სამწუხაროდ, რუსული მიდგომა არ იცვლება, ჩვენ გვაქვს ჩვენი პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც ვახორციელებთ რუსეთთან მიმართებაში, თუმცა სამწუხაროდ, რუსეთი ჩვენს პრაგმატულ პოლიტიკას არ უპირისპირებს თავის პრაგმატულ პოლიტიკას. ეს არის სამწუხარო რეალობა და ეს არის ის, რასაც ვხედავთ მთელი ამ წლების განმავლობაში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც არჩილ ტატუნაშვილის ორგანოების გადმოცემის საკითხს შეეხებოდა.
ცნობისთვის, არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე მისმა ოჯახმა და ადვოკატებმა რუსეთის გენერალური პროკურატურიდან წერილი მიიღეს. წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიას“ პრეზიდენტის მარიამ ჯიშკარიანის თქმით, რუსეთის გენერალური პროკურატურის წერილში განმარტებულია, რომ „სამხრეთ ოსეთი“ დამოუკიდებელი სახელმწიფოა და რუსეთი არ ერევა მათ საქმიანობაში.