თარიღი    დრო

აფხაზეთში და „სამხრეთ ოსეთში“ გრძელდება ქართველი ერის გენოციდი - რას აკეთებს ქართული დიპლომატია?

საქართველო, თბილისი - 10:45 08.21.2017 1953

ის, რაც ამჟამად ხდება ოდესღაც საქართველოს „ავტონომიებში“, ხოლო დღეს რუსეთის ოკუპირებულ და მის მიერ აღიარებულ ე.წ. „დამოუკიდებელ სახელმწიფოებში“, არის კლასიკური მაგალითი იმისა, რომ ვითომდაც „სამართლიანობისათვის“ და „ჩაგვრის წინააღმდეგ“ მებრძოლი სეპარატისტული მოძრაობები, როგორც კი ძალას იკრებენ და საწადელს აღწევენ, თავად ხდებიან მჩაგვრელები და გენოციდის ავტორები

გასულ კვირას „სამხრეთ ოსეთის“ მთავრობამ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება „რესპუბლიკის“ ტერიტორიაზე ქართულ სკოლებში ქართულ ენაზე სწავლის შეწყვეტისა და რუსულით ჩანაცვლების შესახებ. შესაბამისად, იკრძალება ქართული სახელმძღვანელოები და სწავლა გრძელდება მხოლოდ რუსული სახელმძღვანელოებით.

სად არის ქართული სკოლები „სამხრეთ ოსეთში“? მხოლოდ ახალგორის (ლენინგორის) რაიონში, რადგან ლიახვის ხეობის სოფლები ოსმა სეპარატისტებმა 2008 წელს პირწმინდად გადაწვეს, აღგავეს პირისაგან მიწისა და ედუარდ კოკოითის ბრძანებით „ზედ მარილიც დააყარეს“.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ცხინვალის ხელისუფლება დემაგოგიურად აცხადებს, რომ ახალგორის რაიონში ამ „რეფორმის“ მიზანი თურმე ადგილობრივ მოსახლეობაზე ზრუნვაა, რათა მათ ჰქონდეთ საშუალება, ისწავლონ ცხინვალის უნივერსიტეტში ან მოსკოვის უნივერსიტეტებში.

თუმცა, ბევრად მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივი სეპარატისტთა სხვა არგუმენტია: ევროპაში მიღებული დაწერილი (ნაწილობრივ) თუ დაუწერელი კანონით, სხვა ქვეყნის მოქალაქეებს აქვთ ჰუმანიტარული უფლება, მოითხოვონ სახელმწიფოსგან, სადაც ცხოვრობენ, იმ ენის სწავლება სკოლაში, რომელიც მათთვის „პირველი ენა“, ანუ დედა-ენაა. ამ ტრადიციის შესაბამისად (ვიმეორებ, იგი ნაწილობრივ კოდიფიცირებულია ეუთო-ს დოკუმენტებით), ევროპაში უცხო ქვეყნის მოქალაქე ვერ მოითხოვს სახელმწიფო (!) სკოლაში ყველა საგნის სწავლებას დედა-ენაზე, არამედ შეუძლია მხოლოდ იმ ენის ცალკე საგნად სწავლა მოითხოვოს, რომელიც დედა-ენად მიაჩნია.

ცხინვალის რეჟიმიც აცხადებს: „ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ, რადგან საქართველოსგან დამოუკიდებლად ვაკონტროლებთ ქვეყნის მთელს ტერიტორიას; გვცნო გაეროს უშიშროების საბჭოს წევრმა რუსეთის ფედერაციამ; ვიჩენთ კეთილ ნებას და მზად ვართ ქართველებს, ანუ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში (?!) ცხოვრობენ, ვასწავლოთ ქართული ენა როგორც ცალკე საგანი, მაგრამ ყველა საგანი ქართულად........ ნურას უკაცრავად, ამას „ევროპული ტრადიცია, პრაქტიკა და კანონმდებლობა არ ითვალისწინებს“

რა თქმა უნდა პირწმინდა დემაგოგიაა, მაგრამ ისეთი დემაგოგიაა, რომელიც „სათქმელს“ უტოვებთ და ზოგჯერ „ჭრის“ კიდეც ე.წ. „ჟენევის მოლაპარაკებებზე“

ზუსტად იგივე ხდებოდა და ხდება აფხაზეთის გალის რაიონში. ანუ ქართული სკოლები, სადაც ყველა საგანი (გეოგრაფია, მათემატიკა. ფიზიკა, ბიოლოგია, ქიმია და ა.შ) ისწავლებოდა ქართულ ენაზე, დახურეს, ქართული დატოვეს ცალკე საგნად და დემაგოგიურად აცხადებენ: „ქართულ ენას ხომ ვასწავლით ცალკე საგნად, ესე იგი ქართული სკოლები არ დაგვიხურავსო“

