ENG / RUS       12+

სალომე ზურაბიშვილი და.....სისხლისღვრა?

ამ სათაურს ასეთი მრავალწერტილიც სჭირდება და კითხვის ნიშანიც. იმიტომ, რომ ეს „ქალაღაია“ (აბსოლუტურად უბოროტო, არასექსისტური, დადებითი ქართული ლიტერატურული სიტყვა-ცნება) თითქოს იმდენად შორსაა ყოველგვარ ომთან, სისხლისღვრასთან, სერიოზულ კონფლიქტთან, რომ.......ერთი შეხედვით წარმოუდგენელია მას ამგვარი რისკები უკავშირდებოდეს.

პარიზში დაბადებული და გაზრდილი სალომე ხომ, სინამდვილეში, ფრანგია, ფრანგი!

არა წარმოშობით, ანუ ეთნიკური წარმომავლობით, არამედ მენტალობით, სოციალური კულტურით, თვითაღქმით, მსოფლხედვით...... მისი „ცუდი ქართულის“ რეალური მიზეზი ისაა, რომ სინამდვილეში, როგორც ხშირად ხდება, იგი ჯერ ფრანგულად „ალაგებს“ საზრისს და შემდეგ რთავს ამ საზრისის ქართულად თარგმნის „აპარატს“.

საფრანგეთში ან ნებისმიერ სხვა ევროპულ ქვეყანაში ბოლო 30 წლის მანძილზე გადახვეწილი ქართველები, როცა ევროპულ ენებზე ლაპარაკობენ,  პირიქით იქცევიან: ჯერ ქართულად „ალაგებენ“ საზრის-სათქმელს და მხოლოდ შემდეგ „თარგმნიან“.

ზუსტად ამიტომ უწოდა ამ ქალბატონს კოტე გაბაშვილმა 2006 წლის დაპირისპირების დროს (სალომე ზურაბიშვილსა და ნინო ბურჯანაძეს შორის) „ფრანგული წარმოშობის ქართველი ქალბატონი“.

„საზრისის თარგმნა“ არ არის იგივე, რაც „სიტყვათწყობა“. აქ არ იგულისხმება ლექსიკა, სინტაქსი ან მორფოლოგია. იგულისხმება, რომ როდესაც სალომე ზურაბიშვილი რთავს ხსენებულ „აპარატს“, იგი მუშაობს იმ მენტალური და კულტურული „კოდებით“, რომლის მატარებელიცაა ეს ადამიანი სინამდვილეში.

მაგალითად, მისი განცხადება „ომი რუსეთმა დაიწყო, თუმცა ომის ეს ეპიზოდი საქართველომ დაიწყო“ და „როგორ შეიძლება დაბომბო საკუთარი მოსახლეობა?!“.

რეალურად კი ვიღებთ ისეთ სახიფათო ჰიბრიდს, რამაც ამ მრავლისმნახველ  ქვეყანაში შეიძლება კიდევ ერთი სამოქალაქო დაპირისპირება გამოიწვიოს. იმიტომ, რომ ამ ადამიანს წარმოდგენა არა აქვს პოლიტიკურ ტექნოლოგიაზე, პოლიტიკის კანონებზე, პოლიტიკოსის დანიშნულებაზე, ამოცანაზე..... და რაც ბევრად უარესია, ესე იგი ბევრად სახიფათოა, იმაზეც არა აქვს წარმოდგენა, როგორ საზოგადოებაში მოუწია  პოლიტიკური მოღვაწეობა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რაც, სხვათა შორის, კატეგორიულად არ უნდოდა. ჭირის დღესავით ეზარებოდა!

აი ამ ფაქტს გულმოდგინედ გვიმალავენ: 2004 წელს, როდესაც სააკაშვილმა, მისთვის ჩვეული „უკანმოუხედავობით“ და რადიკალიზმით, გააგდო საგარეო საქმეთა მინისტრობიდან გამოცდილი და ელემენტარულად ჭკვიანი ქართველი მოღვაწე, თედო ჯაფარიძე, რათა მის ადგილზე სალომე ზურაბიშვილი დაენიშნა, ეს ქალბატონი კატეგორიული წინააღმდეგი იყო!

