ორი ძლიერი ჩამოყალიბებული ძალა თავისი რესურსით, იდეოლოგიური დღის წესრიგით, მხარდამჭერებით, ამომრჩევლით, თავის ფინანსური შესაძლებლობებით ერთმანეთს უპირისპირდება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, ამ ფონზე მესამე ძალის გაჩენის შესაძლებლობა, მაშინ როდესაც მესამე ძალა წარმოადგენს მათთვის თავდასხმის ობიექტს, უბრალოდ ბუნებაში შეუძლებელია.
„როდესაც მესამე ჩნდება, ის არის შედარებით სუსტი და უპირისპირდება ორი ძლიერი ბანაკი. მე რომ გამოვსულიყავი არჩევნებზე, მაინც ორპოლუსიანი იქნებოდა ეს ამბავი, მოხდებოდა ოპოზიციის გაერთიანება ხელისუფლების წინააღმდეგ და მე უნდა მეთამაშა ორპოლუსიან პოლიტიკაში როლი. 30 წელია ამას ვაკეთებ და აღარ მინდა. მე რომ მოვსულიყავი ამ კონსტიტუციის პირობებში, ცვლილებებს ვერ დავაანონსებდი თუ არ დავიწყებდი აგრესიულ კამპანიას. მე დეტალურად ვიცოდი, რა უნდა მეთქვა არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში, რომ ვაერთიანებთ ოპოზიციას და უნდა მივიღოთ პრეზიდენტის ინსტიტუტი, როგორც პლატფორმა მომავალი ცვლილებებისთვის“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.