"ეროვნული ბიბლიოთეკა პუტინის ინტერპრეტაციის კვალად, ძალიან მალე კარტოგრაფიის მუზეუმ-კაბინეტს გახსნის", - ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მიერ საქართველოს ისტორიის დამახინჯებას ეხმიანება.
გიორგი კეკელიძის თქმით, მუზეუმ-კაბინეტში საუკუნეების განმავლობაში შექმნილი საქართველოს რუკები იქნება წარმოდგენილი - მათ შორის პირდაპირ თუ ირიბად რუსეთის მიერ დადასტურებული.
"ამ კაბინეტში მოვიწვევთ ელჩებს საქართველოში და მოვიყვანთ ყველა უცხოელ სტუმარს. ამავდროულად შეიქმნა კაბინეტის ელექტრონული ვერსიაც", - წერს კეკელიძე ფეისბუკზე.
შეგახსენებთ, პუტინმა განაცხადა, რომ საქართველოს დამოუკიდებელმა სახელმწიფომ მოახდინა აფხაზეთის ოკუპაცია 1918 წელს, გერმანელების დახმარებით. ასევე მისი თქმით, ქართველი ოკუპანტები სასტიკად იქცეოდნენ და 1919-1920 წლებში ქართველებმა ოსების გენოციდიც მოაწყვეს.