ENG / RUS

ეკა ბესელია: სხვა გზას პადოშას გზა ჰქვია

რესპოდენტის შესახებ

საპრტოტესტო აქციების მე-18 დღის მიწურულს რადიკალურ ოპოზიციად წოდებულები ოპტიმისტურ განწყობას ინარჩუნებენ. ილუზიურ სიმშვიდეს ინარჩუნებს ხელისუფლებაც. საზოგადოების ნეიტრალური ნაწილი კვლავ ნეიტრალურია, აქტიური - კვლავ აქტიური. პრაქტიკულად, თუ დროდადრო შსს-ის მიერ მომზადებულ "მასობრივ სანახაობებს" არ ჩავთვლით, ქვეყანაში ნიშანდობლივად არაფერი შეცვლილა. ნერვების "ომი" გრძელდება და გრძელდება არა მარტო ქალაქში, არამედ იმ ქალაქშიც, რომელიც ქალაქში "დგას". ამ საკითხებთან დაკავშირებით სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენი" "მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერს ეკა მესელიას ესაუბრა. ბესელიას განცხადებით, მოვლენები გეგმაზომიერად ვითარდება, რაც სულ მალე ლოგიკური შედეგით, ანუ მიხეილ სააკაშვილის გადადგომით, დასრულდება. ოპოზიციას დღემდე სულ უმნიშვნელო შეცდომაც კი არ დაუშვია, რასაც ვერ ვიტყვით ხელისუფლებაზე, რომელსაც ნერვებმა აქციების დაწყებიდან მესამე დღესვე უმტყუნა".
_ მიხეილ სააკაშვილის საყოველთაოდ ცნობილ ემოციებსა და "საეჭვო რეპუტაციის" მქონე ნერვულ სისტემას თუ გავითვალისწინებთ, და იმასაც გავიხსენებთ თუ რა შედეგით მთავრდება ხოლმე პროცესები, როცა პრეზიდენტს "ნერვები უმტყუვნებს", გამიჭირდება ამაში დაგეთანხმოთ...

_ რასაკვირველია, სააკაშვილი დღეს იმაზე მეტად ეგზალტირებულია, ვიდრე ოდესმე ყოფილა და, თუ მას აქამდე საპროტესტო აქციები ისევე არ დაურბევია, როგორც 2007 წლის ნოემბერში, ეს იმას არ ნიშნავს, რომ "გამოჯამრთელდა" ან მისი პოლიტიკა, ან თავად იგი. საქმე იმაშია, რომ სააკაშვილმა "სტრატეგია" შეიცვალა და მოქმედების არიალიც გაიზარდა. ფართომასშტაბიან დარბევას ამჯერად ლოკალური თავდასხმები ამჯობინა; საზოგადოებაზე ტერორის, შანტაჟისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის განხორციელება მისთვის არც აქამდე ყოფილა უცხო და უცხო არ არის დღეს; რაც შეეხება იმ სახელისუფლებო რესურსებსა და ბერკეტებს(ტელევიზიებიდან დაწყებული ყველა სახემწიფო უწყების ჩათვლით, რომლებიც, როგორც მთლიანად ქვეყანა "დაპრივატებული" აქვს), როგორც ყოველთვის ამჯერადაც ისე მოიხმარს, როგორც პირადი მოხმარების "საგნებს".

_ გამოდის, რომ ამასობაში არამარტო ოპოზიცია, ხელისუფლებაც "გაზრდილა"?

_ ვერ ვიტყვი, რომ ხელისუფლებაც "გაიზარდა", პირიქით მისი ქაოტური მოქმედება და დაბნეულობა, მის უძლურობასა და სისუსტეზე მიანიშნებს მხოლოდ...

_ და როგორ ფიქრობთ, რამ "დააბნია" ხელისუფლება?

_ უპირველეს ყოვლისა, ქართველი ხალხის გამძლეობამ, გონიერებამ, შეუპოვრობამ და ოპოზიციის ერთსულოვნებამა და პრინციპულობამ!..

