ENG / RUS

ვლადიმერ კონსტანტინიდი: კვიპროსში ქართული ეკლესია ქართული არქიტექტურით აშენდება

რესპოდენტის შესახებ

5-6-ათასიანი ქართული დიასპორა კვიპროსში დიდი ხანია არსებობს. სულ ახლახან კი კვიპროსში საქართველოს საელჩოს ძალისხმევით, ქართული სათვისტომო "ძალა ერთობაშია" ოფიციალურად დაფუძნდა _ განხორციელდა იურიდიული რეგისტრაცია და სათვისტომოს იურიდიული პირის სტატუსი მიენიჭა. საქართველოს ინტერესი კვიპროსში ქართველების გარდა ღალიის ღვთისმშობლის მონასტერია, რომლის კონსერვაციის სამუშაოები უკვე 2 წელია მიმდინარეობს. საქართველოსთვის ამ მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" კვიპროსში საქართველოს საგანგებო და სრულფლევბიან ელჩს ვლადიმერ კონსტანდინიდს ესაუბრა. 

_ ბ-ნო ვლადიმერ, უკანაკსნელი 3 წლის განმავლობაში კვიპროსი საქართველოს ყურადღების ცენტრში მოექცა. ქართული დიასპორის ზრდასთან ერთად, ღალიის ღვთისმშობლის მონასტერი გახდა ერთ-ერთი დამაკავშირებელი ორ ქვეყანას შორის. საინტერესოა, რა ხდება ღალიის მონასტრის ირგვლივ, რა ეტაპზეა იქ მიმდინარე სამუშაოები?

_ 2006 წლიდან დღემდე ჩვენმა არქეოლოგების ჯგუფმა ხუთი ექსპედიცია მოაწყო ღალიის მონასტერზე. მეხუთე ექსპედიცია ოქტომბერში ჩატარდა. ექსპედიციების მიზანი იყო ღალიის ღვთისმშობლის მონასტრის აღდგენითი სამუშაოსა და არქეოლოგიური გათხრების ჩატარება.
მეხუთე ექსპედიციის ფარგლებში, მოხდა ამავე ტერიტორიაზე მდებარე წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის არქეოლოგიური დამუშავება. ღალიის მონასტრის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს სათავსო, სამონასტრო, საბერო კელია, რომელსაც ასევე სამარხის ფუნქცია ჰქონდა.

_ რა სამუშაოა ჩასატარებელი?

_ დაგეგმილი გვაქვს, მოხდეს ამ ძეგლების კონსერვაცია, რასაც კვიპროსის მხარე იღებს საკუთარ თავზე. შემდგომი სამუშაო კი, რომელიც ითვალისწინებს ამ ძეგლის საბოლოო დაცვასა და გადახურვას, მოხდება ერთობლივი ძალისხმევით. ჩაერთვება ქართული მხარეც და თანადაფინანსებითა და თანამშრომლობის საწყისებზე მოხდება ამ ძეგლის გადახურვა.

იმედი გვაქვს, რომ როდესაც ძეგლი სათანადოდ დამუშავდება, ჩართული იქნება ძირითად ტურისტულ რუკაში, როგორც ადგილობრივებისთვის, ისე კვიპროსში ჩამოსული ტურისტებისთვის.

_ ცნობილია, რომ ღალიის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ქართული ეკლესიის მშენებლობაა გადაწყვეტილი. ვინ ააშენებს და, შესაბამისად, ვინ გაიღებს მშენებლობისთვის სჭირო სახსრებს?

_ გვაქვს მოლაპარაკება კვიპროსის ეკლესიასთან და დაწყებული გვაქვს მოლაპარაკება სახელმწიფოს შესაბამის სტრუქტურებთან იმის თაობაზე, რომ მოხდეს ქართული ეკლესიის (ვგულისხმობ ქართული არქიტექტურით) აშენება ამ ტერიტორიაზე. ეს იქნება, გარკვეულწილად სამონასტრო კომპლექსის აღდგენა. ამაზე უკვე საპატრიარქოსთანაც გვქონდა საუბარი, ანუ პატრიარქის კურთხევა მიღებულია.

რაც შეეხება დაფინანსებას, შექმნილია შესაბამისი ფონდი საქართველოში, რომელსაც ჰქვია "ღალიის ღვთისმშობლის მონასტრის ფონდი" და შემოწირულობების იმედი გვაქვს. გარკვეულ პერიოდში მოხდება შესაბამისი ნებართვის მიღება, რის შემდეგაც დაიწყება ახალი ეკლესიის მშენებლობა. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, ქართული საზოგადოებისთვის, რადგან რამდენიმე საუკუნეა, ქართველებს არ მისცემიათ იმის შესაძლებლობა, უცხო სახელმწიფოში ქართული ეკლესია, ქართული არქიტექტურით აეშენებინათ.

