600 000 მოქალაქე 2019 წელს შეძლებს შეხვდეს ვალების გარეშე და არ იყოს დარეგისტრირებული ე.წ. შავ სიაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში მკვიდრდება სამართლიანი თამაშის წესები და ამის ერთ-ერთი გამოხატულება არის პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა.
„ჭარბვალიანობა არის ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი მტკივნეული გამოწვევა და ამ პრობლემის მოსაგვარებლად ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი რომელსაც გადავდგამთ, არის ის, რომ დაახლოებით 600 000 მოქალაქე 2019 წელს შეძლებს შეხვდეს ვალების გარეშე და არ იყოს დარეგისტრირებული ე.წ. შავ სიაში“, - განაცხადა ბახტაძემ.
მისივე განცხადებით, ოპონენტებისგან იყო ამ ინიციატივისთვის ჩრდილის მიყენების მცდელობა, თუმცა, მისივე თქმით, ეს არ გამოუვიდათ.
„ჩვენი ოპონენტებისგან იყო მცდელობა ამ ინიციატივისთვის ჩრდილის მიყენების. ბუნებრივია, ეს მათ არ გამოუვიდათ. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ პრობლემების მოგვარებაზე, ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულ მოგვარების წესებსა და თარიღებზე“, - აღნიშნა ბახტაძემ.