_ როდესაც ერთსულოვნებაზე საუბრობთ, არასდროს არ გიჩნდებათ იმის შიში, ან სულაც ეჭვი, რომ ერთ მშვენიერ(ან იქნებ ნაკლებად მშვენიერ) დღეს ოპოზიციური ერთსულოვნება დაირღვეს, და თქვენგან რომელიმე პოლიტიკური სუბიექტი ხელისუფლებასთან გარიგების ტოლფას დიალოგზე წავიდეს?

_ არა, ამის ნამდვილად არ მეშინია, რადგან მოცემულ ვითარებაში მსგავსი ეჭვისა და შიშის საფუძველი არ არსებობს; და თუ ასეთი რამ ოდესმე მაინც მოხდება, მაშინ ეშინოდეთ მათ და არა ჩვენ!.. ოპოზიციის სახელით მსგავს ნაბიჯს ვერავინ გადადგამს! სხვა "გზას" კი, ცნობისათვის "პადოშას" გზა ჰქვია და, ამ გზაზე "ამვლელ-ჩამვლელებს" ღმერთმა ხელი მოუმართოთ. მოკლედ საკითხი ძალიან მკაფიოდ და გარკვევით დგას: თუ ვინმეს უნდა საკუთარ ხალხს საკუთარი სურვილით "მოეკვეთოს" და პოლიტიკური "ხარაკირი" ჩაიტაროს, დაე ჩაიტაროს!

_ არც იმაში შეგპარვიათ ეჭვი, რომ ოპოზიციის უალტერნატივო მოთხოვნას - "გადადგეს მიხეილ სააკაშვილი", ვაბანკის ელფერი დაჰკრავს და შესაძლოა იგი პოლიტიკური პროცესების კრახით დასრულდეს? გაცილებით უფრო ლოგიკური ხომ არ იქნებოდა მოგეთხოვათ, თუნდაც ვანო მერაბიშვილის გადადგომა?

_ მიუხედავად იმისა, რომ ვანო მერაბიშვილს სააკაშვილზე ნაკლები წვრილი არ მიუძღვის ქვეყნის ნგრევაში, 9 აპრილის საპროტესტო აქციები მოთხოვნის ერთი (თუნდაც ყველაზე საშიში და საძულველი) მინისტრის გადაყენებაზე დაყვანა, ყოვლად დაუშვებელი იყო და ამას, თავისი ლოგიკური ახსნა აქვს _ მოგეხსენებათ აგვისტოს მოვლენების შემდეგ, ოპოზიციამ არაერთი მემორანდუმი შეიმუშავა და მუდმივად აფრთხილებდა ხელისუფლებას - თუ იგი არ შეცვლიდა საარჩევნო კანონს, თუ იგი არ შეწყვიტავდა სასამართლოსა და მედიაზე ზეწოლას, თუ იგი არ უარს არ იტყოდა ანტიეროვნულ და ანტისახელმწიფოებრივ, კრიმინალურ პოლიტიკაზე, მაშინ 9 აპრილს ხალხი და ოპოზიცია გამოვიდოდა ერთადერთი, უალტერნატივო და უკომპრომისო მოთხოვნით - გადადგეს მიხეილ სააკაშვილი!

_ მართლაც, 9 აპრილისათვის სამზადისი ხანგრძლივი გქონდათ და საზოგადოების მოლოდინიც დიდი იყო; თუმცა, დღეს უკვე გარკვეული ნიჰილიზმი შეიმჩნევა. აქციებიდან მეთვრამეტე დღეს აღმოჩნდა, რომ - გვაქვს ქალაქი ქალაქში, ანუ 500-მდე საკანი, გვყავს რამდენიმე რეპუტაცია "შელახული" ლიდერი, 100-მდე ნაცემი აქტივისტი და ათასამდე შეციებულ-გაციებული მომიტინგე... სულ ეს ხართ?.. სულ ესაა თქვენი სტრატეგიის "მონაგარი"?