_ კვიპროსის სახელმწიფო სტრუქტურები როგორ უყურებენ ამ წამოწყებას?

_ პრინციპული დამოკიდებულება მათი არის, რომ თუ კვიპროსის ეკლესიამ თანხმობა განაცხადა, ნაკლებსავარაუდოა, რომ სახელმწიფოს რაიმე ჰქონდეს საწინააღმდეგო. თუმცა გვინდა, უმაღლესი თანამდებობის პირებისგან გვქონდეს დასტური მიღებული. შესაბამისად, მათთან შეხვედრის მიზანი ასევე იქნება, რომ ტექნიკური მხარეები შეთანხმდეს, ანუ საუბარი იქნება პირველ რიგში ნებართვის მიღებაზე, მიწის ნაკვეთი უნდა იქნას გამოყოფილი. საჭიროა მთელი რიგი სამსახურების _ ეკოლოგიის მიწის კადასტრის, სატყეო დეპარტამენტის და სხვათა თანხმობებიც.

_თქვენ აღნიშნეთ, რომ ეკლესია ქართული არქიტექტურით აშენდება, არის თუ არა მზად პროექტი?

_ პროექტი შემდეგი ეტაპი იქნება, რომელსაც აუცილებლად მოითხოვს კვიპროსული მხარე, იმიტომ რომ, ბუნებრივია, როდესაც იწყებ მშენებლობას, აუცილებელია, მეორე მხარეს ჰქონდეს მონაცემი, რის აშენებას ვაპირებთ, რა მოცულობის ეკლესიის და დამხმარე ნაგებობების მშენებლობას ვგეგმავთ.

ასეთი პროექტი ჯერჯერობით დამტკიცებული სახით არ არსებობს. თუმცა ვიცით, რომ საპატრიარქოს ამ კუთხით მუშაობის საკმაო გამოცდილება აქვს. არიან არქიტექტორები, რომლებსაც მიეცემათ შესაძლებლობა, წარმოადგინონ თავიანთი პროექტები და შემდეგ მოხდება უკვე საუკეთესო ვარიანტის არჩევა, შეჯერება.

ჯერჯერობით ასეთი პროექტი არ დევს. არის მაკეტი, რომელიც ასახავს, რა იყო ღალიის მონასტერი წარსულში, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ამ მაკეტის საფუძველზე აშენება ვერ მოხერხდება, იმიტომ რომ ამ მაკეტის მიხედვით ყოფილ სამონასტრო კომპლექსში ბიზანტიური სტილი ჭარბობდა. ჩვენი სურვილია, ახალი ეკლესია იყოს ქართული, რაზედაც კვიპროსის ეკლესიაც თანახმაა.

_ თქვენ ახსენეთ, რომ იმედოვნებთ დიასპორის აქტიურობას. საინტერესოა, რა მდგომარეობაშია კვიპროსში ქართული დიასპორა?

_ დაუზუსტებელი მონაცემებით, კვიპროსში დაახლოებით 5-6 ათასი ქართველი ცხოვრობს და საქმიანობს. ბოლო პერიოდში ეკონომიკური კრიზისის გამო ბევრ ქართველს მოუხდა საქართველოში დაბრუნება. გართულდა სამუშაოს შენარჩუნება ან პოვნა. ქართველების დიდი ნაწილი _ მამაკაცები, დაკავებული არიან ძირითადად ფიზიკური სამუშაოთი ან სამშენებლო სექტორში, ქალები _ ოჯახებში.

შემიძლია ვთქვა, რომ საემიგრაციო პოლიტიკა არ გამოირჩევა განსაკუთრებული სიმკაცრით ჩვენი მოქალაქეების მიმართ. იმდენად, რამდენადაც ეს არის ევროკავშირის სახელმწიფო და სავიზო და საემიგრაციო პოლიტიკა მთლიანად ევროკავშირის გენერალურ პოლიტიკაზეა მიბმული, ბუნებრივია, გართულებულია გარკვეული პროცედურები ანუ კვიპროსში ჩამოსვლა.

სამწუხაროდ, ზოგიერთი ჩვენი თანამემამულე ცდილობს ქვეყანაში მოსახვედრად გამოიყენოს არაკონტროლირებადი ტერიტორია, რაც ხშირ შემთხვევაში გარკვეულ რისკთანაც არის დაკავშირებული.