არადა, რომც მივიღოთ ის სულელური არგუმენტი, თითქოს ეს ტერიტორიები „დამოუკიდებელი ქვეყნები“ არიან და ამით (თურმე) „ევროპულ სტანდარტს“ ამკვიდრებენ, იმავე ევროპული სტანდარტით, არ შეიძლება ადამიანს, ან ეთნიკურ ჯგუფს წაართვა ის სიკეთე, რაც მას რეალურად (უკვე) აქვს. ანუ, მაგალითად, როდესაც საქართველო (მართლა) დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა, ევროკავშირის წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებდნენ: „კი, ვიცით, რომ ფორმალურად „ევროპული სტანდარტი“ იქნება, თუ ყველა სომხურენოვან, აზერბაიჯანულენოვან და რუსულენოვან სახელმწიფო (!-კერძო რამდენიც უნდათ იყოს) სკოლებს დახურავთ და სომხურს, აზერბაიჯანულს, რუსულს მხოლოდ „ცალკე დისციპლინად“ დატოვებთ, მაგრამ ჩვენივე ევროპული სტანდარტით, რაკი ეროვნულ უმცირესობებს ასეთი სიკეთე აქვთ (უკვე), მის წართმევას ადამიანის უფლებათა დარღვევად ჩავთვლითო“.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ცხინვალისა და სოხუმის რეჟიმებს ევროპელებმა იგივე რომც უთხრან, იმათ სულ არ ანაღვლებთ. მათთვის მთავარია, „სათქმელი“ და „სადისკუსიო არგუმენტი“ ჰქონდეთ ჟენევაში.
თუმცა, ეს მაინც სხვა საკითხია. მთავარი კი ისაა, რომ საერთაშორისო სამართლით, სტანდარტით, მიღებული ნორმებით და მიდგომებით, ის, რასაც სეპარატისტები ორივე რეგიონში ახლა სჩადიან, არის გენოციდი!

„გენოციდი“ არა მხოლოდ ამა თუ იმ ეთნიკური ჯგუფის ფიზიკური განადგურებაა. ხსენებული საერთაშორისო სტანდარტით და მიდგომებით, გენოციდია აგრეთვე, როდესაც ხდება ამა თუ იმ ეთნიკური ჯგუფის იძულება, შეიცვალოს იდენტობა! იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამ „იძულების“ მეთოდები და ხერხები არის „ვუალირებული“ - შენიღბული, დროში გაწელილი და ა.შ.
ფაქტია, რომ ქართული ეროვნების ადამიანებს ართმევენ საშუალებას, ისწავლონ დედა-ენაზე, უხურავენ არსებულ სკოლებს და ფაქტიურად აიძულებენ ან დატოვონ აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“, ან შეიცვალონ იდენტობა. მათ შორის, შეიცვალონ გვარები (სამურზაყანოში), მიიღონ აფხაზური გვარი, მაშასადამე აფხაზური ეთნო-იდენტობა და ა.შ.

ეს არის გენოციდი! მით უმეტეს, როდესაც ხორციელდება იარაღით დანიშნული ადმინისტრაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
რას აკეთებს ამ დროს ქართული დიპლომატია ან ზოგადად ქართული ისტებლიშმენტი, მათ შორის ქართული მედია? რა მესიჯებს უგზავნის იგი მსოფლიო თანამეგობრობას და რამდენად შედეგიანია ეს მესიჯები შედეგის ანუ გენოციდის მიმართ თუნდაც ადეკვატური საერთაშორისო რეაქციის მიღწევის თვალსაზრისით?

ძირითადი ნარატივი შემდეგია: „რუსმა ოკუპანტებმა დახურეს ქართული სკოლა......რუსმა ოკუპანტებმა აკრძალეს ქართულ ენაზე სწავლა.... ან კიდევ ......რუსმა ოკუპანტებმა წალენჯიხის რაიონის მოსახლეობას წაართვეს თხილის მოსავალი.....რუსმა ოკუპანტებმა დაიწყეს გალის რაიონის ქართველთა იძულება, შეიცვალონ ეროვნება....და ა.შ“.

ეს არის აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული მიდგომა და აი რატომ: როდესაც ჩვენ იმავე ევროპელს თუ ამერიკელს ვეუბნებით, რომ ამას ყოველივეს სჩადის „რუსეთი“, ის მხრებს იჩეჩს და დემაგოგიურად გვეუბნება (რაკი ისედაც არ ეპიტნავება საქართველოს გამო მოსკოვთან დაპირისპირება და უკრაინის გამო „ატკივებული თავის“ კიდევ უფრო ატკივება): „მაშასადამე, თქვენ ამტკიცებთ, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ბრძანა გალში და ახალგორში ქართული სკოლების დახურვა? მერედა, სად არის ამის მტკიცებულება?“

ჩვენი პასუხი: - „ბუნებრივია, მედვედევის მთავრობას ან პუტინის ადმინისტრაციას ასეთი ბრძანებულება არ გამოუცია, მაგრამ.....ამას აკეთებენ მათ მიერ „ხელდასხმული“ საოკუპაციო მარიონეტული რეჟიმები.....“