_ სტრატეგია, რომელიც ჩვენ ქართველ ხალხთან შეთანხმებით ავირჩიეთ არის ერთადერთი, სწორი და მართებული. და, თუ დღეს შედეგამდე არ მივსულვართ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგი მცდარი და უშედეგოა. უფრო მეტსაც გეტყვით, ეს შედეგი აუცილებლად დადგება და თან ძალიან მალე! ჩვენ ყველანი ვთანხმდებით, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. ხელისუფლების ვადამდე შეცვლის ორი გზა არსებობს: რევოლუცია და მასობრივი მშვიდობიანი მანიფესტციები. ჩვენ, როგორც ცივილურმა და გონიერმა ერმა, ეს უკანასკნელი გზა ავირჩიეთ. ამდენად, ჩვენი სტრატეგია გრძელვადიანია, ხოლო მისი შედეგი - გარდაუვალი. საზოგადოებას ეს გაცნობიერებული აქვს და არანაირი ნიჰილიზმი არც ოპოზიციურ პარტიებში და არც ჩვენს მხარდამჭერ აქტივისტებში და მომიტინგეებში არ შეიმჩნევა.

_ სამაგიეროდ უკმაყოფილება იზრდება აქციების მიმდებარე ტერიტორიაზე მაცხოვრებლებში. რამდენად სუბიექტურები და ობიექტურები არიან ისინი, ან რამდენად აქვთ პროტესტის მორალური უფლება, ეს ცალკე თემაა. ფაქტია, გზების გადაკეტვით დისკომფორტი რიგითი მოქალაქეებს ექმნებათ და არა პრეზიდენტს და მის ხელქვეითებს. ისინი ქვეყნის შიგნითაც ისევე უპრობლემოდ გადაადგილდებიან, როგორც ქვეყნის გარეთ.

_ ვერ დაგეთანხმებით, მიხეილ სააკაშვილს დისკომფორტი ნამდვილად ექმნება და თან ძალიან დიდი. ის პრაქტიკულად დევნაში მყოფი პირის ცხოვრებით ცხოვრობს. ის, რომ 18 დღის მანძილზე ვერ შედის ავლაბრის რეზიდენციაში; თუ არ ჩავთვლით 5 წუთიან მთავრობის სხდომას, ვერ შედის ვერც სახემწიფო კანცელარიაში; თავისუფლად ვერ გადაადგილდება ვერც რესტორნიდან რესტორანში და თავზე პლედგადაფარებული გამოყავს დაცვას ისიც და მისი თანმხლები ქალბატონები; ის რომ მისი, ვითომ ხალხის მიერ "არჩეული" უმრავლესობის წევრები ხალხის შიშით პარლამენტში ვერ შედიან და ტრასებზე, "ლუკოილის კალონკებთან" იძლევიან ინტერვიუს, ეს დისკომფორტი არაა? დისკომფორტია ისიც, რელაქსაციისათვის ბოდრუმის კურორტებზე რომ გარბის და იქაც კი "დევნაში" რომ ჰყავს ქართველ ხალხს. რაც შეეხება ვანო მერაბიშვილს, რომელიც საკუთარ სამინისტროში ისეეა "გამაგრებული", როგორც საკუთარ სამფლობელოში, გაცილებით დიდი დისკომფორტის შექმნა ნამდვილად სჭირდება და ის ამას სულ მალე ნამდვილად მიიღებს.

_ ეს ცოტა საფრთხილო არაა? საქმე ძალოვან სტრუქტურას და მის უძლეველ მინისტრს ეხება...

__ჩვენი რეაქცია ყოველთვის და ყველსათან იქნება ადეკვატური. როცა თავში გვირტყავენ, რეპრესიებს გვიწყობენ, ცილს გვწამებენ, როცა წყლით სავსე პარკებს და ტირის თოფებს გვესვრიან ისინი, ვისაც პირდაპირ ევალება ჩვენი, ჩვენი უფლებებისა და სიცოცხლის დაცვა, ამას უთუოდ მოყვება ჩვენგან ადექვატური ქმედება.

_ ძალადობაზე ადეკვატური რეაქცია ასევე ძალადობრივი იქნება?

