ENG / RUS       12+

კანონით დაკანონებული პროტექციონალიზმი და ბაკქანალია უმაღლეს სასწავლებლებში

ერთი სიტყვა, რომელიც საფუძველს უყრის უნივერსიტეტებში არსებულ ბაკქანალიას! ერთი სიტყვა, რომელსაც არ თმობს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სამინისტრო! კანონში ჩაწერილი სიტყვა  - „შესაბამისი“ და ამ ერთი სიტყვით „გაჩარხული“ საქმეები.

რატომ ვერ ელევა სამინისტრო ერთადერთ სიტყვას, რომლის არსებობამაც კანონში ვერტიკალი, ჰორიზონტალურ, მაგრამ კულტურულ და არასპორტულ მდგომარეობაში ჩააყენა? რას წყვეტს სიტყვა „შესაბამისი“ და როგორ „აგვარებს თემებს“ ეს ერთი სიტყვა უნივერსიტეტებში?!

საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“ 29-ე მუხლის მე-2-ე პუნქტი გვამცნობს: „... დეკანად შეიძლება აირჩეს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი".

ამ მუხლით, შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ნებისმიერ პროფესორს შეუძლია  ნებისმიერი ფაკულტეტის დეკანად მოევლინოს უნივერსიტეტს, რადგან ის სრულიად აკმაყოფილებს ძირითად მოთხოვნას - არის უნივერსიტეტის პროფესორი, ან ასოცირებული პროფესორი. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ფიზიკოსს თავისუფლად შსეუძლია გახდეს ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანი, ან პირიქით, თუ ამ ფიზიკოსს „საიმედო კრიშა“ ჰყავს.

თქმა იმისა, რომ უნივერსიტეტებში „დაკრიშვა“ ან „გულშემატკივრობა“ გამორიცხულია, რბილად რომ ვთქვათ გულუბრყვილობაა.

მოკლედ, „რიგითნა“ ნუგზარ კერესელიძემ (ასისტენტ-პროფესორი, ჟურნალისტი) საკანონმდებლო წინადადებით ინიციატივით მიმართა პარლამენტს და მოითხოვა კანონის ზემოთაღნიშნულ მუიხლში დამატებულიყო კიდევ ერთი - "შესაბამისი" - "... დეკანად შეიძლება აირჩეს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი". ამ სიტყვის დამატება, უნივერსიტეტებს მოუხსნიდა „დილემას“ და ფიზიკოსი ვერ მოგვევლინებოდა ფილოლოგად, ქიმიკოსი იურისტად და კოსმონავტი მეზღვაურად!

დიახ, კანონში ამ ერთი სიტყვის ერთხელ ხსენება, იძლევა პროტექციით, ან პირადი სიმპატიებით, ნებისმიერი პროფესიის პროფესორის ნებისმიერ ფაკულტეტზე დეკანად მოვლინების საბაბს, ხოლო სიტყვის ორჯერ ჩაწერა, უკვე აკონკტერებს ვის და სად შეუძლია ჰქონდეს პრეტენზია, სურვილი, თუ გნებავთ ამბიცია.

ნუგზარ კერესელიძის ეს წინადადება ინიციატივას,  პარლამენტმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაუგზავნა. ყოფილმა მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პროფესორ ნუგზარ კერესელიძზეს წინადადებას, პასუხიც არ აღირსა. მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა კი პარლამენტს ნუგზარ კერესელიზეს ამცნო: „საქართველოს კანონის თანახმად  უმაღლესი განათლების შესახებ  29-ე მუხლის მე-2-ე პუნქტით უნივერსიტეტის ფაკულტეტის დეკანად შეიძლება არჩეულ იქნეს მხოლოდ ამ ფაკულტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი“, - კანონში ჩანაწერი ჩვენ ასე გვესმისო და ასე ვმოქმედებთო.

 

„აღნიშნული წერილი GOV 5 18 00024095 წარმოადგენს სამინისტროს პოზიციას ჩემს მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო  წინადადებაზე „უმაღლესი განათლების  შესახებ“  საქართველოს  კანონში  ცვლილების  შეტანის  თაობაზე“  საქართველოს კანონის პროექტი N19741; 15/06/2018. ეხლა კი მოგახსენებთ, სად არის დარღვეული საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ  29-ე მუხლის მე-2-ე პუნქტის მოთხოვნა - ეს არის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტი, რომლის დეკანი უკვე 10 წელია ზედიზედ გახლავთ ქალბატონი ლია ახალაძე რომელიც თავის მხრივ გახლავთ ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე არჩეული ასოცირებული პროფესორი - არ მიმაჩნია, რომ აღნიშნული კანონდარღვევა გამიზნულად იქნა განხორციელებული სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში (სსუ). ვფიქრობ, რომ ეს კოლიზია გამოწვეულია კანონში არასათანადოდ მკაფიო (ორაზროვანი) ჩანაწერის გამო, და ამიტომაც საკანონმდებლო წინადადებაში ვსვამდი საკითხს რომ უმაღლესი განათლების შესახებ (უგშ) კანონის 29-ე მუხლის მე-2-ე პუნქტის არსებულ ჩანაწერში - "... დეკანად შეიძლება აირჩეს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი" კიდევ ერთი "შესაბამისი" სიტყვა  დამატებულიყო ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის წინ. ცვლილების შემთხვევაში მივიღებდით "... დეკანად შეიძლება აირჩეს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი", - აცხადებს ნუგზარ კერესელიძე.

რეალობაში კი რა მოხდა? სსუ-მ თავის წესდებაში უგშ კანონის 29-ე მუხლის მე-2-ე პუნქტის შესაბამისი მოთხოვნის ფორმირებისას არსებული ჩანაწერის ეს ფრაგმენტი გამოიყენა - "დეკანად შეიძლება აირჩეს უნივერსიტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი",  ამდენად, ჩანაწერიდან, საიდანაც საერთოდ გაქრა პირველი სიტყვა - "შესაბამისი", უკვე აღარაა აუცილებელი ფაკულტეტის დეკანი იმავე ფაკულტეტის პროფესორი იყოს, მთავარია ის იყოს უნივერსიტეტის პროფესორი!!!

„აქ გვაქვს კიდევ ერთ კოლიზია - საქმე იმაშია, რომ უნივერსიტეტის წესდებას მინისტრი ამტკიცებს. სსუს მოქმედი წესდება დაამტკიცა 2013 წლის 3 სექტემბერს ბრძანება N123/ნ-ით მაშინდელმა მინისტრმა ქ-ნმა თამარ სანიკიძემ. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ქ-ნმა თამარ სანიკიძემ ეს შეცდომით გააკეთა?! თუ ისიც ფიქრობდა, რომ კანონის არსებული ჩანაწერით ერთი ფაკულტეტის დეკანად შეიძლება არჩეული იყოს სხვა ფაკულტეტის პროფესორი?! მაგრამ, ასეთი მსჯელობით სადამდე მივდივართ? შეიცვალა მინისტრი, და ეხლა კანონის ამ ჩანაწერს სხვა ინტერპტეტაცია ეძლევა? ხომ ცაალსახადაა რომ სამინისტროს  GOV 5 18 00024095 წერილის თანახმად, თქვენის მოსაზრებით, ფაკულტეტის დეკანი იმავე ფაკულტეტის პროფესორი უნდა იყოს! სრულად მოვიყვან წერილის ტექსტის იმ ფრაგმენტს, რომელიც თქვენს ამ პოზიციას გამოხატავს, და რომ კანონში არსებული ჩანაწერი სწორედ ამ აზრს გამოხატავს, და ამდენად ჩემს მიერ შეთავაზებული ცვლილების წინადადება მიუღებელია იმის გამო, რომ ეს უკვე ისედაც ასე არის -      „უმაღლესი  განათლების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  29-ე  მუხლის  მე-2  პუნქტის თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით დეკანად შეიძლება აირჩეს შესაბამისი  უმაღლესი  საგანმანათლებლო  დაწესებულების  ძირითადი  საგანმანათლებლო ერთეულის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი. ნორმის გრამატიკული განმარტებიდან გამომდინარე,  სიტყვა  „შესაბამისი“  მიემართება  სრულ  წინადადებას  -  „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის პროფესორი ან ასოცირებული  პროფესორი“  და  გულისხმობს,  რომ  დეკანი  შეიძლება  გახდეს  შესაბამისი უმაღლესი  საგანმანათლებლო  დაწესებულების  ძირითადი  საგანმანათლებლო  ერთეულის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი. შესაბამისად, წარმოდგენილი კანონპროექტის მე-3 პუნქტი მიზანშეუწონელია, რადგან კანონმდებლობა ისედაც ამ მიზანს ემსახურება", - წერილობით აცნობა მინისტრ ბატიაშვილს ნუგზარ კერესელიძემ.

