ბ-ნო პრეზიდენტო, შეგიძლიათ, მთაწმინდაზე ახვიდეთ და რიგში ჩადგეთ, - ამის შესახებ "გირჩის" პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე მიხეილ სააკაშვილის Facebook პოსტთან დაკავშირებით წერს, სადაც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ჯაფარიძე 2015 წელს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" წასვლის სანაცვლოდ, $3 მლნ-ის აღებაში დაადანაშაულა.
ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ შეუძლებელია, იდეური განსხვავებები ჰქონოდა ადამიანთან, რომელსაც არცერთი პრინციპი არ გააჩნია და ძალაუფლების გამო, აბსოლუტურად ყველაფერზე წასასვლელად არის მზად.
"რისთვის წამოვედი და რა მინდოდა დღეს ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის ნათელია - არსებობს გირჩი და მარტივად შედარებითია დღევანდელ ენმ-თან. წამოსვლის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება სწორედ ამ ადამიანთან ბოლო შეხვედრის შემდეგ მივიღე, როდესაც მან მითხრა, რომ ძალაუფლების კვლავ ხელში ჩაგდების შემდეგ აპირებს მიბაძოს ალიევს, ორბანს და ერდოღანს, რადგან სხვანაირად შეუძლებელია ქართველების მართვა,"- წერს ზურა ჯაფარიძე.
ჯაფარიძის თქმით, ენმ-ისა და შემდგომში "გირჩის" ყოფილი დეპუტატი პავლე კუბლაშვილი მისი მეგობარია და ის პერიოდულად მართლა ეხმარებოდა პარტიას ფინანსების მოძიებაში. ზურა ჯაფარიძე განმარტავს, რომ ერთადერთი პირობა, რაც მას ჰქონდა როგორც კუბლაშვილთან, ისე ნებისმიერ ადამინთან, რომელსაც "გირჩის" დაფინანსება სურდა, პარტიის აბსოლუტური თავისუფლება იყო. ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ მას საჯაროდაც არაერთხელ უთქვამს ეს, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაშიც.
"რაც შეეხება "კარგად დაფინანსებას" - გირჩს თბილისში ერთადერთი ოფისი აქვს, არ აქვს პარტიული და სტრუქტურები რეგიონებში, რომლებშიც ენმ, სხვა პარტიების მსგავსად, ბიუჯეტის ფულს ხარჯავენ, არ აქვს სატელევიზიო და ქუჩის რეკლამები, რომლებიც ძალიან ძვირი ღირს და გირჩის წევრების ნაწილს აქვს სხვა სამუშაოც. ბოლო თვეების განმავლობაში ოფისის ქირას, რომელიც ჩვენი მთავარი ხარჯია, ან ვახო მეგრელიშვილი იხდის ან "ბიბლიური თავისუფლება" (შემოწირულობებიდან).
ასე რომ, ბ-ნო პრეზიდენტო, შეგიძლიათ, მთაწმინდაზე ახვიდეთ და რიგში ჩადგეთ"მ - წერს ზურა ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, ზურაბ ჯაფარიძემ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 2015 წლის მაისში დატოვა. ჯაფარიძესთან ერთად ენმ სხვა დეპუტატებმაც - გოგა ხაჩიძე, პავლე კუბლაშვილი, გოგი მელაძე - დატოვეს და 2016 წლის აპრილში პარტია "გირჩი" დააფუძნეს.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა დღეს Facebook-გვერდზე დაწერა, რომ ზურა ჯაფარიძემ პარტია არა მასთან იდეოლოგიური დაპირისპირების, არამედ $3 მლნ-ის გამო დატოვა.