თარიღი    დრო

„აპატრიდი“ მიშა სააკაშვილი

საქართველო, თბილისი - 11:06 07.27.2017 2553

„აპატრიდი“ (ლათინურიდან apatris  და ძველებრძნულიდან ἀ + πατρίς) პირდაპირი, ანუ მექანიკური თარგმნით ნიშნავს „უსამშობლოოს“ (ძირით Patria - სამშობლო), ხოლო თანამედროვე იურიდიულ ენაზე აღნიშნავს „ფიზიკურ პირს“, სუბიექტს, ვისაც არც ერთი ქვეყნის მოქალაქეობა არ გააჩნია.

უკრაინის პრეზიდენტმა უკვე მოაწერა ხელი განკარგულებას, რომლითაც დაადასტურა საემიგრაციო სამსახურის გადაწყვეტილება, ჩამოერთვას მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა იმ საბაბით, რომ მოქალაქეობის მიღებისას მან გააყალბა განაცხადი. ანუ, არ დააფიქსირა, შესაბამის გრაფაში,  ქართული პროკურატურის მიერ აღძრული სისხლის სამართლის საქმე.

უკრაინული ელიტებისა და ხელისუფლების ცინიზმი მართლა ყოველგვარ ზღვარს სცილდება. თურმე ნუ იტყვით, 2015 წელს, როცა მიშამ განაცხადი შეიტანა მოქალაქეობის მისაღებად,  საემიგრაციო სამსახურმა არ იცოდა,  ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ ოთხი სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული საქართველოში, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლომ მისი დაპატიმრების სანქციაც კი გასცა.....და ეს მხოლოდ მას შემდეგ შეიტყვეს (თურმე), რაც მიშა იუსტიციის მინისტრს შეუვარდა კაბინეტში და მშობლები მოუკითხა.

უკრაინელი ექსპერტები ერთსულოვნად აღნიშნავენ, რომ სწორედ ეს ეპიზოდი გახდა „უკანასკნელი წვეთი“, რამაც აავსო პეტრო პოროშენკოს მოთმინების ფიალა. იმიტომ, რომ პოროშენკო საკმაოდ გამოცდილი „პოსტსაბჭოთა ცხოველია“ და შესანიშნავად იცის: ამ სივრცეში ჩამოყალიბებული მენტალობითა და განწყობებით, მინისტრს საკუთარი ღირსება არ გააჩნია. „მინისტრის ღირსება პრეზიდენტის ღირსებაა!“ და თუ პრეზიდენტი მინისტრის ღირსებას ვერ იცავს, ეს მთავრობა მას აუცილებლად დაემხობა თავზე. ისევე, მაგალითად, როგორც დაემხო თავზე ედუარდ შევარდნაძეს, როდესაც თავისი მინისტრების „გადარდუბალებას“ ხელი ვერ (არ) შეუშალა.

ამიტომ იუსტიციის სამინისტროში მიშას რეჟისორობით დადგმული სპექტაკლის „გაპიარების“ შემდეგ პოროშენკოს აუცილებლად უნდა ემოქმედა. რაღაც უნდა ეღონა. ფსონზე მისი გავლენა და ავტორიტეტი იდო ყველაზე მნიშვნელოვანი სახელისუფლებო კატეგორიის - საყრდენი ბიუროკრატიის თვალში.

მტკნარი სისულელეა, თითქოს საქართველოში ყოფნისას ბიძინა ივანიშვილმა „მოსთხოვა“ და პეტრომაც,  თურმე, აუტკივარი თავი აიტკივა.

რა ისეთი ვალი ადევს ან პოროშენკოს  - ივანიშვილის, ან უკრაინას - საქართველოსი, ამის გამო ისეთი გადაწყვეტილება მიეღო, რაც თავად არ სურდა და თავად არ სჭირდებოდა?

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მაგრამ მხოლოდ პოროშენკოს ბოღმა  არ ყოფილა განმსაზღვრელი. იყო კიდევ ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი. მათ შორის, მთლიანობაში, უკრაინული ელიტების, ლამის ფანატიკური, აცახაცხებამდე შიშ-სიძულვილი (მარტივად - „ფობია“) პოპულისტ სააკაშვილის მიმართ.

