ENG / RUS       12+

ზალიკო თბილისის მერად - რატომ?!

,,გამარჯვებული ხალხის ტელევიზიის“ ერთ-ერთი წარმატებული სახის, ზაალ (ზალიკო) უდუმაშვილის ნომინირებამ „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატად დიდი გაუგებრობა გამოიწვია.  ჟესტით თუ გამოვხატავთ ამ რეაქციას, „მხრების აჩეჩვაა“: „სად ზალიკო და სად.....“ „უჰ....რა ცუდად აქვთ საქმე „ნაციონალებს“ - კანდიდატიც კი აღარ ჰყავთ.....“ „.......მაგარ კრიზისშია მიშა, აბა ზალიკო რა ..... მერია?“ და ა.შ და ა.შ.

ყველა თანხმდება (თვით ზაალ უდუმაშვილის ჩათვლით რასაკვირველია), რომ მას არანაირი შანსი არა აქვს გახდეს დედაქალაქის მერი. მაგრამ ამ „შეთანხმებულებს“ ჯიუტად არ სურთ გაითვალისიწნონ, რომ ეს მიშამაც იცის! და მათზე უკეთ იცის. ანუ, სააკაშვილი ყველაზე უკეთ ითვალისწინებს ამ მოცემულობას: ზაალ უდუმაშვილის არავითარი  შანსი არა აქვს, მოუგოს  კახი კალაძეს.

მაშ რატომ ასახელებს? „ზალიკო“ ხომ აშკარად თვით მიშას იდეაა?! ამაში ეჭვი არავის შეეპაროს. იმიტომ, რომ ჯერ ერთი, თავიდან ბოლომდე შეესაბამება მის პოლიტიკურ ტექნოლოგიას (ამის თაობაზე ქვემოთ) და მეორე: „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის შემდეგ, ამ პარტიაში აღარ დარჩა ელიტა, ვინც პარტიის ლიდერის გადაწყვეტილებებს წინააღმდეგობას გაუწევდა ან რაიმეზე კრინტს დაძრავდა.

უდუმაშვილი უკვე შეხვდა კიევში სააკაშვილს და უკრაინიდან დაბრუნებისას აშკარად დაბნეული გამოიყურებოდა: ერთის მხრივ, იცის, ისეთ საქმეში ჰყოფს თავს, რაშიც საერთოდ არაფერი გაეგება, მაგრამ მეორეს მხრივ, უარის თქმასაც ვერ ბედავს, რაკი ეს „ნომინირება“ ყველაზე ზუსტად მეტყველებს, რა მიმართება არსებობს ამ ტელევიზიასა და მიხეილ სააკაშვილს შორის. ამიტომ მისი უარი „დემარშად“  და „ღალატად“ იქნება აღქმული.  უდუმაშვილს კი თავისი საქმე ძალიან უყვარს და სამუშაოს  დაკარგვა ნამდვილად არ სურს.  ახლა გარანტიებს ითხოვს, - წაგების შემდეგ დააბრუნებენ ისევ იქ, სადაც ამჟამად არის ბედნიერად და კარგად. ამიტომაცაა აშკარად შეწუხებული და იმტვრევს თავს,  როგორ „მოუაროს“ ამ მოულოდნელ და არასასურველ წინადადებას - იყაროს კენჭი თბილისის მერად, როცა მიზერული შანსიც არ გააჩნია.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ამრიგად, მთავარი კითხვა სწორედ ესაა: რატომ ასახელებს მიშა მერობის კანდიდატად ისეთ ფიგურას, რომელსაც  შანსი არა აქვს? რატომ არ ასახელებს, მაგალითად, ნიკა რურუას, სალომე სამადაშვილს, რომან გოცირიძეს ან ნებისმიერ სხვა წევრს დღევანდელი „ნაციონალური მოძრაობის“ ელიტიდან? რა შუაშია ზაალ უდუმაშვილი საერთოდ?

არადა, ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად ლოგიკურია იმის გათვალისწინებით, რა არის მიშასთვის პოლიტიკა ზოგადად და მიმდინარე პოლიტიკური თამაში - კონკრეტულად.

სააკაშვილისთვის პოლიტიკა, პირველ რიგშიიარია“.  ასე იყო, ასე არის და ასე იქნება მუდამ!

მიშამ ერთხელ თქვა: „ბიძინა ივანიშვილის არჩევნებით ხელისუფლებიდან ჩამოშორება ვერ მოხერხდება, ამის იმედი ნურავის ექნებაო“. მაგრამ არც ერთხელ არ უთქვამს „არჩევნებში მონაწილეობას აზრი არა აქვსო“.

როგორ არა აქვს აზრი. ოღონდ იმ თვალსაზრისით, რომ ეს არჩევნები (თუ მომენტს ზუსტად შეარჩევ) შემდეგ „გაყალბებულად“ გამოაცხადო და ხელისუფლება მორიგი „მშვიდობიანი ვარდების რევოლუციით“ დაამხო! მაგრამ სანამ სიტუაცია საამისოდ მომწიფდება, მიშას „ფიარ-შემზადება“ სჭირდება, რისი აუცილებელი პირობაცაა საკუთარი პარტიის „იმიჯის“ გაკეთილშობილება და მის „სახედ“ ისეთი ფიგურების ქცევა, რომლებიც „ცნობადნი“ „იმპოზანტურნი“, „პოპულარულნი“ „სტილურნი“ (მაშასადამე „ელიტარულნი!“) არიან, მაგრამ, რაც ყველაზე არსებითია, არანაირ აგრესიას არ იწვევენ.

