ENG / RUS       12+

რისთვის ემზადება პუტინი?

კანცლერ ანგელა მერკელის ვიზიტი კავკასიაში (საქართველოს გარდა იგი სომხეთ-აზერბაიჯანსაც ეწვია) დასავლეთის უკანასკნელი მცდელობაა „გამოთიშოს“ ეს რეგიონი იმ უკვე გარდაუვალი გეოპოლიტიკური „კლინჩიდან“ რაც რუსეთთან მზადდება. ანუ, აქ (მაინც) შეინარჩუნოს მშვიდობა.

მერკელმა გააფრთხილა სამი მეზობელი ქვეყნის ხელმძღვანელობა, რომელთაც სრულიად განსხვავებული ინტერესები და ორიენტაცია აქვთ, რომ ერთში ნამდვილად უნდა იყონ თანაბარნი: არ გააკეთონ მკვეთრი მოძრაობები და არ მისცენ კრემლს საბაბი აქვე გახსნას „მეორე ფრონტი“

გერმანია ორ ფრონტზე ბრძოლამ დაღუპა პირველი და მეორე მსოფლიო ომების დროს. რუსეთი ამჟამად გამარჯვებით ასრულებს „მეორე ფრონტს“ სირიაში და ემზადება პირველ ფრონტზე - უკრაინაში შესატევად.

მოსაზრება, თითქოს ანგელა მერკელის მთავარი მიზანი თურქმენეთიდან კასპიის ზღვის ფსკერზე „დიდი გაზსადენის“ გაყვანაა, მხოლოდ ერთ-ერთ და არც თუ სარწმუნო ვერსიად უნდა ჩაითვალოს: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე განაცხადა (დავაკვირდეთ -  ზუსტად მერკელის ვიზიტის წინ), რომ ახლახანს მიღწეული შეთანხმება კასპიისპირა სახელმწიფოებს შორის საზღვაო შელფის გაყოფის შესახებ, სულაც არ ნიშნავს „დიდი გაზსადენის“ გატარებას მოსკოვის თანხმობის გარეშე, რაკი ეკოლოგიური ექსპერტიზა იქნება საჭირო და თანხმობა მაინც რუსეთმა უნდა გასცეს.

ნიშანდობლივია, რომ ანგელა მერკელი პუტინთან შეხვედრის შემდეგ ჩამოვიდა. ანუ რუსეთის პრეზიდენტთან  „ბრანდენბურგის მოლაპარაკება“ დასრულებული იყო. ისევე, როგორც „ავსტრიული ქორწილი“, რაც რუსული დიპლომატიის სერიოზულ წარმატებად იქცა.

ხოლო  ევროპიდან დაბრუნებულმა პუტინმა მაშინვე (ანუ იმავე დღეს!) მოიყვანა არმია სრულ სამხედრო მზადყოფნაში და ყველა სტრატეგიულ ქვედანაყოფს უბრძანა „ომის რეჟიმში ემოქმედათ 24 საათის განმავლობაში“.

თავის მხრივ, ეს აშკარად გამაფრთხილებელი აქცია არის მზადება  მასშტაბური სამხედრო სწავლებისთვის, რომელიც სექტემბერში იწყება. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ სპეციალურად აღნიშნა, რომ სექტემბერში დაგეგმილი მანევრები იქნება „ყველაზე მასშტაბური 1981 წლის შემდეგ“.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ეს რას ნიშნავს? 1981 წლის შემდეგ ხომ მთელი ეპოქაა: საბჭოთა იმპერია დაიშალა, აღმოსავლეთ ევროპა გათავისუფლდა, გერმანია გაერთიანდა.....თუმცა შოიგუმ იცის, რაზეც მიანიშნებს: 1981 წლის გრანდიოზული სწავლებები, რომელიც მან ახსენა, გაიმართა იმ ფონზე, როცა პოლონეთში გაიშალა ანტიკომუნისტური და ანტიიმპერიული მოძრაობა.