დიასპორას რაც შეეხება, მივაღწიეთ იმას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში, საემიგრაციო სამსახურში, ხდება ოფიციალური რეგისტრაცია, ანუ გაფორმება, როგორც იურიდიული პირის, რომელსაც ეწოდა "ძალა ერთობაშია".

ფუნქციონირებს საკვირაო სკოლა ნიქოზიაში, პაფოსში, ლიმასლში. მართალია, ზოგჯერ ხდება ხოლმე დროებით შეფერხებები, რისი მიზეზიც ფინანსებთანაა დაკავშირებული.

_ უდავოა, რომ მეტწილად ფიზიკური შრომით დაკავებული ადამიანების სოციალური გარანტიები ვერ იქნება მაქსიმალურად უზრუნველყოფილი. მეტიც _ ცხადია, მათ აქვთ პრობლემებიც, რამდენად ურთიერთობენ ისინი საელჩოსთან და რა წარმოადენს მათ მთავარ პრობლემას?

_ ხშირია შემთხვევა, როდესაც ისინი ითხოვენ არსებული დოკუმენტების, ქართული პასპორტის ან პირადობის მოწმობის გაგრძელებას, ან ახლის მიღებას. არის ერთი მეტად დელიკატური საკითხი _ პრობლემა: ქვეყანაში არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან შემოსვლა. ეს პრობლემა ხომ ჩვენთვისაც კარგადაა ნაცნობი. ასეთ შემთხვევებში ჩვენი მოქმედების არეალი მნიშვნელოვნადაა შეზღუდული. არ დავმალავ, არის სხვა ერთი შეხედვით მეტად კურიოზული, მაგრამ სიმპტომატური შემთხვევებიც: ადამიანები პოლიტიკური ან სხვა მოსაზრების გამო უარს აცხადებენ საქართველოს მოქალაქეობაზე, ადამიანურ ენაზე რომ ვთქვათ, ლამის მიწასთან ასწორებენ თავიანთ ქვეყანას და პრობლემის წარმოქმნისას კვლავ ამ ქვეყანას სთხოვენ დახმარებას. ერთადერთი, რაც ასეთ დროს შეგვიძლია გავაკეთოთ, ისაა, რომ გავცეთ საქართველოში დასაბრუნებელი დოკუმენტი. ეს კი ხშირ შემთხვევაში მათ უკმაყოფილებას იწვევს. თუმცა ბევრი მათგანი გაგებით ეკიდება ამ საკითხს.

ვეხმარებით ადამიანებს რიგი სანოტარო მოქმედებების შესრულებაში. არის შემთხვევები, როდესაც ხდება მათი დაკავება და ითხოვენ დახმარებას სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში. ეს არის ყოველდღიური ჩვეულებრივი საქმეები და რაიმე განსაკუთრებული ამ მხრივ არ ხდება. რა თქმა უნდა, გვაქვს სხვადასხვა კულტურული და საზოგადოებრივი თავყრილობაც, რომლის დროსაც ყველა ცდილობს, სამშობლოს მოეფეროს.

_ მაინც რა არის ის ძირითადი ფასეულობა, რომელიც საქართველოსა და კვიპროსს აახლოებს?

_ კვიპროსი არის ტრადიციულად დაახლოებით იმავე ფასეულობების მატარებელი, როგორიც საქართველოა. ეს არის ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული კულტურის კერა. ადამიანები, საზოგადოება არის მსგავსი ჩვენი საზოგადოებისა. ეს იძლევა ნიადაგს იმისა, რომ ჩვენს ქვეყნებს ჰქონდეთ მჭიდრო და კარგი ურთიერთობა.

არ ვიცი, რამდენად არის ეს ცნობილი ჩვენი საზოგადოებისთვის, მაგრამ საქართველო ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ეხმარებოდა კვიპროსს გაჭირვების დროს. მაშინ არც საქართველოს ჰქონდა დალხენილი ცხოვრება. კიკოსის მონასტერი, სადაც ერეკლე მეფის მიერ გამოგზავნილი შემოწირულობებია, მაგალითია ამ თანადგომისა. მქონდა შესაძლებლობა, მენახა კვიპროსში საცავები, ბიბლიოთეკა, სადაც საუბარია იმაზე, რომ საქართველო ძალიან დიდ დახმარებას (და მათ შორის მატერიალურს) უწევდა კვიპროსს, განსაკუთრებით კვიპროსის ეკლესიებს.

ბუნებრივია, ახლა ეს სახელმწიფოებს შორისაც აისახება, ამის მაგალითი იყო ჩვენი საელჩოს გახსნა კვიპროსში. ეს იყო ჩვენი გადაწყვეტილება, რითიც ხაზი გაესვა იმას, რომ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ ურთიერთობებს და რა საკვირველია, იმასაც, რომ კვიპროსი დღეს ევროკავშირის ქვეყანაა, რასაკვირველია თავისი პრობლემებით, თავისი განსაკუთრებული სპეციფიკური სიტუაციით, მიუხედავად ამისა, ეს შეიძლება ბევრისთვის და ჩვენთვისაც მაგალითი იყოს, როგორ შეიძლება მიღწეული იქნას წარმატებები, მიუხედავად ასეთი სერიოზული სახის პრობლემებისა.

_ კვიპროსი ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, თუმცა, მას აქვს ტერიტორიული პრობლემა, რომელიც შესაძლოა ერთი-ერთზე არა, მაგრამ გარკვეულად იდენტურია ჩვენს ქვეყანაში არსებული პრობლემისა. რა არის კვიპროსის წარმატების საიდუმლო, რომელი გამოცდილებაც შეიძლება საქართველომ გაიზიაროს?

_ როდესაც კვიპროსს შეექმნა ისეთი სახის პრობლემა, რასაც ქვეყნის გაყოფა ჰქვია, აღმოჩნდა, რომ ქვეყნის რესურსების უდიდესი ნაწილი, თითქმის 70 პროცენტი, მოხვდა სწორედ იმ ტერიტორიაზე, რომელსაც კვიპროსი დღეს ვერ აკონტროლებს. ანუ რეალურად შეიქმნა სიტუაცია _ უკიდურესი აუცილებლობა იმისა, რომ რაღაც ზომები უნდა ყოფილიყო მიღებული, რათა ქვეყანას მძიმე მდგომარეობა დაეძლია.

მოხდა ძალიან სწორი დაგეგმვა და სტრატეგიულად სწორი პოზიციის არჩევა. კვიპროსმა გააკეთა აქცენტი იმ სფეროებსა და მიმართულებებზე, რამაც რეალურად შედეგი გამოიღო. პირველ რიგში, მათ შექმნეს მაქსიმალურად ლიბერალური გარემო ინვესტიციებისათვის და უცხოელი ინვესტორებისთვის გაამარტივეს ბიზნესის წარმოება. განსაკუთრებით პრიორიტეტი მიენიჭა ტურიზმის სფეროს.

მნიშვნელოვნად გაძლიერდა საზღვაო-სანაოსნო სფერო, რომელიც კვიპროსის სტრატეგიული და უნიკალური მდებარეობიდან გამომდინარე, ერთ-ერთი პერსპექტიული დარგია. თუ არ ვცდები, ევროპაში საბერძნეთის შემდეგ კვიპროსს აქვს პირველი სავაჭრო სანაოსნო თავისი მოცულობითა და ოპერირების დონით.

ძალიან დახვეწილია საბანკო სისტემა. კვიპროსს ამ მიმართულებით ხმელთაშუა ზღვის შვეიცარიასაც უწოდებდნენ.

მოგეხსენებათ, რომ კვიპროსზე ფუნქციონირებდა ოფშორული ზონები, რაც ძალიან ხელსაყრელი იყო ბევრი ბიზნესისთვის. ევროკავშირში გაერთიანების პარალელურად ეს ოფშერული ზონა მეტ-ნაკლებად მოიშალა, რადგან იმ ფინანსურ პოლიტიკას ვეღარ ახორციელებს, მაგრამ დაბალი გადასახადები, ლიბერალური გარემო, უსაფრთხო მდგომარეობა, როგორც კრიმინოგენული, ასევე ზოგადი, კარგ ნიადაგს ქმნის, რომ აქ ეკონომიკა განვითარდეს. ბუნებრივია, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ქვეყანაში მსოფლიო კრიზისის მიუხედავად დღესაც განაგრძობს განვითარებას.

_ ეს ყველაფერი ძლიერ მომხიბვლელია, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენთან ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი ამ მიმართულებით. მაგრამ საინტერესოა, რა კეთდება ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირის გასაღრმავებლად?

_ ამ მიმართულებით არის რამდენიმე ხელისშემშლელი ფაქტორი. ერთ-ერთი ისაა, რომ კვიპროსს საქართველოში არა აქვს წარმომადგენლობა, არც საელჩო, არც საკონსულო. შესაბამისად. კვიპროსის ვიზის მიღების მსურველებმა უნდა მიმართონ კვიპროსის წარმომადგენლობას ქალაქ კიევში ან ათენში. ეს, ბუნებრივია, აფერხებს პროცესს.

