ENG / RUS       12+

დედის დღე ალმოდებულ მზერაში

ამბობენ, სამი მარტი დედის დღეაო. დედის დღე საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოების ინიციატივით 1993 წელს დაწესდა.

ისე, რომელი ჭკუათმყოფელი წავა დედის დღის წინააღმდეგი, მაგრამ რაღა 3 მარტი?! არ სჯობდა 7 აპრილს, ხარებას, გვეზეიმა?! ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ამ დღეს ახარა მთავარანგელოზმა გაბრიელმა: “გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანაა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის”. მარიამი შეაძრწუნა მისმა სიტყვებმა და გაიფიქრა: “ვითარ-მე არს მოკითხვა ესე?” _ რას უნდა ნიშნავდეს ეს მოკითხვაო? ანგელოზმა უთხრა: “ნუ გეშინინ, მარიამ, რამეთუ ჰპოვე მადლი წინაშე ღმრთისა. და აჰა, ესერა შენ მუცლად-იღო და ჰშვა ძე და უწოდი სახელი მისი იესუ”. სწორედ ამ დღეს დაფასდა და შეფასდა ქალის მორჩილება, პატიოსნება, სიწმინდე, სათნოება, სისპეტაკე და სიყვარული. ალბათ, სჯობდა, ამ დღისთვის დაეკავშირებინათ დედის დღის აღნიშვნა, დატვირთაც მეტი ექნებოდა და შინაარსიც. ისე, ჩემს ძმისშვილებს ვერაფერს ვაგებინებ და ნაოცნებარ ხელისუფლებას როგორ შევასმინო რამე, მაგრამ თქვენ მაინც გაგანდეთ გულისნადები.

ზოგჯერ ფიქრობ და რწმუნდები, რომ ბოლომდე მაინც ვერ იტყვი ისე, როგორც დედას შეეფერება, ვერ მიანიშნებ, ვერ ამოწურავ... სიტყვა, რომელმაც არ იცის ასაკი; სიტყვა, რომელიც ადამიანს უბრუნებს ბავშვობას, აძლევს ძალას, რომ სწამდეს და უყვარდეს; სიტყვა, რომელსაც არ სჭირდება ფიქრი, ის თავად ფიქრობს შენზე, სიტყვა, რომლის მადლითაც დგას ეს სამყარო. უცნაურია, რაზე არ მღეროდა ქართველი კაცი, დედაზე კი თითქმის არა გვაქვს ხალხური სიმღერა. რაც გვაქვს, ბოლო პერიოდისაა. რით შეიძლება აიხსნას ეს? რატომ არ უმღეროდა ქართველი ადამიანი დედას? _ იმიტომ ხომ არა, რომ დედამ დაასწრო თავისი “იავნანით” და ადგილი აღარ დატოვა სხვა მელოდიისთვის?! ყოველთვის იგრძნობოდა ჩვენი გულგრილობა მშობელი დედის მიმართ და ამიტომაც ითქვა: “დედას ვუყვარვართ შვილები, დედა არ გვახსოვს შვილებსა, მიტომაც წუთისოფელი სულ მუდამ გვაცოდვილებსა” _ და გამართლდა ეს ნათქვამი! რამდენი გამწარებული დედაა ჩვენ ირგვლივ, შვილისგან დაუფასებელი, მიტოვებული, უარყოფილი ან რამდენი დედაა შვილის აგრესიის მსხვერპლი. რა ვუყოთ, რით ვანუგეშოთ ჩვენ ირგვლივ და ჩვენ გვერდით ატირებული თუ ცრემლგამშრალი დედები, მუდმივად გალოთებული (განარკომანებული) შვილების გინებასა და შეურაცხყოფაში რომ ათენ-აღამებენ?! როდის უნდა იგრძნონ შვილისგან პატივისცემა, თანადგომა, სიყვარული... დავმალოთ ასეთი ფაქტები თუ მიზეზებზე ვიფიქროთ? რატომ მივედით აქამდე? რატომ ხდება, რომ საკუთარ ნაჭირნახულევ სახლ-კარს ტოვებენ (თავსაფრიანი დედაკაცივით) და მოხუცთა თავშესაფარში ასრულებენ ცხოვრებას?! რა სატანა ჩაუდგა კაცობრიობას ისეთი, რომ საფიცარი დედა დაავიწყა? უარესიც, რა ვუყოთ იმ ცოდვა-მადლის ტრიალს, ერი საკუთარი დედის მაგინებლად რომ იქცა?! ვიზეიმოთ?! გვაქვს საქმე სადღესასწაულოდ? ნუთუ გჯერათ, რომ გამწარებულ და შეურაცხყოფილ დედებს ვინმე გამოცხადებულ 3 მარტს აგრძნობინებს თავს ბედნიერად, მიულოცავს, გაახარებს, აკოცებს, ჩაეხუტება?!.