სწორედ ამ მოძრაობის ჩასახშობად ემზადებოდა მაშინ კრემლი და ამიტომაც წამოიწყო ის მანევრები. უპრეცედენტო - მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

 სადესანტო ძალები და საზღვაო ფეხოსნები უკვე მზად იყვნენ პოლონეთში შესაჭრელად. მაგრამ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვოიცეხ იარუზელსკიმ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ანტიკომუნისტი დისიდენტები დააპატიმრა. პოლონელთა უმრავლესობა მას მოღალატედ მიიჩნევს. თუმცა, არიან ისეთები, ვინც ამბობს, რომ გენერალმა იარუზელსკიმ ამით გადაარჩინა პოლონეთი ნახევარმილიონიანი საბჭოთა კონტინგენტის შემოჭრასა და საზარელ  სისხლისღვრას.

შეიძლება ითქვას, დღეს მოსკოვი დასავლეთს, აღმოსავლეთ ევროპასა და მთელს მსოფლიოს იგივე „მესიჯს“ უგზავნის: მომავალ სწავლებებში განსაკუთრებული როლი ეკისრება  სადესანტო ძალებს, ანუ ყველაზე მობილურ სამხედრო შენაერთს, რომელიც მომზადებულია სხვა რეგიონებში გადასასროლად, საკვანძო პოზიციების დასაპყრობად „მტრის ზურგში“ და ა.შ.

იმავდროულად, საბრძოლო მზადყოფნაშია რუსეთის ბირთვული „ტრიადა“, ესე იგი სახმელეთო ბაზირების ბალისტიკური რაკეტები, ბირთვული წყალქვეშა ნავები და სტრატეგიული ბომბდამშენები. მათი დანიშნულება ისაა, რომ პოტენციური მოწინააღმდეგე (NATO) გააფრთხილოს, - არ ჩაერიონ იმ....... „ღონისძიებებში“, რასაც სადესანტო არმია განახორციელებს

სად? როგორც ჩანს უკრაინაში!

ამჟამად სწორედ იქ იკვრება კვანძი, რომლის გადაჭრას პუტინი გეგმავს, თუ ევროპა (პირველ რიგში მერკელი) მის „გახსნაში“ არ დაეხმარება ანუ არ აიძულებს კიევს, მიიღოს მოსკოვის პირობები.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ბრანდენბურგის მოლაპარაკებებზე პუტინმა გერმანიის კანცლერინს და მისი სახით მთელს დასავლეთს ულტიმატუმი წაუყენა და, იმავდროულად, „საპატიო კაპიტულაციის“ შესაძლებლობაც დაუტოვა. პუტინის „კომპრომისული წინადადება“ (სინამდვილეში ულტიმატუმი) ასეთია:

მოსკოვი თანხმდება აღმოსავლეთ უკრაინაში საერთაშორისო სამშვიდობო ძალთა შემოყვანას და, საერთოდ, იზრუნებს იმაზე, რომ კიევსა და დონეცკს შორის „კონფედერაციული“ ურთიერთობები დამყარდეს; ანუ არ აღიარებს „ნოვოროსიის“ (აღმოსავლეთ უკრაინის იმპერიული სახელწოდებაა) დამოუკიდებლობას; ოღონდ იმ დათქმით, რომ მომავალ „უკრაინის ფედერაციულ რესპუბლიკაში“, დონეცკ-ლუგანსკს ჰქონდეს საშუალება ზემოქმედებისა კიევის საგარეო პოლიტიკაზე.

სხვათა შორის, ზუსტად ასეთ მოდელს სთავაზობდა მოსკოვი ედუარდ შევარდნაძესაც 1990 წლებში: „საქართველო-აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის“  კონფედერაცია ისე, რომ სოხუმსა და ცხინვალს, თბილისისგან რეალური დამოუკიდებლობის შენარჩუნებით, იმავდროულად ჰქონოდათ საშუალება ზეგავლენისა თბილისის პოლიტიკაზე, რაც ჩვენს ქვეყანას სამუდამოდ დატოვებდა რუსეთის გავლენის სფეროში.

