ნატო-ში შეერთებული შტატების მუდმივი წარმომადგენელი ქეი ბი ჰაჩინსონი, ბათუმში, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის ფარგლებში აცხადებს, რომ აუციელებლია საქართველოში რეფორმების განხორციელება გაგრძელდეს.
მისი თქმით, საქართველოს უნდა ჰყავდეს დამოუკიდებელი მოსამართლეები, დამოუკიდებელი მედია, რადგან ეს არის დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ქვაკუთხედი.
"ჩვენ თვალყურს ვადევნებთ საქართველოში რეფორმების მიმდინარეობას. აუცილებელია რეფორმები გაგრძელდეს.
მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობის განმტკიცება და სასამართლო სისტემის შემდგომი რეფორმირება. ჩვენ გავაგრძელებთ თქვენთან მუშაობას რეფორმებზე, რომლებიც კიდევ უფრო დააახლოებს საქართველოს ნატოსთან.
თქვენ უნდა გყავდეთ დამოუკიდებელი მოსამართლეები, ეს არის დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების საფუძველი“, - განაცხადა ქეი ბი ჰაჩინსონმა.
3 ოქტომბერს, ბათუმში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა ნატოს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში.