პირველი ქართველი დიზაინერი, რომელმაც ძვირადღირებულ რესტორანში დაბადების დღის აღნიშვნას, „კათარზისში“ მოხუცებთან ერთად ზეიმი ამჯობინა, ნინა ზარქუაა.
ქართველი დიზაინერის, ბრენდის – „Nina Zarqua collection“ – დამფუძნებელის დაბადების დღეს სათნოების სახლის 300 ბენეფიციარი დაესწრო.
მათთვის ქართული ესტრადის ვარსკვლავებმა კონცერტი გამართეს. იყო ტორტი, ბევრი სიმღერა, ბევრი სიხარული, საჩუქრები და მოხუცების ბედნიერი სახეები.
„ეს იყო დაუვიწყარი საღამო“; „ნინიმ სიყვარული და იმედი გვაჩუქა“ – სიხარულს ვერ მალავდნენ წვეულების შემდეგ მოხუცები. „ნინა ძალიან კრეატიულია, იდეების გენერატორი. როდესაც გავიგე, რომ დაბადების დღის აღნიშვნას „კათარზისში“ აპირებდა, მისგან ეს სურვილი არ გამკვირვებია, დიდი სიხარულით შემოვუერთდი იდეას. ბევრი სიხარული და სითბო, სიყვარული თქვენ“ – მიმართა მოხუცებს მომღერალმა ლელა წურწუმიამ.
სხვათა შორის, ნინა პირველი ქართველი დიზაინერია, რომელმაც დაბადების დღე სათნოების სახლში გადაიხდა და ხანდაზმულ ადამიანებს დაუვიწყარი საღამო აჩუქა. ზოგადად, ხანდაზმულ ადამიანებთან ურთიერთობა განსაკუთრებული სიამოვნებაა, ამიტომ, ნინამ საკუთარ თავს ამ ნაბიჯით, მართლაც, უნიკალური და შესანიშნავი საჩუქარი გაუკეთა. იმედია, ნინას სხვა დიზაინერებიც მიბაძავენ და დაბადების დღეს „კათარზისის“ ბენეფიციარებთან ერთად აღნიშნავენ.
ნინა ზარქუას სახელი დიდი ხანია, გასცდა საქართველოს ფარგლებს – მუსიკალურ ფესტივალზე – „Coachella Valley Music and Arts“ ცნობილ ამერიკელ ტოპ-მოდელ კენდალ ჯენერის სწორედ ნინის შექმნილი ბრჭყვიალა ფეხსაცმელი ეცვა. ნიშანდობლივია, რომ ნინის დამზადებული კოლექცია ჩინეთის 18 მაღაზიაში იყიდება.