ღმერთმა ნუ ქნას, დედის თავგადაკლული მოყვარული და დამფასებელი შვილები არ გვყავდეს, მაგრამ რით მოვურჩინოთ ტკივილი ჩაგრულთა კატეგორიას? როგორ დავძლიოთ ირგვლივ ამდენი ძალადობა და სიძულვილი, დაუნდობლობა და სისასტიკე-ბილწსიტყვაობა?! უნებურად გამახსენდა ნოდარ დუმბაძე, თავის გახმაურებულ რომანში “ნუ გეშინია, დედა” უკრაინელ პეტრო შერბინას რომ ათქმევინა: “ქართველები რბილი ხალხია, ჭკვიანი, ალერსიანი, სიმღერა უყვართ. დედის გინებისთვის შეიძლება კაცი მოკლან. ამხანაგი უყვართ... ეს ჯაყელიც ასეთია. მომკლა, ყოველდღე მზის ამოსვლას და ჩასვლას მაყურებინებს _ მზე უყვარს.…როცა დედას იფიცებს, მაშინ არ სტყუის. ქართველები თუ დედას იფიცებენ, ხატზე დაფიცებას უდრის”. ახლა მართლა მენატრება ისეთი ქართველი, დედას რომ იფიცავს _ რას აღარ მოესწრები კაცი!!!

რა არ გვსმენია დედის გულმოწყალების შესახებ, მისი დაუსრულებელი სიკეთისა და შვილისთვის გაღებული მსხვერპლის შესახებაც, მაგრამ მთელი ცხოვრება დამდევს ერთი სულისშემძვრელი ისტორია, რომელიც მინდა თქვენც გაგახსენოთ. 1982 წლის 19 თებერვალს გაზეთ “კომუნისტში” დაიბეჭდა მიხეილ მიქაძის წერილი “სიკვდილის შემდეგ გასაგზავნი ბარათები”. ძირითად შინაარსს მოკლედ მოგითხრობთ: ქალბატონი ნატო პედაგოგი იყო, ინგლისურს ასწავლიდა თბილისის ერთ სკოლაში, ერთადერთი შვილი ჰყავდა, მერაბი. ობლობაში გაზარდა, ეგონა, გზაზე დავაყენეო, მაგრამ მეოთხე კურსის სტუდენტი იყო, როცა ქალიშვილის მოტაცებისა და გაუპატიურების ბრალდებით 7 წელი მიუსაჯეს. როცა განაჩენი ძალაში შევიდა, დედამ წერილი მიიღო: “ჩემი ბრალია ყველაფერი, მე დავღუპე მერაბი, თავს არ ვიმართლებ, მაგრამ მინდა სიმართლე იცოდეთ. თქვენ ხომ იცით, როგორ გვიყვარდა ერთმანეთი, ჩემმა მშობლებმა რომ გაიგეს, განაწყენდნენ, მერაბთან სიარული ამიკრძალეს, სამაგიეროდ, ადრევე სასიძოდ შეგულებული ახალი საქმრო მომგვარეს _ ფულიანი და გავლენიანი კაცის შვილი. ამიტომაც გავიპარეთ სახლიდან მე და მერაბი და ცოლ-ქმარი გავხდით. მესამე დღეს მამაჩემი და სასიძოდ შეგულებული ის ბიჭი ორი მილიციონერის თანხლებით თავს დაგვესხნენ და წამოგვიყვანეს. ჯერაც ვერ მოვსულვარ გონს, პროკურატურაში როგორ მოხვდა საჩივარი ჩემივე ხელმოწერით. გამომძიებელთან დაპირისპირების დროს მერაბმა სწორედ ეს მკითხა: შენი დაწერილია ეს საჩივარიო?! მე ტირილი დავიწყე და მერე მთელი დაკითხვის განმავლობაში ვტიროდი, თავი არ ამიწევია... დეიდა ნატო, პატიებას არ გთხოვთ არც თქვენ, არც მერაბს. ვიცი, ამის პატიება არ შეიძლება... მე გავათავისუფლებ მერაბს პატიმრობიდან და, თუ მოისურვებს ამას, მისი მეუღლეც გავხდები”. დაგვიანებული იყო ყველაფერი, აზრი არ ჰქონდა ამ წერილის პროკურატურაში მიტანას. არც მერაბმა ისურვა თურმე: ეს სინდისის ქენჯნით შეწუხებული ქალის ცრემლებია, რომლებსაც მალე შეიშრობს. მართლა რომ ვყვარებოდი, სიკვდილის პირას რომ მიეყვანათ, იმ საჩივარს ხელს არ მოაწერდა. ახლა ვინ დაუჯერებს და, რომ დაიჯერონ, ცილისწამებისთვის დააპატიმრებენ, ამიტომ სჯობს, მე ვიჯდე ციხეშიო.

