია, რამდენად პროგრესულია ის, რა პოზიტიურ და ნეგატიურ აქცენტებს შეიცავს?  ერთი მეტად საყურადღებო საკითხი  - კონგრესზე ”გვითხრეს” როგორი ცუდია დასავლეთი და კარგი რუსეთი -ქრისტიანული რუსეთი დაეხმარა ქრისტიანულ საქართველოს განადგურებისგან გადარჩენაში. თუმცა ისიც ითქვა, რომ რუსეთმა საქართველოს სამეფო და ავტოკეფალი გაუქმა. ამავე დროს ძალიან დიდი დრო დაეთმო ”განვლილ 9 წელს” . ანუ რა გვითხრა ”ტემზადალეულმა” - ყველა ცუდია და მხოლოდ ქართველები ვართ კარგები?

მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ის კრიტიკული პასაჟები, რაც ბატონმა ვასაძემ რუსეთის მისამართით გააჟღერა, იძულებითი ხარკის მოხდა იყო იმ ცალსახა და მძიმე რეალობის წინაშე, რომელსაც უბრალოდ გვერდს ვერ აუვლი. ეს რეალობა რომ დამალო, არასერიოზული და არადამაჯერებელი გამოჩნდები და შენი ძირითადი სათქმელიც ნდობას არ გამოიწვევს. ძირითადი სათქმელი კი სწორედ იმაში იყო მოქცეული, რასაც თქვენ იდეოლოგია უწოდეთ. საკითხავია, რამდენად ქაჩავს ეს ყველაფერი იდეოლოგიის დონემდე. მარტივ ფორმულამდე რომ დავიყვანოთ, ვასაძის კონცეფცია ასე გამოიყურება: გარყვნილების მორევში ჩათრეული სამყარო დაღუპვისკენ მიექანება, საქართველომ კი ამ განსაცდელში უნდა ააგოს რაღაც ნოეს კიდობანის მაგვარი, რომ გადარჩენის გზით წავიდეს. ცხადია, პატარა საქართველოსთვის ძნელია ამხელა განსაცდელთან გამკლავება და სწორედ ამ კონტექსტში გვევლინება მინიშნება რუსეთზე, რომელმაც თურმე ქრისტიანული საქართველო ერთხელ განადგურებისაგან გადაარჩინა. მართალია, მაშინ ეს რუსეთმა, ვასაძის თქმით, ჩვენთვის მიუღებელ ფასად - ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და ეკლესიის ავტოკეფალიის განადგურების ხარჯზე გააკეთა, მაგრამ ახლა, თურმე, რატომღაც რუსეთი სხვაგვარად მოიქცევა - დაგვეხმარება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში და შეგვარიგებს სოხუმთან და ცხინვალთან, რის შედეგადაც, როგორც მომხსენებელი ამბობს, დასავლეთი საბოლოოდ დაკარგავს საქართველოს. მსმენელი უნდა მიხვდეს, რომ ჩვენმა პატარა კიდობანმა შეიძლება სტიქიას ვერ გაუძლოს და რუსეთის დიდ კიდობანზე მოგვიწიოს ასვლა, რომელზეც, სავარაუდოდ, თავად ლევან ვასაძე შეგვიძღვება. ალბათ, მისი ლოცმანობა და მეთაურობა ამ საქმეში იქნება მყარი გარანტია იმისა, რომ დასავლეთს ჩამოშორებულ საქართველოს რუსეთი ძველებურად არ გადაყლაპავს. საამისოდ ბატონ ლვანს კარგად მოფიქრებული გეოპოლიტიკური ხრიკი გააჩნია, რომელიც, როგორც სჩანს, აქამდე არავის მოაფიქრდა - ბალანსირება დაღუპვისკენ მიმავალ დასავლეთსა და ჭეშმარიტებისკენ მიმავალ გზაზე მეტნაკლებად მდგომ რუსეთს შორის. ცხადია, ისმის კითხვა - რატომ შეუწყობს დასავლეთი ხელს ამ ბალანსირებაში მისკენ ზურგშექცეულ საქართველოს და რატომ არ შეაქცევს თავად მას ზურგს? ლევან ვასაძეს ამ კითხვაზეც აქვს პასუხი - ის აპირებს ასწავლოს დასავლელებს (პირველ რიგში, ამერიკელებს) ნამდვილი მეგობრობა, მათგან ხარისხიანი ასფალტის დაგების სწავლების სანაცვლოდ. თუ დასავლელებმა მეგობრობის ეს გაკვეთილი კარგად ჩააბარეს, მათ ქართველები აპატიებენ(!) და ამის შემდეგ უკვე შესაძლებელი გახდება საქართველოს გადაქცევა დასავლეთსა და რუსეთს შორის საბრძოლო პოლიგონიდან „მშვიდობიანი და კულტურული დიალოგის იშვიათ ოაზისად“. თქვენ შეიძლება გაგეცინოთ, მაგრამ, სწორედ ეს „იდეოლოგია“ გაჟღერდა კონგრესზე.

ჩვენ მოვისმინეთ სხვა გზავნილებიც...

არ მინდა ეს ინტერვიუ ზედმეტად გადავტვირთო და ამიტომ ყველა იმ „იდეოლოგიურ“ გზავნილს, რომელიც კონგრესის მასპინძელმა გააჟღერა აქ არ შევეხები, მაგრამ, ვფიქრობ, აუცილებელია, ცოტა მეტი ყურადღება დავუთმოთ იმას, თუ როგორ საუბრობს ბატონი ვასაძე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ისტორიაზე.  ეს მით უფრო საჭიროა, რადგან ის და მისი თანამოაზრეები ამ ისტორიული ხედვიდან მომავლისკენ აპირებენ ხიდის გადებას.  რად ღირს თუნდაც პასაჟი იმის შესახებ,  რომ ქართველმა და რუსმა ხალხმა ერთად დაამარცხა ფაშიზმი და კომუნიზმი, რომლებიც საქართველოშიც და რუსეთშიც დასავლეთიდან მოვიდნენ?  ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, თუ  ფაქტებით არაკეთილსინდისერი მანიპულირებით როგორ იქმნება ყალბი და მავნე ისტორიული ფსევდოპარადიგმა. მართალია, კომუნისტური იდეოლოგია რუსეთში ევროპიდან მივიდა, მაგრამ საქართველოში ის სწორედ რუსეთიდან შემოვიდა და რუსეთის მეშვეობით დაიმკვიდრა თავი. გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ის ვერ გახდებოდა დომინანტური იდეოლოგია, ჩვენი ქვეყანა რუსეთის მიერ დამონებული რომ არ ყოფილიყო, ისევე, როგორც მან ავტონომიურად ვერ გაიმარჯვა ვერცერთ ევროპულ ქვეყანაში. ამდენად, მოწმინდო რუსეთს ნამუსი ამ საშინელებისთვის და ის მძიმე განსაცდელი, რომელშიც კომუნისტურმა იდეოლოგიამ საქართველო ჩააგდო, გადააბრალო მთლიანად დასავლეთს, უკიდურესი სიყალბე და უსამართლობაა.

რაც შეეხება რუსი და ქართველი ხალხის მიერ ე.წ. ფაშიზმზე ერთობლივად მოპოვებული გამარჯვებას, ვფიქრობ, საქართველოს საზოგადოების განათლებული ნაწილი უბრალოდ ვალდებულია სიცხადე და ისტორიული სიმართლე ერთხელ და სამუდამოდ შემოიტანოს ამ მეტად მნიშვნელოვან საკითხში. ეს მითუმეტეს მნიშვნელოვანია, რადგან მეორე მსოფლიო ომის თემა დღეს ინტენსიურად გამოიყენება რუსული იმერიალისული იდეოლოგიის მიერ პოსტსაბჭოური სივრცის ხელახალი ინტეგრაციისთვის.

დააკონკრეტეთ, თუ შეიძლება.

ქართულმა საზოგადოებამ ნათლად უნდა გაიაზროს ის მარტივი ჭეშმარიტება, რომ საბჭოთა კავშირი იზიარებს, როგორც მინიმუმ, თანაბარ პასუხისმგებლობას ნაცისტურ გერმანიასთან ერთად მეორე მსოფლიო ომის გაჩაღებისთვის. ეს ომი 1939 წლის სექტემბერში დაიწყო პოლონეთის წინააღმდეგ გერმაინიისა და საბჭოთა კავშირის მიერ ორმხრივი, წინა წელს შეთანხმებული აგრესისთ და ანექსიით, ხოლო ნოემბერში საბჭოთა კავშირი უკვე დაესხა თავს ფინეთს, რის გამოც ის, როგორც აგრესორი, ერთა ლიგიდანაც კი გარიცხეს. ზოგიერთი, განსაკუთრებით, რუსი ისტორიკოსი მოვლენების ამ ნეგატიური სცენარით განვითარებაში პასუხისმგებლობას სხვა ევროპული ქვეყნების, პირველ რიგში, ბრიტანეთისა და საფრანგეთის ორაზროვან პოლიტიკასაც აკისრებს. მე ამ დავაში ღრმად აღარ შევალ, მაგრამ ერთი რამ ასი პროცენტით ცხადია - საქართველო, ქართველი ერი, რომელიც ამ მოვლენების პერიფერიაზე იმყოფებოდა, არანაირ მონაწილეობას არ იღებდა ომის გაჩაღებაში და, შესაბამისად, მეორე მსოფლიო ომის დაწყებაში არანაირ პასუხისმგებლობას არ იზიარებს. მიუხედავად ამისა, ჩვენ ამ ომში უმძიმესი ხარკის გადახდა მოგვიწია. დაუჯერებელია, მაგრამ ქართველმა ერმა ერთ სულ მოსახლეზე გათვლით ომში მონაწილე, მათ შორის, მის უშუალო გამჩაღებელ ერებს შორის, ყველაზე დიდი სამხედო დანაკარგები განიცადა. ომში გაწვეული 700 000 ჯარისკაციდან 300 000 შინ აღარ დაბრუნებულა. ძნელი მისახვედრი არაა, თუ რამხელა დემოგრაფიული დარტყმა და ფსიქოლოგიური ტრავმა იყო ეს სამნახევარ მილიონიანი ერისთვის. რატომ უნდა მომხდარიყო ასე? პასუხი მარტივია - ეს არის მონობის ფასი. დამონებულ ერებს არ ეკითხებიან აზრს და პოზიციას, მათ ნახირივით მიერეკებიან სასაკლაოზე.