ასევე, „დონბასის“ დაბრუნება კიევის ფორმალურ იურისდიქციაში, აუცილებლად გამოიწვევს ხელისუფლების შეცვლას კიევში და უკრაინის დარჩენას რუსეთის გავლენის ობიექტად. „სამაგიეროდ, ნოვოროსიის დამოუკიდებლობას ხომ არ ვცნობო“ - ამბობს პუტინი.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ოღონდ, ამ ფორმალური „დათმობის“ სანაცვლოდ იგი მოითხოვს, კიევმა განაახლოს ყირიმისთვის სარწყავი წყლის მიწოდება (ყირიმის კუთვნილების საკითხი პუტინისთვის ერთხელ და სამუდამოდ „დახურულია“) და გახსნას ყველა კომუნიკაცია, რომლითაც, უკრაინული ტერიტორიის გავლით, რუსეთი დაუკავშირდება ნახევარკუნძულს.

თან ეს ყოველივე ხდება იმ ფონზე, როდესაც რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტი სულ უფრო მეტად „კრავს ბლოკადას“ აღმოსავლეთ უკრაინის იმ ზღვისპირა რეგიონების გარშემო, რომლებიც კიევის იურისდიქციის ქვეშ რჩებიან: აზოვის ზღვაში უკრაინულ გემებს ყოველდღე აპატიმრებენ და თუ პუტინის ულტიმატუმი არ იქნება მიღებული, რუსული ფლოტი მთლიანად ჩაკეტავს შესასვლელს შავი ზღვიდან - აზოვის ზღვაში, რაც უკრაინისთვის კიდევ ერთი უმძიმესი  დარტყმა გახდება.

ყველაფერთან ერთად, პუტინი დასავლეთს იმასაც ეუბნება, რომ თუკი მას ეკონომიკურ ომს უცხადებენ, თუკი ამერიკა და ევროპა სანქციებს ამკაცრებს, თუკი მის ფინანსურ სისტემას ემუქრებიან, დოლარით ოპერირებას უკრძალავენ, სახელმწიფო ბანკთა ანგარიშებს უყადაღებენ, ტექნოლოგიურ ბლოკადას უპირებენ, მაშინ....... როგორც პრემიერ-მინისტრმა მედვედევმა გააჟღერა ამას წინათ (რასაკვირველია პუტინთან შეთანხმებით) რუსეთი იტოვებს უფლებას, სხვა მეთოდებით უპასუხოს ეკონომიკურ ომს

რა „სხვა მეთოდებით“? - რა თქმა უნდა სამხედრო აგრესიით უკრაინის წინააღმდეგ!

მიიღებს პრეზიდენტი პოროშენკო კრემლის  ულტიმატუმს იმ შემთხვევაშიც კი, თუ მერკელი „ურჩევს“? რა თქმა უნდა არა. ნებით არ მიიღებს. მაშინ პუტინი გამოიყენებს ძალას. ანუ, ისევ და ისევ, ყველაფერი, მხოლოდ და მხოლოდ, უკრაინელი ჯარისკაცის ვაჟკაცობაზე და ბრძოლისუნარიანობაზე იქნება დამოკიდებული.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

და........ჩვენ რა ვქნათ ჩვენ?

ვიყოთ ფრთხილად და არ გავაკეთოთ მკვეთრი მოძრაობები! ანუ......„ჭკუით“, როგორც ჭაბუა ამირეჯიბმა მოგვიწოდა („ჭკუით ქართველებო!!!“)  1989 წლის 10 აპრილს სატელევიზიო გამოსვლისას და იგივეს მოგვიწოდებს მერკელი.

ის გაავებული დათვი ახლა უკვე სხვა მხარეს ქშენს......

ნიკა იმნაიშვილი