რუსული სააგენტო „ტასის" ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა. კრემლის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის ინფორმაციით საუბარი უკრაინული მხარის ინიციატივით გაიმართა.
როგორც დმიტრი პესკოვმა განაცხადა, პრეზიდენტებმა განიხილეს საკითხები უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში დარეგულირების ერთობლივი სამუშაოების შესახებ და ორივე მხარეს დაკავებული პირების დაბრუნების თაობაზე.
"მიღწეულია შეთანხმება ამ სამუშაოების გაგრძელების შესახებ ექსპერტების დონეზე. ასევე განიხილეს ნორმანდიის ფორმატში კონტაქტების გაგრძელების შესაძლებლობაზე", - აღნიშნა პესკოვმა.
მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ იგი მზადაა შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, მხოლოდ დონალდ ტრამპთან, ტერეზა მეისთან, ანგელა მერკელსა და ემანუელ მაკრონთან ერთად. უკრაინის პრეზიდენტმა შეხვედრის სასურველ ადგილად მინსკი დაასახელა.