მიშას მარტო დაჟინებული თხოვნა კი არ დასჭირდა, არამედ საფრანგეთის სახელმწიფოს ჩართვაც ამ საქმეში: საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შტატიანი თანამშრომელი, სალომე ზურაბიშვილი, რომელიც მანამდე საფრანგეთის ელჩი იყო (თუმცა ჭირივით არ უნდოდა ამ ქვეყნის პოლიტიკაში შემოსვლა), მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ დათანხმდა, რაც პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა დაავალა! თან საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში პოსტიც შეუნარჩუნა და ხელფასიც. ასევე ფრანგი დიპლომატის რანგი.

ოღონდ, როგორც ამას წინათ თვით მიხეილ სააკაშვილმა მოგვიყვა ერთ-ერთ ინტერვიუში, შირაკთან შეხვედრისას ყოფილ პრეზიდენტს თურმე „ძალიან გაუკვირდა“, რომ მასთან საუბრის დროს  ჟაკ შირაკმა ზურაბიშვილს დაუძახა და მისი თანდასწრებით (!!! - რაც უბრალოდ შეურაცხყოფა იყო) უთხრა: „ხომ იცი, შენი მთავარი ამოცანა რუსეთთან ურთიერთობის „დალაგება“ იქნებაო“. „ქართველმა მინისტრმა სალომემ“ კი მიუგო: „თქვენც ხომ იცით, ბატონო პრეზიდენტო, სწორედ მაგ საქმეში ვარ ყველაზე მაგარიო“.

მერედა, რატომ გაუკვირდა ეს მიხეილ სააკაშვილს?

კი მაგრამ, როდესაც ჯიუტად აიკვიატებ, სხვა ქვეყნის მოქმედი  დიპლომატი დანიშნო შენი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრად, ეს უკანასკნელი კატეგორიულად არ გთანხმდება და მერე იმ ქვეყნის პრეზიდენტს სთხოვ „ეგება დაითანხმოო“, ის პრეზიდენტიც, რა თქმა უნდა, ყველაფერს გააკეთებს, რათა თემა რუსეთთან „სავაჭრო არგუმენტად“ აქციოს!

რა, გასაკვირია?

ან ისაა გასაკვირი, რომ სალომე ზურაბიშვილი მომდევნო 2 წლის განმავლობაში (2004-2006წწ) პირნათლად ასრულებდა თავისი პრეზიდენტის (არა სააკაშვილის, არამედ შირაკის!) მითითებებს და, მაგალითად, საქართველო-რუსეთის საზღვრის ჩეჩნურ-დაღესტნური მონაკვეთის დაცვის საკითხზე (მაშინ ძალიან აქტუალური თემა იყო) ეუთოს დასკვნების მომზადებისას ისე ირჯებოდა, რომ ეს თემა პარიზსა და მოსკოვს შორის „ხურდაში დასაბრუნებელი“ საკითხი გახადა?

ზუსტად ამან განარისხა მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, რაკი მის ღირსპატივცემულ მეუღლეს „მთავარი მესაზღვრის“  პოსტი ეკავა და პრობლემები ექმნებოდა. ამიტომაც დაუპირისპირდა სალომეს, აიყოლია კოტე გაბაშვილი (საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე) და ყოველივე დასრულდა ისე, როგორც დასრულდა.

პარლამენტის კულუარებში ლაპარაკობდა საკანონმდებლო  ორგანოს იმდროინდელი „ლიდერშიპი“......„სალომეს არაპროფესიონალიზმზე“, რაც სრული ცრუპენტელობა იყო: ამ ქალს სპეციალიზებული „ჩინოსნურ-დიპლომატიური პროფესიონალიზმი“ ნამდვილად არ აკლია და იმ 2 წლის განმავლობაში იგი პირნათლად ასრულებდა თავისი პრეზიდენტის დავალებას: ყოველნაირად ცდილობდა ექცია საქართველო ისეთ საკითხად ფრანგულ-რუსულ ურთიერთობებში, რაც პარიზს „ჩაეთვლებოდა“ აქტივად „მოსკოვთან“.

