მოსამართლე არის უსამართლო, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის, გია თვალავაძის ადვოკატმა, ლალი აფციაურმა განაცხადა.
მისი განმარტებით, სასამართლოს თვალავაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების მკაცრი სახე - პატიმრობა არ უნდა გამოეყენებინა, რადგან ამის საფუძველი არ ჰქონდა.
"დღევანდელ გადაწყვეტილებას დასაბუთება სჭირდება და დარწმუნებული ვარ, დაუსაბუთებელი იქნება, რადგან პატიმრობის გამოყენების არცერთი საფუძველი არ არსებობდა.
მას საკმაოდ ცნობილი ადამიანები უდგებოდნენ თავდებში. ამას რომ თავი დავანებოთ, დაპატიმრების საფუძველი არ არსებობდა. ბრალდებამ ბრძანა, რომ მიიმალება, მაისის შემდეგ გამოძიება მიდის, ყველა გამოძახებაზე დადის, რეალურია მიმალვის საფრთხე? არა. ზეწოლას მოახდენსო, ამის ერთი მტკიცებულება ხომ უნდა იყოს?
კონკრეტული, დანაშაულის შემცველი ჩანაწერები მე არ მინახავს. ასე მე და თქვენც ვსაუბრობთ და დანაშაულია?", - აცხადებს აფციაური.
მისივე განმარტებით, თვალავაძე აფთიაქის დაკავებული მეპატრონეებიდან არცერთს იცნობს.
"მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ არცერთი მათგანი არ იცნობს გია თვალავაძეს და არც გია თვალავაძე არ იცნობს არცერთ მათგანს", - დასძენს ადვოკატი.
ცნობისთვის, სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დაკავებულ 6 პირს, მათ შორის, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსს გია თვალავაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
სუს-მა ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის სფეროში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე დააკავა. ასევე, ბრალდებულის სახით დაკავებულები არიან უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული კიდევ 5 პირი.