ქალბატონი ნატო შვილის დარდს გადაჰყვა, მოტყდა, ერთბაშად დაბერდა თურმე. არადა, არ უნდოდა სიკვდილი: შვილს ვჭირდები, მის ჩამოსვლამდე უნდა გავძლო, ჩემს მეტი არავინ გააჩნიაო. გული სწყდებოდა, მეგობრებმაც დაივიწყეს, ყველას ბოროტმოქმედი ჰგონიაო. სიკვდილის მოლოდინში მყოფმა წერილები დაწერა _ სიკვდილის შემდეგ შვილთან ციხეში გასაგზავნი ბარათები. მეზობელს დაუტოვა, რომ მისი სიკვდილის შემდეგ გაეგზავნა მერაბისთვის: არ მინდა გაიგოს, რომ ცოცხალი არ ვარ. ცოდვაა, ჩემს მეტი არავინ ჰყავს. ადამიანი ხომ ადამიანის  სიყვარულითაა _ იმით, რომ გიყვარს და იცი, რომ უყვარხარ. მას კი ჩემს შემდეგ აღარავინ დარჩა, არც საყვარელი, არც მოყვარული და, ვაითუ, გული გაუტყდეს, ცხოვრებაზე ხელი ჩაიქნიოს და ვერც დაბრუნდეს პატიმრობიდანო.

ახლა ცრემლი მახრჩობს! რამდენი უსამართლობა და ბოროტება ხდება ირგვლივ. კიდევ როგორ დგას ეს სამყარო ფეხზე? _ და პასუხი მხოლოდ ერთი მაქვს, _ ქალბატონი ნატოსნაირი დედები რომ დააბიჯებენ ამ ცისქვეშეთში, ჯერ იმიტომაც ფეთქავს ეს კარგა ხნის დასამხობი პლანეტა. უფრო დიდი სასწაული იმ ბარათებშია, რომლებსაც გაგაცნობთ და, რომელთა შესახებაც შეძრული წერდა ჟურნალისტი მ. მიქაძე 1982 წელს. გაზეთში დაიბეჭდა მხოლოდ ორი წერილი _ ერთი შვილის დაბადების დღეს გასაგზავნი და მეორე, უკანასკნელი დანაბარები-ანდერძი:

 “მერაბ, შვილო, დღეს შენი დაბადების დღეა. მოგილოცავ, დედიკო! უკვე 24 წლის ვაჟკაცი მყავხარ, მეორედ ვიხდი შენი დაბადების დღეს უშენოდ. ცოტა მოწყენილი კი ვარ, მაგრამ რა ვქნა. აი, ჩამოხვალ და მერე სულ ერთად ვიქნებით. დილით ადრე გამეღვიძა... შენი დაბადების დღე პირველად ჩიტებმა მომილოცეს. ჯერ მზე ამოსულიც არ იყო, ჩვენს ფანჯარასთან რომ მოფრინდნენ და ჟივჟივი ატეხეს: ოქროს ნისკარტი-მეთქი, ვუთხარი და საკენკი დავუყარე. აკენკეს და გახარებულები გაფრინდნენ. იქნებ, შენთან გამოფრინდნენ, დედიკო, დედის მოკითხვისა და დედის ლოცვის გადმოსაცემად?! საღამოს შენი ამხანაგები მოვიდნენ. თითქმის უკლებლივ მოვიდნენ ყველანი... საჩუქრები მოგიტანეს, მე კი ჩემებური სამეფო ტორტი “გენერალსკი” გამოვაცხვე და “გენერალსკი” ჩაით გავუმასპინძლდი. შენ კი როგორ გაატარე, შვილო, შენი დაბადების დღე?! ალბათ, არც გაგიმხელია, ხომ?! მე ახლა უკეთ ვარ, მგონი, მირჩება ფეხი. შენს სანახავად ჯერ ვერ შევძლებ წამოსვლას, მაგრამ ლოგინიდან წამოდგომა კი შემიძლია და ცოტ-ცოტა საოჯახო საქმის კეთებაც”.

სინამდვილეში კი არ ყოფილა არც ჩიტები, არც დაბადების დღის მოსალოცად საჩუქრებით მოსული ამხანაგები, არც სამეფო ტორტი და ჩაი... და იმ დროს, როცა მერაბი ამ ბარათს წაიკითხავდა, დედამისი უკვე ცოცხალი არ იქნებოდა.

მეზობელმა პირნათლად შეასრულა დედის თხოვნა, დროზე აგზავნიდა წერილებს, თუმცა 37-ვე წერილის გაგზავნა საჭირო აღარ გახდა. მერაბი სამი წლით ადრე გაათავისუფლეს. შინ დაბრუნებულს ეგონა, დედა შემოეგებებოდა. სახლში შესულს კი მაგიდაზე მისი უკანასკნელი წერილი დახვდა:

“მერაბ, შვილო! არ ვიცი, შევძელი თუ არა შენი მოტყუება. შენ ჩემგან ტყუილს არ ელოდი... მაპატიე, დედიკო, ეს იყო ერთადერთი შემთხვევა ჩემს ცხოვრებაში, სიცრუის თქმა რომ დამჭირდა, თუმცა ეს სიცრუე არ იყო. მე სიკვდილის შემდეგაც მუდამ შენთან ვიქნები. შვილო, როცა შენ რაიმეს გაკეთებას დააპირებ და გულში გაიელვებ, გაუხარდებოდა თუ ეწყინებოდა ეს დედასო, იცოდე, რომ იმ წუთს მე შენ გვერდით ვარ! მადლობელი ვარ ღმერთის, საფლავში არ მიმყვება დარდი, რომ შენ ვერ აღასრულებ იმ კაცურ ვალს, რომელიც წუთისოფლის შვილს აკისრია. იყავი ასეთი, როგორიცა ხარ და ბედნიერი იქნები. რა მდგომარეობაშიც უნდა ჩავარდე, არასოდეს ცხოვრება მძიმე ტვირთად არ მოგეჩვენება, თუ გეცოდინება, რომ ტანჯვა ბედნიერების შემადგენელი ნაწილია. იქნებ დედა შვილს ამას არ უნდა ეუბნებოდეს, მაგრამ მაინც გეტყვი: სხვისთვის თავგანწირვაც ბედნიერებაა, თუნდაც ის, ვისთვისაც თავს სწირავ, არ იყოს ამის ღირსი... გიბარებ ლოცვით და ფიცით: ისე ნუ იზამ, შენს შვილებს შენსავით გულს ენაკლულებოდეს, _ და-ძმა არა გვყავსო. მარტო შენი და შენი შვილების ნაბიჯები თუ გაათბობენ ჩემს საფლავს!”.

ქალბატონი ნატო ამ უკანასკნელი ბარათის დაწერის დღეს გარდაიცვალა! თითქოს საგანგებოდ გამოიზოგა ენერგია და სიცოცხლე _ დასძენს მ. მიქაძე.

ამ წერილის გამოქვეყნებიდან 37 წელი გავიდა. დიდი ხანია დავეძებ მერაბ მაისურაძეს, რომლის დედაც იყო ქალბატონი ნატო, მაგრამ ვერ მივაკვლიე. თუ ვინმეს გეცნოთ ეს ისტორია და შეგიძლიათ დაგვეხმაროთ, დაგვიკავშირდით!

3 მარტი დედის დღეა. “ვისაც დედა ცოცხალი აღარა ჰყავს, ალბათ, დამემოწმებიან, რომ, რაც უფრო დრო გადის, მით უფრო გენატრება დედა და სიყვარულიც უფრო გიცხოველდება მის მიმართ. სანამ დედა ცოცხალია, მანამდე გულადად ხარ, სიკვდილისა არ გეშინია, სიცოცხლით ლაღობ, ვერა გრძნობ სიკვდილის მზერას, რადგან დედაა ჩამდგარი შენსა და სიკვდილს შორის, თავისი სუსტი ბეჭებით სიკვდილს წინ ეღობება და მისი მწველი მზერისგან გიფარავს, თვითონ იწვის სიკვდილის ალმოდებულ მზერაში”, _ წერდა გოდერძი ჩოხელი.

ჰოდა, მეც მინდა ჩვენსა და სიკვდილს შორის ჩამდგარ დედებს მივულოცო ეს დღე. გეზეიმებოდეთ მუდამ და, თუ ყოველთვის ისე არ გამოდის, როგორც გსურთ და გეკადრებათ, ქალბატონი ნატოს სიტყვებით ინუგეშეთ თავი: ტანჯვა ბედნიერების შემადგენელი ნაწილია!

თუ შესაძლებელია, ამ ქვეყნიდან წასულ სრულიად უცნობ, მაგრამ მაინც ძალზე ნაცნობსა და ახლობელს   მიულოცო დედის დღე, ქალბატონ ნატოს მივულოცავდი და ვეტყოდი: ადამიანად ყოფნა ძნელია, არ მთავრდება დარდი და სევდა, არა აქვს ბოლო ჩვენს უსინდისობასა და უსამართლობას, მაგრამ, როცა გაზეთში ამოკითხული თქვენი ისტორია გამახსენდება, ვრწმუნდები, რომ ამ მართლაც უსწორმასწორო და გაუტანელ წუთისოფელს თქვენისთანა თავგანწირული დედები მატებენ აზრსა და საზრისს!!!