- რომელი საოკუპაციო მარიონეტული რეჟიმები?
- როგორ თუ „რომელი“ - სოხუმის ხაჯიმბას რეჟიმი და ცხინვალის ბიბილოვის რეჟიმი. ესენი ხომ დანაშაულებრივი, პირსისხლიანი, „საოკუპაციო რეჟიმები“ არიან და არა რაღაც „ცალკე სუბიექტები“......
- უკაცრავად, თუკი ისინი „ცალკე სუბიექტები“ არ არიან, მაშინ თქვენ რატომ აწარმოებთ მათთან მოლაპარაკებებს სწორადაც როგორც „ცალკე სუბიექტებთან?“ მაგალითად ჟენევაში, სადაც საქართველოს, „სამხრეთ ოსეთის“ და აფხაზეთის წარმომადგენლებს თანაბარი სტატუსი აქვთ?
. . . . . . . . . . . . . . . . .
არის აბსოლუტურად „ჩიხურია“! ამ გზით ჩვენ ვერაფერს მივაღწევთ, რადგან როცა ქართველი ჟურნალისტი ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენელს ეკითხება: „რას იტყვით იმაზე, რომ რუსეთმა ქართული სკოლები აკრძალაო“, ის მხრებს იჩეჩს და „ნაზი ხმით“ ამბობს, რომ როგორც გაირკვა, ეს გააკეთა არა რუსეთმა, არამედ „აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ მთავრობამ“.
საქმე იმგვარ აბსურდამდეც კი მივიდა, რომ როცა საქართველოსგან „შემოღობილ ტერიტორიაზე“ სეპარატისტებმა თხილის და ვაშლის მოსავალი აიღეს, ქართული მედია ასეთი ტექსტით აღწერდა მომხდარს: „რუსმა ოკუპანტებმა აიღეს ქართული მოსახლეობის მოსავალი“ და ა.შ.

რეალურად, ბევრად უფრო ზუსტი, დასავლელი მოკავშირეებისათვის გასაგები და მიზანშეწონილი ნარატივი იქნებოდა შემდეგი: „სეპარატისტული შეიარაღებული მოძრაობების შედეგად, რომელთაც აგულიანებდა, აიარაღებდა და ყოველმხრივ „უზრუნველყოფდა“ რუსეთის ფედერაცია, ცხინვალსა და სოხუმში ჩამოყალიბდნენ პირსისხლიანი რეჟიმები, რომლებიც უხეშად არღვევენ ადამიანის უფლებებს, ახორციელებენ ქართული მოსახლეობის ეთნიკური იდენტობის შეცვლის და ეთნოწმენდის მრავალწლიან კამპანიას, ანუ გენოციდს და ამ დანაშაულებრივ რეჟიმებს მხარს უჭერს რუსეთის ფედერაცია!“.

ეს ფორმულა და გენოციდის განმახორციელებელი სუბიექტის ზუსტი განსაზღვრა მოუსპობდა არგუმენტს იმ ძალებს დასავლეთში, ვისაც ზემოთხსენებული მოტივით ერთი სული აქვს როგორმე „მხრები აიჩეჩონ“ და გვითხრან - მოსკოვი რა შუაშია, ის არ იღებს ამ გადაწყვეტილებებსო.

ამიტომ, ფორმულა „დანაშაულებრივი ნაცისტური რეჟიმები, რომლებსაც მხარს უჭერს მოსკოვი“ - ბევრად სასარგებლო იქნებოდა, მაგრამ........ამ ფორმულის განსახორციელებლად აუცილებელია ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა, რისი უნარი და შნო არც დღევანდელ, არც წინა და არც იმის წინა ხელისუფლებებს არ ჰქონიათ და არ აქვთ: უნდა შეწყდეს ამ ნაცისტური რეჟიმების „გაპრავება“ და მათი საერთაშორისოდ აღიარებულ სუბიექტებად ქცევა ე.წ. „ჟენევისა“და სხვა ამგვარი მოლაპარაკებების ფორმატებში, სადაც გენოციდის განმახორციელებელ, სისხლიან რეჟიმებსა და საქართველოს წარმომადგენლებს თანაბარი სტატუსი აქვთ!

მზად ვართ ველაპარაკოთ ოკუპანტ რუსეთს, მაგრამ არ ველაპარაკებით მათ მიერ მხარდაჭერილ დანაშაულებრივ, მარიონეტულ რეჟიმებს, რომლებიც ახორციელებენ გენოციდს!“ - მხოლოდ ამ გზით შეძლება თავიდან ავიცილოთ ის საშინელი დღე, როდესაც, ერთხელაც იქნება, ხსენებული „ამატკივარი“ წინააღმდეგობებით თავმობეზრებული გერმანელი და ამერკელი თუ ფრანგი „შუამავალი“ გვეტყვის: „თქვენმა პატივცემულმა კოლეგებმა სოხუმში ასეთი გადაწყვეტილებები მიიღეს ქართულ სკოლებთან დაკავშირებით და.......ქართული ენა ხომ მაინც დატოვეს ცალკე საგნად.......ეს კი მთლად ევროპული არა, თუმცა..... ევროპულთან მიახლოებული მიდგომაა.......“

ნიკა იმნაიშვილი




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 81.8%
შემცირდა 15.1%
არ შეცვლილა 3.1%