ჩვენ გვქონდა საუბარი კვიპროსის ხელისუფლებასთან ამ საკითხებზე და ვეცადეთ, დაგვერწმუნებინა ისინი, რომ მომხდარიყო ამ საკითხის მოგვარება რომელიმე ერთ-ერთი აპრობირებული მეთოდით. სამწუხაროდ, დღეს რეალობა ასეთია, რომ კვიპროსს უახლეს პერიოდში დაგეგმილი არ აქვს საელჩოს ან რაიმე წარმომადგენლობის გახსნა საქართველოში, სრულიად ობიექტური მიზეზების გამო. ერთი ის, რომ დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნა ითხოვს რესურსებს. მეტსაც გეტყვით, კვიპროსს ევროკავშირის ყველა ქვეყანაშიც კი არ აქვს საელჩო, რაც, ბუნებრივია, პერსპექტივას, რომ ჩვენთან გახსნას საელჩო, ამცირებს. რაც შეეხება იმას, რომ სხვა რომელიმე საელჩოს დაევალოს ამ ფუნქციის შესრულება, ამ მიმართულებით ვმუშაობთ. ეთხოვა საგარეო საქმეთა სამინისტროს, თუმცა მათ გვითხრეს, რომ, კვიპროსი არის შენგენის აპლიკატი (ანუ დაწყებული აქვს შენგენში გაწევრიანების პროცესი, თუმცა დასრულებული ჯერ არ აქვს) და ეს ხელს უშლის, საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე, სხვა საელჩოს დაავალონ თავისი ფუნქციების შესრულება.

შენგენის რეგულაციების მიხედვით, გადანდობის მექანიზმი არ მუშაობს, ანუ უშუალოდ ქვეყანამ უნდა აწარმოოს თავისი ქვეყნის სავიზო უზრუნველყოფა, თუმცა ეს ნაკლები ხელისშემშლელი ფაქტორია იმასთან შედარებით, რაც არის მეორე რეალური ფაქტორი. არ არსებობს პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა. იმის მიუხედავად, რომ ამ მიმართებით დავიწყეთ წინადადების ინიცირება, რომელიც ჩვენი ავიაკომპანიებისთვის არცთუ წარუმატებელი იქნებოდა, ჯერჯერობით სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ. მეტიც, აქაურ მოსახლეობას აქტიურად შეგვიძლია შევთავაზოთ ჩვენი ზამთრის კურორტები, მაგრამ პირველი კითხვა მაშინვე საჰაერო მიმოსვლას უკავშირდება და პერსპექტივა მცირდება. ზამთრის და სამონადირეო ტურიზმის გარდა, არსებობს პილიგრიმების დაინტერესებაც, მაგრამ აქაც ხელისშემშლელი პრობლემა სწორედ საჰაერო მიმოსვლის არქონაა.

გადაწყვეტილი გვაქვს, საქართველოდან ჩამოვიყვანოთ ტუროპერატორები და ჟურნალისტები, აქედან ჩვენთან ჩავიყვანოთ იგივე ჯგუფები და მკვდარი წერტილიდან დავძრათ ეს საკითხი. თუ ყველაფერი კარგად გავითარდა, ვფიქრობ, თებერვალ-მარტში საქართველოში კვიპროსელი ტურისტების მხირერიცხოვანი ჯგუფის ჩაყვანას მაინც მოვახეხებთ. მერე კი ეს ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად აქტიურები ვიქნებით ამ მიმართულებით.

_ არაფერი გვითქვამთ სამთავრობო კონტაქტებზე...

_ ვფიქრობთ, მოხდება ვიზიტების ურთიერგაცვლა. საგარეო საქმეთა მინისტრმა მიმდინარე წელს უკვე გამართა შეხვედრა თავის კოლეგასთან ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში. ამჟამად საუბარია შუა რგოლის კონტაქტებზე, რაც შემდეგ შეამზადებს სიტუაციას შემდგომი ურთიერთობებისთვის. საკმაოდ ბევრი საკითხია გაჩერებული და დაჭიროა მათი დაძრა ადგილიდან, მეტი გააქტიურება. მთავარია, რომ არსებობს საკმაოდ ბევრი შეხების წერტილი, რომელსაც შეუძლია ჩვენი ურთიერთოება გააღრმაოს და დადებითად წაადგეს ორი ქვეყნის ურთიერთობას.

_ დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, გისურვებთ წარმატებებს...

_ წარმატებას ვისურვებ სრულიად საქართველოს. ნება მიბოძეთ, მივულოცო ჩემს თანამემაულეებს დამდეგი შობა-ახალიწელი, ვუსურვო წარმატებები და გამარჯვებები ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა თემურ ჭუმბურიძე

ავტორი: . .