მოდით ახლა ამ რეალიების გათვალისწინებით გადავხედოთ ვასაძის პასაჟს რუსი და ქართველი ხალხის „ფაშიზმზე ერთობლივი გამარჯვების“ საკითხს და მივხვდებით თუ რა უსამართლო და მავნე იდეოლოგიურ კლიშესთან გვაქვს საქმე.

მთავარმა მომხსენებელმა ერთმნიშვნელოვნად გვითხრა არ გვინდა აშშ, არ გვინდა დასავლეთი...

ზოგადად დიდი უხერხულობის გრძნობა გამიჩინა იმ შეურაცხმყოფელმა ფრაზებმა და აროგანტულმა სტილმა, რითაც ვასაძემ დასავლეთს და, კერძოდ, აშშ-ს მიმართა. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ის და მისი თანამოაზრეები შეგნებულად ცდილობენ საქართველოსა და დასავლეთს შორის ურთიერთობების გაფუჭებას. ცხადია, დასავლეთზე ბატონი ვასაძის შთაგონებები დიდ ზეგავლენას ვერ მოახდენს და ის გააგრძელებს იმ პოლიტიკას, რომელსაც კონგრესის მასპინძელი მიუღებლად მიიჩნევს და რომლის გაგრძელების შემთხვევაში, მისი აზრით, საქართველო დასავლეთს უნდა ჩამოშორდეს. სად და რის იმედად დავრჩებით ასეთ შემთხვევაში?

არ მინდა ლევან ვასაძეს საკუთარი ქვეყნის შეგნებული მტრობა დავაბრალო. პირიქით, მიმაჩნია, რომ მას მართლა უყვარს საქართველო და მისთვის სიკეთე უნდა, მაგრამ ის იდეოლოგია, რომლის ტყვეობაშიც იგი იმყოფება, აშკარად შემოგდებულია რუსეთიდან იმ მიზნით რათა ამოაგდოს საქართველო მისი განვითარების მაგისტრალური ხაზიდან, დააკარგვინოს მას მოკავშირეები, მოაქციოს იზოლაციაში, იმისთვის, რომ შემდეგ ის იოლად გადასაყლაპი ლუკმა გახდეს.

თქვენ, ქვეყნის განვითარების იდეოლოგირი პლათფორმის - ”ახალი საქართველოსთვის” შემქმნელს, როგორ მიგაჩნიათ - აქვს მომავალი იმ იდეოლოგიოურ პასაჟებს, რომელიც ”ოჯახის კონგრესზე გაჟღერდა”?

მინდა პირველ რიგში გითხრათ, რომ სამყაროს ცივილიზაციური კუთხით აღმოსავლეთად და დასავლეთად დაყოფა, სინამდვილეში, ძალზედ პირობითია. არც დასავლეთია ერთგვაროვანი და არც, მითუმეტეს, აღმოსავლეთი. უფრო სწორი იქნება დაყოფა მოწინავე, განვითარებულ და ნაკლებად განვითარებულ, შედარებით წარუმატებელ მსოფლიოდ. სწორედ ამ კუთხით აქვს გასაკეთებელი არჩევანი საქართველოს. მოწინავე სამყაროსთან ინტენსიური თანამშრომლობის გარეშე საქართველოს წარმატებული განვითარების პერსპექტივა არ აქვს, წარუმატებლობა კი ჩვენს გეოპოლიტიკურ რეალობაში მყოფი ქვეყნისთვის დაღუპვის ტოლფასია.  ამდენად, ან საქართველოს აქვს მომავალი ან იმ იდეოლოგიურ პასაჟებს, რომლებიც კონგრესზე გაჟღერდა. ერთი მეორეს რადიკალურად გამორიცხავს.

”ჯი-ეიჩ-ენი”, ესაუბრა გეგა სილაგავა

ავტორი: . .