უკრაინული „ნარინჯისფერი რევოლუციები“ (პირველიც და მეორეც) იმით განსხვავდებოდნენ ქართული „ვარდების რევოლუციისგან“, რომ „მაიდნების“ შედეგად მხოლოდ მთავრობები იცვლებოდა და არა ელიტები: საქართველოში კი, 2003 წლიდან, რევოლუციონერებმა „ძველი ელიტები“ მთლიანად გაანადგურეს, საჯარო სივრციდან განდევნეს, ქონება წაართვეს, თითიდან გამოწოვილი ბრალდებებით ციხეში გამოამწყვდიეს („ხალხმა ხომ იცის, ისინი კორუმპირებულნი არიან და რა მნიშვნელობა აქვს რამდენად დასაბუთებულია ბრალდება?).

უკრაინულ ელიტებს აშკარად ეშინოდათ, რომ ქართველი რეფორმატორები, უკრაინელ მოკავშირეებთან (მათ შორის არასისტემურ ოპოზიციასთან) ერთად, მათაც ასევე დაამხობდნენ და ქონების ხელახალ გადანაწილებას წამოიწყებდნენ, როგორც საქართველოში. ამიტომ, მიშა და  მისი გუნდი კიევში ძალიან  ძლიერ წინააღმდეგობას წააწყდა; უკვე ცხადია:   ეს წინააღმდეგობა მათთვის გადაულახავი აღმოჩნდა, რადგან უკრაინაში მათ არ ექნებოდათ ისეთი კომფორტი (რეფორმების გატარებისას) როგორიც საქართველოში 2004 წელს, როცა ერთპარტიული პარლამენტი, ერთ დღეში სამივე მოსმენით იღებდა ნებისმიერ რეფორმატორულ კანონს.

ასეთ გარემოში რეფორმების გატარება  ადვილია. ბევრად ძნელია დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმის, შესაბამისად მრავალპარტიული პარლამენტის პირობებში. ამიტომ „ქართული რეფორმაციის დამყნობამ“  რთულ უკრაინულ ნიადაგზე ნაყოფი ვერ „ახარა“. მიშას კი  იქა(ც) წარმატება  სურდა  და არა უბრალოდ ერთ ჩვეულებრივ „მორიგ“ უკრაინელ პოლიტიკოსად ქცევა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

თუმცა,  იყო კიდევ მესამე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამაც პოროშენკოს გადაწყვეტილება გაუიოლა  და რაზეც სააკაშვილის ქართველი თანაპარტიელები, გასაგები მიზეზების გამო, არ ლაპარაკობენ: გასულ წელს, საფრანგეთის რადიოსთან ინტერვიუში, სანდრამ თქვა უცნაური ფრაზა, რასაც „რატომღაც“ თბილისში არავინ მიაქცია ყურადღება: ევროპელები წინააღმდეგნი არიან მიშა ოდესიდან კიევში დაწინაურდეს, ამიტომ ოდესაში მისი დატოვება უნდათ, რათა კიევში გავლენიან პოლიტიკოსად, მაგალითად პრემიერ მინისტრად ვერ იქცესო.

მართლაც, საფრანგეთსა და გერმანიას (პირველ რიგში, რასაკვირველია იმ ჩვენს სათნო და კეთილ „ბებია მერკელს“) არაფრის დიდებით არ სურდათ.... ეს კი არა, კოშმარად ეჩვენებოდათ, რომ მიშა უკრაინის პრემიერი ან თუნდაც გავლენიანი პოლიტიკური პარტიის ლიდერი გამხდარიყო, რაკი იცოდნენ (არა მგონია ამაში ცდებოდნენ): „პრემიერ-მინისტრი მიხეილ სააკაშვილი“ გახდებოდა უკანასკნელი არგუმენტი პუტინისთვის, რათა ნამდვილი ომი დაეწყო, ყველაფერი უკრაინისთვის დაებრალებინა (როგორც საქართველოს გადააბრალა 2008 წელს) და „მალოროსიის“ იმპერიალისტური იდეა  განეხორციელებინა - კიევიც აეღო და ლვოვიც.

დიდი ომი კი, მშვიდ და, მთლიანობაში მაინც ბედნიერ ევროპას ნამდვილად არ უნდა. გაიარეთ „რასპაის ბულვარზე“ ან „კურფურსტენდამზე“ და შეიხედეთ კაფეებში. უნდათ ახლა იმათ ომი?!  ევროპული მთავრობები კი ევროპელი ობივატელების ინტერესებს გამოხატავენ!

აქედან გამომდინარე, პოროშენკომ ძალიან კარგად იცოდა: მიშასათვის მოქალაქეობის ჩამორთმევას ევროპელ ლიდერთა მდუმარე თანხმობა მოჰყვებოდა. შვებით ამოსუნთქვაც კი.

