ENG / RUS       12+

რატომ იქცა სასამართლო „მონსტრების კორპორაციად?“

ასეთი „ერთსულოვანი“ პარლამენტი ალბათ არასდროს ყოფილა: ყველამ, გარდა იმ დეპუტატებისა, რომლებმაც ამჯერად ვერ დაადგინეს, რა უნდოდა ან რა მოეწონებოდა მმართველი პარტიის ლიდერს, სხვა  მეტნაკლებად თავისთავადმა დეპუტატმა, მათი „პოზიცია-ოპოზიციურობის“ მიუხედავად,  უარყო „იუსტიციის საბჭოს“ სია და პარლამენტის თავმჯდომარემაც გამოაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს წევრთა დანიშვნა (სამუდამოდ) საგაზაფხულო სესიისთვის გადაიდო.

ამ შემთხვევაში, პარლამენტი მოქმედებდა, როგორც ერთიანი კორპორაცია - „ამქრული წესდებით“. „ამქარში“ შეიძლება იყოს არათუ უთანხმოება, არამედ „დანა-სისხლვაც“, ოღონდ საერთო კორპორატიული ინტერესებიც აქვთ. შესაბამისად, არ არის გასაკვირი ამგვარი რეაქცია იმ მეორე კორპორაციის („მოსამართლეთა ამქრის“) მიმართ, რომელიც „ბედავს“ და მხოლოდ „ორ ფურცელს აგზავნის პარლამენტში“ სიით, თუ ვინ უნდა განმწესდეს სამუდამოდ უზენაესი სასამართლოს მუდმივი წევრის უმნიშვნელოვანეს თანამდებობაზე.

„არანაირი ახსნა-განმარტება, დასაბუთება ან კანდიდატთა ბიოგრაფიაც კი არ ახლავსო“- აღშფოთებას ვერ მალავდნენ როგორც მმართველი პარტიის, ასევე ყველა ოპოზიციური ფრაქციის წარმომადგენლები.

მართლაც მხოლოდ „ორი ფურცელია“ და ულტიმატუმს ჰგავს: „გინდათ თუ არა, მოგწონთ თუ არა, დაამტკიცებთ იმათ, ვისაც ჩვენ მივიჩნევთ საჭიროდო“.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მაგრამ რატომ...... „ასე“? იმიტომ, რომ კანონით იუსტიციის საბჭოს არ ევალება ვინმეს რაიმე აუხსნას, ვინმეს რაიმე დაუსაბუთოს, რაიმე განმარტება მისცეს......სასამართლო ხომ „დამოუკიდებელია“ ჩვენს ქვეყანაში“! ერთადერთი ბერკეტი, რაც კანონმა (!) პარლამენტს დაუტოვა ისაა, რომ არ დაამტკიცოს წარმოდგენილი სია.

მაგრამ მერე? მერე რას აკეთებენ? ვთქვათ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო გაჯიუტდა (მაღალი ალბათობით ასეც იქნება) და იგივე სია გაუგზავნათ. მაშინ რა ხდება? დავუშვათ, ისევ არ დაამტკიცეს. მერედა რა, ამით? მხოლოდ ერთი: ქვეყანაში დაიწყება უმწვავესი ინსტიტუციური კრიზისი, როდესაც (მით უმეტეს ჩვენი „ეროვნული ფსიქოლოგიიდან“ გამომდინარე) არც ერთი მხარე არ მოინდომებს „უკან დაიხიოს“ და რაიმე „დათმოს“.

რას ჰქვია?! - „მე რატომ, დავთმო, - იმან“ დათმოს!!!

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

უკანასკნელი რამდენიმე დღის  განმავლობაში, ეს ჩვენი (ისედაც) „ბრინჯივით დაბნეული“ საზოგადოება ცრუპენტელობის, დემაგოგიის, ტყუილის და ზოგჯერ ნამდვილი პათოლოგიის მსხვერპლად იქცა სასამართლოს გარშემო შექმნილ ტრაგი-კომიკურ ვითარებასთან დაკავშირებით.

რა სისულელეს და რა ცრუპენტელობას არ მოისმენ გარდა ცხადი, ლოგიკური მსჯელობისა, თუ რა გახდა ამ ტრაგი-კომედიის მიზეზი. ამ მასშტაბის კრიზისს არ შეიძლება სისტემური მიზეზი არ ჰქონდეს. ამგვარი მიზეზი კი ის გახდა, რომ პოლიტიკოსებმა, ვისაც ეკისრებოდა პასუხისმგებლობა შესაბამისი კანონმდებლობის შექმნაზე 2012 წლის შემდეგ, არ დაუჯერეს გონიერ ადამიანებს, ვინც აფრთხილებდათ: იმგვარი სოციო-ფსიქოლოგიის ქვეყანაში, როგორც საქართველოა, სასამართლოს აბსოლუტური დამოუკიდებლობის დასავლურ ინსტიტუტთა მექანიკური გადმოღება აუცილებლად გამოიწვევს სასამართლოს ქცევას ჩაკეტილ, კლანურ, გაუმჭვირვალე კორპორაციად, რომელიც სრულიად უკონტროლო გახდება ყველა სხვა (მათ შორის არჩევითი) ინსტიტუტის მხრიდან.

იმ განსხვავებით, რომ პარლამენტი, მაგალითად, არჩევითი ორგანოა, ანუ გარკვეულწილად დამოკიდებულია დემოკრატიულ პროცესზე, საზოგადოებრივ აზრზე, ბოლოს და ბოლოს არჩევნებზე...... ხოლო „იუსტიციის საბჭო“, როგორც სასამართლო ხელისუფლების ესე იგი „მოსამართლეთა ამქრის“, ინტერესთა გამომხატველი ორგანო, მხოლოდ თვით „ამქრის“ წევრთა მიერაა არჩეული და მათ ინტერესებს ემსახურება.

