აშშ-ში, კალიფორნიის შტატში გაჩენილი ძლიერი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 65-ს მიაღწია. დაკარგულად მიჩნეულია 630-მდე ადამიანი. მაშველები გადარჩენილებს და დაღუპულებს ეძებენ.
ხანძარი ჯერ კიდევ აგრძელებს გავრცელებას, თუმცა ნაკლები ინტენსივობით. ტყეში გაჩენილმა ხანძარმა კალიფორნიის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქი პარადაიზი მთლიანად გაანადგურა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დამწვარია ათობით სახლი.
შაბათს კალიფორნიას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ეწვევა და დაზარალებულებს მოინახულებს.
ხანძარი გასულ კვირას, ხუთშაბათ დილით დაიწყო. ბოლო მონაცემებით, სტიქიამ 44 ათასი ჰექტარი ტერიტორია გაანადგურა. ევაკუირებულია 200 ათასზე მეტი მაცხოვრებელი.
ეს შტატის ისტორიაში ყველაზე ძლიერი და გამანადგურებელი ხანძარია.