არა ერთადერთ, არა მთავარ აქტივად რასაკვირველია, მაგრამ ერთ-ერთ აქტივად ნამდვილად.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მერედა (ვიმეორებ კითხვას) რა იყო ან რა არის ამაში გასაკვირი, ახლა მაღლა რომ სწევენ წარბებს უდიდესი განცვიფრებით?

არ უნდოდა  ამ ქალს არც საქართველოს მინისტრობა, არც საქართველოს მოქალაქეობა და არც ქართველი პოლიტიკოსობა! აბა კარგად გაიხსენეთ: როცა ელჩი იყო (2003-2004წწ), არც ერთი ინტერვიუ არ მიუცია ქართულად - სულ ფრანგულად და მხოლოდ ფრანგულად!

თქვენ დააძალეთ, თქვენ აიკვიატეთ, თქვენ მოიყვანეთ, თქვენ ჩართეთ ამ საქმეში საფრანგეთის სახელმწიფო და რატომ გაგიკვირდათ შედეგი?

აბა მოსკოვი (მაშინ უკვე სერგეი მზეჭაბუკის ძე  ლავროვი!) რის „მოსკოვი“ იქნებოდა ეს ინტრიგა ვერ შეემჩნია და თავის სასარგებლოდ არ გამოეყენებინა ან...ახლაც არ გამოიყენოს?

უბრალოდ აღმაშფოთებელია დღეს რომ გეუბნებიან და გმოძღვრავენ მენტორის ტონით; „უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელს პრეზიდენტად ნუ აირჩევთო“.

არადა ის „უცხო ქვეყანა“ რუსეთი ვერანაირად ვერ იქნება. ეს გამორიცხულია! სალომე ზურაბიშვილს რუსეთთან აბსოლუტურად არაფერი არ აკავშირებს. უბრალოდ, იგი მოქმედებდა, მოქმედებს და კვლავაც იმოქმედებს ამ საკითხში იმ (ხშირად შესაძლოა  გაუცნობიერებელი და ინსტინქტური) „მენტალური აპარატით“, რომელიც ევროპულ ისტებლიშმენტს, ანუ იმავე საფრანგეთს, გერმანიას, ბრიტანეთს, ნიდერლანდს, ესპანეთს, აიძულებს, „გადაყლაპოს“  პუტინის თავხედობანი, ქორწილებში დაპატიჟოს, ჩააბაროს ყველაფერი, რისი ჩაბარების „შეფუთვაც“ იმიჯურ დანაკარგს არ უქადით ანუ იოლად შესამჩნევი არ იქნება.....

ბოლოს და ბოლოს, განა ზურაბიშვილის განცხადებები იმავე „აგვისტოზე“ და „განგრენაზე“, ევროპული ნარატივის „გადამღერება“ არ არის, რაც „ტალიავინის დასკვნაშიც“ აისახა შინაარსობრივად?

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ზუსტად ამგვარი „მენტალური აპარატის“ და პოლიტიკური კულტურის წყალობით, სალომე ზურაბიშვილის ბიძაშვილიშვილიშვილი, აკადემიკოსი „ელენ კარერ დ,ანკოსი“ (ქალიშვილობაში ზურაბიშვილი), ჯერ მთავარი რუსისტი და რუსოფილი გახდა პარიზში, ახლა ლამის პუტინის პრეს-სამსახურის უფროსია საფრანგეთში.

 ესეც თითქოს ახლაღა გაახსენდათ: „უიმე, უიმე, ეგ კარერ დ, ანკოსი ხომ პუტინის........“

მაგრამ ყველაზე საშინელი ისაა, რომ მთელი ამ უპასუხისმგებლობის, ამ „აკვიატებების“, ამ „იმპულსურობის“, „გიჟობების“ და „გაუთვლელობის“, ანუ მთლიანობაში არაპროფესიონალიზმის შედეგი ახლა უკვე ისევ საქართველომ უნდა ზღოს იმით, რომ  ქალბატონის განცხადებებმა, მისი არჩევის შემთხვევაში, მართლა შეიძლება მიიყვანოს ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე.

„ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივმა ლიდერმა, ნიკა მელიამ, უკვე გააკეთა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება: „აი რომ გვეუბნებიან, მშვიდობა გვინდაო........ ჰოდა მიდით საარჩევნო ყუთთან და მიიღეთ გადაწყვეტილება, თორემ მშვიდობა არ იქნება“.

რეალურად იცით არ იგულისხმება? რომ თუ ამომრჩეველი მივა საარჩევნო ყუთთან და ხმას მისცემს სალომე ზურაბიშვილს, ამას არ შეურიგდება ის პასიონარული ნაწილი საზოგადოებისა, ვისთვისაც იგი კატეგორიულად მიუღებელია; ვინც აღაშფოთა მისმა განცხადებებმა „აგვისტოს ომზე“ და ვისთვისაც ეს განცხადებები იქცა ლეგიტიმურ „სათქმელად“, რათა ქუჩაში გამოვარდნენ და კატასტროფული შედეგები დააყენონ.

ერის ისტორიას მისი პასიონარული უმცირესობა ქმნის და არა ობივატელური უმრავლესობა!

 ის ხალხი (თუნდაც მართლა უმრავლესობა იყოს) ვინც ამ „სათქმელის გამო“ ღიად ვეღარც ბედავს აღიაროს, რომ მხარს უჭერს ადამიანს, რომელმაც საკუთარი ქვეყანა დაადანაშაულა ომის დაწყებაში, შეიძლება კიდეც მივიდეს და საარჩევნო ჯიხურში, უჩუმრად, მარტო რომ დარჩება როგორც „საბნის ქევშ“, შემოხაზოს „ზურაბიშვილი“, მაგრამ ეს არაფერს შეცვლის, ვინაიდან ამ ქვეყანაში, უკვე ტრადიციულად, საკითხს სწყვეტს პასიონარული უმცირესობა, ანუ ქუჩა!

„ქუჩაში“ კი არსებითია მხოლოდ ის, რაც ღიად ითქმება. „საბნის ქვეშ“ მორცხვად და უჩუმრად გაკეთებული იქ არ ითვლება.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

და ბოლოს: „ამან რატომღა დაასახელა თავის კანდიდატადო?!“.  ნამდვილად ლეგიტიმური კითხვაა.

ჯერ ერთი, რასაკვირველია, საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით, რაკი ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეა და......არც თუ რიგითი მოქალაქე!

 მაგრამ მთავარი სხვაა:   კითხვის ავტორები „რატომღაც“ არ ითვალისწინებენ, რომ როდესაც საქმე ტრადიციულ ევროპულ ზესახელმწიფოსთან გაქვს........ასე არ არის - როცა მოგეპრიანება შეთანხმება მაშინ შეცვალო. ანუ ჯერ „თითი ამძლავრო“, „შეუჩნდე“ დიდ, თავმოყვარე სახელმწიფოს „შენი ელჩი ჩემს მინისტრად დამანიშნინეო“ და სულ მალე  გააპანღურო!

 ზურაბიშვილის „მოხსნა“ 2006 წელს პარიზმა შეურაცხყოფად (შეთანხმების დარღვევად) აღიქვა და ასე ადვილად ამას არავის აპატიებს: მას ხომ სახელმწიფოსთან აქვს საქმე და არა „ცვალებად“ ხელისუფლებებთან.

„თავანს ჩაბარება უნდა“, შეთანხმებას - შესრულება. ეს კანონი ქუჩაშიც მოქმედებს და ელისეიზეც. ვინც არ უნდა იჯდეს ან იქ, ან ავლაბარში თუ „ორბელიანთა სასახლეში“.

ასე რომ არ იყოს, პარიზი არც მაშინ დასთანხმდებოდა (მისი თანხმობის გარეშე კი სალომესგან თანხმობას ვერ მიიღებდით-გამორიცხულია!) და არც ახლა შეამოკლებდა საფრანგეთის მოქალაქეობდიან გასვლის ბიუროკრატიულ პროცედურას მისი ყოფილი ელჩისთვის 6 თვიდან - 5 კვირამდე.

ნიკა იმნაიშვილი