რას იზავს მიშა? მისთვის არაფერი არ დამთავრებულა, რადგან არც ამერიკა არც ნიდერლანდი „ბინადრობის უფლებას“ არ დაამადლის. მოქალაქეობას არა, მაგრამ „წასასვლელი არსად აქვსო“, ასე არაა საქმე.

უკრაინაში ვერ დაბრუნდება, თუ სტრასბურგის სასამართლომ (აი, ამიტომაცაა თბილისში ასეთი „ჭიდაობა“ იმ სასამართლოში „გავლენის რესურსებისთვის“) კიევის გადაწყვეტილება უკანონოდ არ სცნო. სხვა შემთხვევაში, პირდაპირ „ბორისპოლის“ აეროპორტიდან გააქანებენ თბილისში და აღმოჩნდება მატროსოვზე.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

არადა,  ეს ყველაზე ნაკლებად ახლა „ოცნებას“ აწყობს. აბსოლუტურად „უჭირო“ თავის ტკივილია

კი ბატონო, წარმოვიდგინოთ მიშა თბილისის (მატროსოვის ან გლდანის) ციხეში. ეს იმას ნიშნავს რომ ხელისუფლებამ მის „თმის ბეწვზე“ უნდა იზრუნოს, კომფორტული პირობები შეუქმნას, რათა არ გაცივდეს, საყვარელი ხინკალი არ მოაკლდეს...... იმასაც ნიშნავს, რომ ციხესთან და სასამართლოსთან ბობოქარი მიტინგები გაიმართოს „მიშა...მიშას“ სკანდირებით

„მიშას მოწინააღმდეგეთა მიტინგები“ კი ასეთი მრავალრიცხოვანი არ იქნება, რადგან საქართველოში (განსხვავებით იმავე ამერიკისა და ევროპისგან) დაპატიმრების საჯარო „გაპრავება“ საზოგადოების კულტურულ-მენტალურ კოდებს ეწინააღმდეგება და „ცუდ ტონად“ ითვლება. მიშას დაჭერა ძალიან ბევრს გაუხარდება  და აბსოლუტურად სამართლიანადაც ჩათვლის სააკაშვილს ციხე „ახეხინონ“, მაგრამ აქ საჯარო გამოხატვაზეა ლაპარაკი და ეს ერთ-ერთი მახასიათებელია, რაც საქართველოს დასავლური საზოგადოებისგან განასხვავებს. სხვა საქმეა, კარგია ეს თუ ცუდი.

ამიტომ „ოცნებისთვის“ იდეალური სიტუაცია სწორედ ისაა, რაც ახლა შეიქმნა, როცა მიშა აღარც უკრაინის მოქალაქეა და შორეულ ამერიკაში იცხოვრებს, ან, თუნდაც, შორეულ ნიდერლანდში, სადაც ძალიან მკაცრი კანონები არეგულირებს „აპატრიდთა“ პოლიტიკურ აქტივობას საზღვარგარეთ.

ამერიკა და ნიდერლანდი უკრაინა არ არის. იქ ვერაფერს „გააიმასქნებ“, რადგან კანონი კანონობს და თუ კანონი კრძალავს „აპატრიდი“, ვისაც ბინადრობის უფლება მოჰმადლეს, სხვა ქვეყანაში არ აქტიურობდეს პოლიტიკურად, მაშინ ის ვერც იაქტიურებს.

სწორედ ამიტომ იყო უკრაინა მიშასთვის ბევრად უფრო „კომფორტული“ - როგორც „პლაცდარმი“ ქართულ პოლიტიკაში დასაბრუნებლად, თორემ საქართველოში ძალაუფლებისა  და საკუთარი  „რეფორმატორული“ პროექტის გაგრძელების გარდა მას არც არაფერი აინტერესებდა ოდესმე და არც მომავალში დააინტერესებს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

უკრაინაში მიშას მთავარი შეცდომა ის იყო, რომ იქ მან აშკარად გადაამლაშა. თანაც,  არა იმდენად შინაარსის, რამდენადაც სტილის თვალსაზრისით. ანუ, ვერ განსაზღვრა ის „წითელი ხაზი“, რომლის გადაკვეთის უფლებასაც უკრაინული ელიტები  აღარ მისცემდნენ და ნებისმიერ ფასად „მოიშორებდნენ“.

თავის მხრივ ეს შეცდომაც  მარტივი ფორმულიდან გამომდინარეობს: საქართველო სხვაა და უკრაინა - სულ სხვა.

ნუთუ ასე ძნელი იყო?

 

ნიკა იმნაიშვილი 

 




dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 81.6%
შემცირდა 15.3%
არ შეცვლილა 3.1%