_ ჩვენ არანაირ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას არ ჩავიდენთ. კანონი გვაძლევს აუცილებელი მოგერიებისა და უკიდურესი აუცილებლობით გამოწვეული მოქმედების უფლებას. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ეს უფლება 28-ე და 30-ე მუხლებითაა გათვალისწინებული: "მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ესე იგი ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად".

_ მართალია კანონის ენით საუბრობთ, მაგრამ დიდია იმის ალბათობა, რომ ხელისუფლებამ რევანშისტად შეგრაცხოთ...

_ ჩემთვის ხელისუფლების კი არა, ქართული საზოგადოების შეფასება მთავარი და ის, რომ ჩემი ყოველი ქმედება კანონით იყოს გამყარებული და გამართლებული. ისევ ს.ს.ს.კ-ის 30-ე მუხლით გაგცემ პასუხს ოპონენტებს. კანონი გვაძლევს იმის უფლებას, რომ უკიდურესი აუცილებლობისა და აუცილებელი მოგერიების შემთხვევაში გადავრჩინოთ სიკეთე, თუკი დაზიანებული სიკეთე ნაკლებადმნიშვნელოვანია.
პირადად მე, როგორც ადვოკატს, არაერთხელ დამიცვია სასჯელისაგან ჩემი დაცვისქვეშ მყოფი ბრალდებულები კანონის ამ მუხლებით.
თუ ვინმე იტყვის, რომ კანონის ძალით გადარჩენილი სიკეთე, ანუ - პატრიოტი ადამიანების სიცოცხლისა და ღირსების გადარჩენა, ნაკლებად მნიშვნელოვანი სიკეთეა, ვიდრე მოძალადე ხელისუფლებისა ძალადობრივი ქმედება, ეს უკვე მათი ფსიქიკისა და აზროვნების პრობლემაა.

_ რადიკალები მუდმივად აკრიტიკებთ ხელისუფლებას. საინტერესოა, რამდენად გაქვთ თავად ოპოზიციური პარტიების ლიდერებს ინდივიდუალური, ან "კოლექტიური" თვითკრიტიკის უნარი და განცდა?

__ რასაკვირველია მაქვს, ჩემთვის ისევე მიუღებელია გინებისა და ბილწსიტყვიერების მოსმენა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, როგორც იმ ტრიბუნიდან, რომელზეც გაერთიანებული ოპოზიცია დგას. ასეთ შემთხვევებში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ არის გინების ადრესატი და ვინ ავტორი.

_ მხოლოდ ბილწსიტყვიერებას არ ვგულისხმობ. თავად ის ფაქტი, რომ გამუდმებით სუშზე, მასაჟისტზე და ბაყაყებზე საუბრობენ ოპოზიციის ლიდერები, ეს ერთგვარ უკმაყოფილებას იწვევს არა მხოლოდ მაღალი, საშუალო პოლიტიკური კულტურისა და გემოვნების მქონე ადამიანებშიც. ბოლოს და ბოლოს მიხეილ სააკაშვილთან სხვა პრეტენზიები არ გაქვთ? და მხოლოდ ამისთვის ითხოვთ მის გადადგომას, რომ მთელი აპრილი გამუდმებით წვიმს?

_ შესაძლოა ორატორობის უნარი ტრიბუნასთან გამომსვლელ ლიდერთა შორის ყველას არ აქვს. მე კრიტიკული ვარ როგორც საკუთარი თავის, ასევე ჩემი თანამებრძოლების მიმართ და ამიტომ ვამბობ კიდეც, რომ ზოგადი სურათის მიხედვით, შესაძლოა მიტინგებს სოლიდურობა და აკადემიურობა მართლაც აკლიათ; თუმცა აქვს მუხტი, რომელიც ქუჩის აქციებისათვის არანაკლებ მნიშვნელოვანია. ჩვენ ეხლა პრაქტიკულად "საველე პირობებში", ბრძოლის წინა ხაზზე ვიმყოფებით და არა მშვიდ, წინასაარჩევნო პერიოდში. ამდენად, გარკვეულწილად ჩვენს გამოსვლების შინარსსა და თემატიკას დრო და სიტუაცია განსაზღვრავს და არა, მხოლოდ ჩვენი პოლიტიკური შესაძლებლობა და განსწავლულობა.

_ ფაქტია, ლიდერების სიმრავლის მიუხედავად, არც გამოკვეთილი ლიდერი გყავთ; არა და ამის აუცილებლობა ოპოზიციის დღის წესრიგში თუ არა, საზოგადოებაში ნამდვილად დგას...

_ გამოკვეთილი ლიდერი ნამდვილად არ გვყავს და ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ. პირიქით, პარიტეტული ურთიერთობა და თანამშრომლობა, სასიკეთო გამოცდილებად წაგვადგება კიდეც, რადგან მომავალი ხელისუფლებაცა და პარლამენტიც აუცილებლად იქნება კოალიციური.

_ თუ კოალიციური მართველობა თქვენთვის მისაღებია, რატომ არ დათანხმდით სააკაშვილს კოალიციური მთავრობის შექმნაზე?

__ იმიტომ, რომ ეს იქნებოდა უზნეო და ქვეყნისთვის უშედეგო გარიგება.

_ კოალიციური მთავრობა და პარლამენტი გასაგებია, მაგრამ გამოკვეთილი ლიდერი მაინც გჭირდებათ, პრაზიდენტსაც "კოალიციურს" ხომ არ აირჩევთ?

_ საქართველოს პრეზიდენტი იქნება ის, ვისაც ქართველი ხალხი აირჩევს. არჩევანი იქნება დიდიც და მრავალფეროვანიც.

_ იყო დაპირება და მოლოდინი იმისა, რომ 9 აპრილის საპროტესტო აქციებს ირაკლი ოქრუაშვილიც შეუერთდებოდა და გადამწყვეტ როლს ითამაშებდა სააკაშვილს პოსტიდან წასვლაში. ჯერჯერობით არც ოქრუაშვილი ჩანს და არც მიხეილ სააკაშვილი აპირებს გადადგომას. რას უნდა მოასწავებდეს ეს _ გადამწყვეტი ეტაპი ჯერ არ დამდგარა, თუ თავად ოპოზიციის ლიდერებს დიდად არ სურთ ოქრუაშვილის საქართველოში ჩამოსვლა, რადგან მასში კონკურენტს ხედავენ?

_ ირაკლი ოქრუაშვილი მზად არის საქართველოში დაბრუნდეს და გადამწყვეტი როლი შეასრულოს მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლაში. ბუნებრივია, საზოგადოების მოლოდინიც, რადგან ირაკლის კრიტიკულ მომენტში შეუძლია არა მხოლოდ ქმედება, არამედ უზარმაზარი პოლიტიკური მუხტისა და ემოციის შემოტანაც.
რაც შეეხება კონკურენციის შესახებ ეჭვებსა და მოსაზრებებს: თუ ვინმე შეძლებს იმას, რაც ირაკლი ოქრუაშვილს შეუძლია, ჩვენ მხოლოდ მოხარულები ვიქნებით და მხარშიც დავუდგებით.

P.S. 9 აპრილის საპროტესტო აქციები გრძელდება...

რეჟისორები, მწერლები და მსახიობები საკნებში ცხოვრობენ... სამაგიეროდ "სცენარები" იწერება სახელმწიფო კანცელარიაში და ფილმებს "იღებს" შინაგან საქმეთა სამინისტრო... "საკნებში" ცხოვრობენ გლეხები, მუშები და უმუშევრები... ცხოვრობენ და პოლიტიკურ განცხადებებს ისმენენ, ან აკეთებენ...სამაგიეროდ, პრეზიდენტი საუბრობს რუსთავის ფოლადზე, გორის თურაშაულზე და ბობოყვათის ჩაიზე...
ოპოზიცია ინარჩუნებს ოპტიმიზს...მოჩვენებით სიმშვიდეს ინარჩუნებს ხელისუფლებაც...
"ნერვების ომი"კი, გრძელდება... გრძელდება ქალაქში, "რომელიც ჩვენს ქალაქს აღარ ჰგავს"...

"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა ელგა ფოლადიშვილი

ავტორი: . .