ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები ეხმიანებიან პანკისის ხეობაში საპოლიციო ძალის გამოყენებას. არასამთავრობო ორგანიზაციები – ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მწვანე ალტერნატივა და კავკასიური სახლი პანკისის ხეობაში შექმნილ კრიზისთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ.
„პანკისის ხეობაში, მდინარე ალაზანზე მცირე ჰესის „ხადორი 3"-ის სამშენებლო სამუშაოების განახლებას ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. დღეს სოფელ ბირკიანში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება უკვე ორჯერ მოხდა. ხეობაში დამატებითი ძალები შეიყვანეს.
21 აპრილის დილას, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან პანკისის ხეობაში მობილიზებული იქნა დიდი მასშტაბის საპოლიციო ძალა, მათ შორის სპეციალური დანიშნულების რაზმი, ხეობაში დაგეგმილი ჰესის „ხადორი 3“ ჰესის მშენებლობის განახლების მიზნით.
1 წელზე მეტია პანკისის ხეობის მოსახლეობა აქტიურად აპროტესტებს პანკისის ხეობაში დაგეგმილი „ხადორი 3“ და „სამყურისწყალი 2“ ჰესის მშენებლობას, რის თაობაზეც სასამართლოშიც მიმდინარეობს დავა. ჰესების ნებართვების დოკუმენტების ანალიზი აჩვენებს, რომ ისინი აშკარად დაუსაბუთებელია და სათანადოდ არ არის შესწავლილი ჰესების მშენებლობისგან გარემოზე ზემოქმედების რისკები, მათ შორის, სასმელ წყალზე მისი ზეგავლენა. ხეობაში უკვე აშენებული ჰესების გამოცდილებიდან გამოდინარე, ადგილობრივები უთითებენ პატარა ხეობაში ჰესების კასკადის (მთლიანობაში 4 ჰესის) დამაზიანებელ გავლენას მათ უნიკალურ ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე და ხეობის მდგრადი ეკონომიკური განვითარების რესურსზე.
უნდა აღინიშნოს, რომ სპეცრაზმის დახმარებით მშენებლობის პროცესის განახლება მოხდა ისე, რომ ხელისუფლებას სათანადოდ არ ქონდა ამოწურული ადგილობრივ თემთან მოლაპარაკების რესურსი. ბოლო კვირებში პანკისის ხეობაში მაღალი თანამდებობის პირების, მათ შორის, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლების ვიზიტის დროს ითქვა, რომ ხელისუფლება დაგეგმავდა ექსპერტების მონაწილეობით ამ საკითხის განხილვას. თუმცა, როგორც ჩანს, ხელისუფლებამ მისი საჯარო დაპირება არ შეასრულა.
ხაზი უნდა გაესვას, რომ საპოლიციო თუ სხვა სახის რეპრესიული ძალაუფლების გამოყენება ჰესების თუ სხვა გარემოსდაცვით საკითხებზე ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის ჩასახშობად არაერთხელ იქნა გამოყენებული ხელისუფლების მხრიდან, რაც კიდევ უფრო სისტემურს ხდის პრობლემას და სავარაუდოდ ხელისუფლებაზე ბიზნეს ლობირების მნიშვნელოვან ზეგავლენას წარმოაჩენს“, - ნათქვამია განცხადებაში.
არასამთავრობოები მოუწოდებენ:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საპოლიციო ძალის გამოყენება პანკისის ხეობაში და გამოიყვანოს ხეობაში შეყვანილი დამატებითი ძალები.
დაუყოვნებლივ გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტი ნათია თურნავა, რომელსაც აშკარა ინტერესთა კონფლიქტი აქვს ბიზნეს ინტერესებსა და სახელმწიფო ინტერესებს შორის და მისი დანიშვნიდან პირველივე დღეებში კრიზისი შექმნა პანკისის ხეობაში.
საქართველოს პროკურატურამ დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება პანკისის ხეობაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ძალაუფლების სავარაუდო გადამეტების გამოძიების მიზნით.
საქართველოს პარლამენტი დაინტერესდეს აღნიშნული თემით და გამოიყენოს საზედამხედველო მექანიზმები ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებისა და უფლებების დაცვისთვის;
დონორი ორგანიზაციები, ევროკავშირის წევრი ქვეყნები დაინტერესდნენ მათი ფინანსური დახმარებით მიმდინარე ენერგეტიკული პროექტების სავალალო გარემოსდაცვითი და სოციალური შედეგებით, რომლებიც განხორციელდა და ხორციელდება ევროკავშირისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პოლიტიკების უგულებელყოფით.
ამ დროისთვის პანკისის ხეობაში იმყოფება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და ადგილობრივ მოსახლეობას ხვდება.