გავრცელებული პრიმიტიული სტერეოტიპის მიუხედავად, ეს კორპორაცია „ბიძინასაც“ ემორჩილება მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ბიძინა ითვალისწინებს მათ ინტერესებს. ანუ, „სასამართლო ამქრის“ ლიდერებს აქვთ რეალურ ხელისუფალთან ინტერესებზე „ვაჭრობის“ შესაძლებლობა. სააკაშვილის მმართველობისას ამის საშუალება არ ჰქონიათ, რადგან მაშინ, ჯერ ერთი, ადეიშვილ-მერაბიშვილ-კოდუას ისეთი არაფორმალური „ინსტრუმენტები“ ჰქონდათ, სულ მალე მოიყვანდნენ ჭკუაზე „სპეციფიური“ მეთოდებით, რასაც დღევანდელი ხელისუფლება ვერასდროს გაბედავს და მეორეც:  იმ „9 წლის“ მანძილზე, კანონის თანახმადაც, აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებებს ბევრად მეტი ბერკეტი გააჩნდათ.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

აი კონკრეტული მაგალითი: ავიღოთ ყბადაღებული „ლევან მურუსიძე“ და „მიხეილ ჩინჩალაძე“, რომლებიც ამ „მონსტრების კორპორაციის“ ბელადებად ითვლებიან. ადამიანებს, ვინც ჩლუნგი სიჯიუტით მოითხოვდა ლამის უკვე 25 წელია -   „სასამართლო სისტემა სხვა ხელისუფლებებისგან დამოუკიდებელი უნდა იყოსო“, - ვერაფრის დიდებით ვერ შეაგნებინებდი, რომ ეს გამოიწვევს ზუსტად იმ ვითარების შექმნას, რაც დღესაა: არც ჩინჩალაძე, არც მურუსიძე მხოლოდ „ბიძინას“ არჩევანი არ ყოფილა. ისინი, პირველ რიგში, „მოსამართლეთა მაფიამ“ აირჩია და რაკი „კორპორაციის“ ინტერესებს სხვებზე უკეთ იცავენ, ახლა, ნურას უკაცრავად, უკვე ძვრას ვერ უყოფთ!

2012 წელს „ქართულ ოცნებაში“ დიდი სჯა-ბაასი გაჩაღდა იმაზე, როგორი რეფორმა განეხორციელებინათ სასამართლო სისტემაში „მიშას შემდეგ“

მაშინ კობა დავითაშვილი ურჩევდა ხელისუფლებას, მოქცეულიყვნენ ისე, როგორც მოიქცა თვით მიხეილ სააკაშვილი „რევოლუციის“ შემდეგ: გაყარა „ძველი მოსამართლეები“ და „კონკურსით“ მოიყვანა სისტემურად ლოიალურ მოსამართლეთა კორპუსი. ოღონდ „ოცნების ხელისუფლებამ“ გადაწყვეტილება მიიღო იმ ხალხის რიდით (!) ვინც ახლა უტიფრად გაჰკივის: „მურუსიძე და ჩინჩალაძე რატომ მართავენ სასამართლო ხელისუფლებასო“. ათეულობით ასეთ „მურუსიძეს“ და „ჩინჩალაძეს“ იპოვიდა ბიძინა, მხოლოდ მისი ნება რომ ყოფილიყო.

კი მაგრამ, თქვენ არ მოითხოვდით სასამართლო სისტემის სრულ  დამოუკიდებლობას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისაგან?  ჰოდა, „ამქრის წევრებმაც“ აირჩიეს „სახედ და ხატად“, ვინც უნდოდათ. შემდეგ კი, არჩეულმა „დოჟებმა“, ვენეციელთა მსგავსად, წარმატებით ივაჭრეს „ჰერცოგთან“ საკუთარი ამქრის პრივილეგიებისა და უფლებებისათვის „ორმხრივ სასარგებლოდ“.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

დღეს, როდესაც ახალი კონსტიტუცია უკვე შევიდა ძალაში, გამოსავალი აღარც არის, რადგან უკვე გვიანია ინსტიტუციურ ცვლილებებზე  ფიქრი, რაც ამ კლანურ, ჩაკეტილ კორპორაციას დაშლიდა და არჩევით სახელისუფლებო ორგანოებზე უფრო მეტად დამოკიდებულს გახდიდა.

ისინი საკუთარ პრივილეგიებს უკვე აღარ დათმობენ. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილსა და მის ხელისუფლებას, ძალიანაც რომ უნდოდეს სასამართლოზე იმგვარი და იმ ხარისხის კონტროლის დამყარება, რაც მიშა-ვანო-ზურა-ერეკლეს დროს არსებობდა, ამას ვეღარ მოახერხებს (აბა ევროპა როგორღა „გავაკვირვოთ დემოკრატიის დონით“) და იძულებული იქნება იმავე ჩინჩალაძესთან, მურუსიძესთან, ძმებთან და დებთან მათთა „კოჰაბიტაციაზე“ იზრუნოს. მით უმეტეს, რომ ბევრს არც არაფერს დაუშავებენ. უფრო პირიქით, - გვარიანად მოემსახურებიან.

ოღონდ, მხოლოდ და მხოლოდ „ამქრის“ ინტერესთა უპირველესობის პირობით.