სწორედ ამ რაკურსით დავაკვირდეთ ზაალ უდუმაშვილის ფიგურას: ზალიკო „ცნობადი სახეა“, თუმცა არ არის „დამძიმებული“ ბიუროკრატიული ან/და პოლიტიკური წარსულით (იმავე რურუასა და გოცირიძისაგან განსხვავებით), იმპოზანტურია, „სტილურია“ და პოპულარულია; თანაც, მასაში „სოლიდური ტიპის“ აღქმა აქვს; იმავდროულად,  სიმპათიურია ამომრჩეველთა მშვენიერი ნახევრის თვალში  (ოოოოო ეს წვრილმანი ფაქტორი არ გეგონოთ)  და, რაც მთავარია, არ იწვევს არანაირი აგრესიას.

არ არის შემთხვევითი, თუ მიშამ  კანდიდატად სწორედ ზალიკო და არა, ვთქვათ, იგივე გიორგი გაბუნია დაასახელა, რადგან ამ უკანასკნელის იმიჯი, ზემოთაღწერილი „ბუკეტის“ ყველა ინგრედიენტის მიუხედავად, რეზისტენსულ აღქმასა და ნეგატიურ რეაქციას იწვევს, განსხვავებით უდუმაშვილისგან.

გარდა ამისა, მივაქციოთ ყურადღება  ამ ნარატივს: „ეს თბილისელი მაინცაა იმ სოფლელი გოიმისგან გასხვავებით და.........ამან ლაპარაკი მაინც იცის და.........“

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

სხვაგვარად თუ ვიტყვით,  უდუმაშვილის ნომინირებით მიშა ორ მიზანს ისახავს: პირველი, „პროგრამა - მინიმუმი“ ისაა, რომ თბილისის მერის არჩევნებზე „მიშას პარტიის“ სახე გახდეს იმგვარი ფიგურა, ვისაც გამარჯვების არანაირი შანსი არა აქვს (როგორც არც ერთ სხვა კანდიდატს არ ექნებოდა), სამაგიეროდ, არ იწვევს აგრესიას, აღიქმება „სერიოზულად“, „სოლიდურად“ არ ასოცირდება ბიუროკრატიასთან ან პოლიტიკასთან,  არ უკავშირდება სახელისუფლებო წარსულს და, მთლიანობაში, „აკეთილშობილებს“ „ნაციონალური მოძრაობის“ მასობრივ აღქმას.

ამ „სახის“ მეშვეობით „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოჩინდება იმ პოლიტიკურ ძალად, ვისაც შეუძლია გათავისუფლდეს „წარსული ფიგურებისგან“, მიაგნოს პოლიტიკურად უბიწო,  ხელისუფლებაში ყოფნით „გაუსვრელ“ სახეებს და ამით გაიუმჯობესოს ზოგადი პარტიული იმიჯი: „დაგმოს წარსული და გაიხედოს სიახლის, ანუ მომავლისაკენ!“.

მიშასპროგრამა მაქსიმუმიკი სხვა ოპოზიციური ფიგურების დამარცხებაა! პირველადი მონაცემებით, ზალიკო უდუმაშვილს ნამდვილად აქვს შანსი, მოუგოს როგორც „ევროპელ ქართველ“ ელენე ხოშტარიას, ასევე სხვებსაც. თუ უდუმაშვილი მეორე ადგილზე გავა, ეს უკვე ძალიან სერიოზული გამარჯვება იქნება „ნაციონალური მოძრაობისთვის“ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბევრად ჩამორჩება კახი კალაძეს; -  სხვები ხომ კიდევ უფრო ჩამორჩებიან?!

ამრიგად, ზაალ უდუმაშვილის ნომინირება არის მიშა სააკაშვილის ძალიან ჭკვიანური და მახვილგონივრული (შეიძლება ასეც ითქვას: „ეშმაკური“) სვლა, რომლის მიზანი „ფიარი“, საკუთარი პარტიის „გაპრავება“, მისი „ელიტურობის“ დადასტურება და მთლიანობაში, „ნაციონალური მოძრაობის“ არააგრესიული, თანაც მომავალზე, სიახლეზე ორიენტირებული სახისა თუ „იმიჯის“ შექმნაა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ისევ და ისევ: „მიშა გიჟიაო“......... ალბათ გიჟია, მაგრამ ჭკვიანი გიჟია!“.  მისი პრობლემა ზოგადი გიჟური სტრატეგიაა (ზოგჯერ უმართლებს, ზოგჯერა არა - ორივე შემთხვევაში კოლოსალური შედეგებით ქვეყნისთვის),  თორემ ტაქტიკაში ის იშვიათად უშვებს შეცდომებს. „ზალიკო უდუმაშვილი - თბილისის მერად“ შეცდომა კი არა, უძლიერესი პოლიტიკური სვლაა!

ნიკა იმნაიშვილი

ავტორი: . .