უფრო მეტიც, ნუგზარ კერესელიძე მინისტრისათვის გაგზავნილ თავის წერილში აღნიშნავს: „ბატონო მიხეილ, საქმე გვქვს კიდევ ერთ უხერხულობასთან, კერძოდ, რადგანაც თქვენ მიგაჩნიათ, რომ კანონის თანახმად ფაკულტეტის დეკანად შეიძლება არჩეულ იქნეს მხოლოდ ამ ფაკულტეტის პროფესორი, ამდენად ამ კანონოდან გადაცდომის აღმოფხვრა თქვენი და მთლიანად სამინისტროს პრეროგატივაა - ეს პირდაპირ გევალებათ კანონით უმაღლესი განათლების შესახებ. არადა ის, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამ მიმართებით კანონი დარღვეულია  თქვენთვის ცნობილი გახდა არაუგვიანეს 2018 წლის  25 ივლისისა, სწორეთ ამ რიცხვითაა დათარიღებული სამინისტროს პოზიცია ჩემს საკანონმდებლო წინადადებაზე -N19741; 15/06/2018, რომლის თანდართულ დოკუმენტებში სწორედ ეს ფაქტი ავღნიშნე. 2018 წლის 12 სექტემბრის საქარველოს პარლამენტის  განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდობაზე, რომელზეც ჩემი საკანონმდებლო წინადადება განიხილებოდა, სამინისტროს წარმომადგენელს მივმართე, რომ თუკი იცით რომ კანონი ირღვევა, რატომ არ მიიღეთ შესაბამისი ზომები? შეიძლება ვივარაუდო, რომ პირადად თქვენ, უკვე გაეცით განკარგულება კანონდარღვევის შესახებ და ეს ან დროში გაიწელა, ანაც .... ძნელია სხვა ვარიანტი წარმოვიდგინო.

ბატონო მიხეილ, იმედია, ამჟამადაც  მიიღებთ საქართველოს ნორმატიული აქტების შესაბამის გადაწყვეტილებას, რის შედეგადაც კანონდარღვევა ოპერატიულად იქნება აღმოფხვრილი.

უკვე აღნიშნულ საპარლამენტო კომიტეტის სსხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარემ გამოთქვა სურვილი, რომ ჩემს მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების შესახებ მომხდარიყო კონსულტაციები სამინისტროს, კომიტეტს და თქვენი მომა-მორჩილის მონაწილეობით. როგორც აღნიშნა ქალბატონმა მარიამ ჯაშმა, საკანონმდებლო წინადადება შეიცავს საყურადღებო საკითხებს და ამ კონსულტაციების ფასილიტატორობა ითავა. ჩემის მხრიდან კიდევ ერთხელ ვადასტურებ ამ კონსულტაციებში მონაწილეობის მზადყოფნას“.

 

სამინისტროდან კვლავ დუმილია, რაც საეჭვოს ხდის ბევრ გარემოებებს. რა გახდა კანონში ერთი სიტყვის ჩამატება, რატომაა რთული ეს „პროცედურა“ და რატომ ვერ „გარისკა“ სიტყვა „შესაბამისის“ ჩამატებისათვის მხარდაჭერა ორმა მინისტრმა - ჩხენკელმა და ბატიაშვილმა და რატომ უგულებელყვეს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს, პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარის სურვილი წინადადება განხილულიყო საკითხი. და ჩამატებულიყო კანონში სიტყვა „ შესაბამისი“. რა იმალება ამ დუმილის უკან და რატომ არ მოხდა მყისიერი რეაგირება კერესელიძის მიერ მითითებულ კანონდარღვევაზე, რომელიც თავისუფლად შეიძლება მხოლოდ სოხუმის უნივერსიტეტში არ მომხდარიყო? - კითხვები, რომელზედაც პასუხს არა მხოლოდ ნუგზარ კერესელიძე ელოდება - სამინისტრო უბრალოთ გაიხლართა თავისივე დაგებულ მახეში, ცუნცვანგში აღმოჩნდა - როცა ნებისმიერი სვლა მის პრესტიჟს ლახავს! ასე მაგალითდ, თუ მოსთხოვს სსუ-ს კანონდარღვევის აღმოფხვრას, უნივერსიტეტმა, როგორც ავტონიმიურმა დაწესებულება შეიძლება შემოუთვალოს - კანონში და წესდებაში არსებული ჩანაწერით ვმოქმედებთ, კანონს არ ვარღვევთ. თუ სამინისტრო სასამართლოს მიმართავს, დიდი ალბათობით იქაც ეტყვიან, რომ უნივერსიტეტის პოზიცია სწორია, და თუ რამის გამოსწორება სურთ კანონში შეიტანონ ცვლილება!!! მაგრამ მაშინ, რატომ არ დაეთანხმე კანონში შესატანი ცვლილების ინიციატივას?! რა არის ეს - უმაღლესი განათლების მართვის უუნარობა თუ საბოტაჟი? ხომ არ სურს ამჟამინდელ მინისტრს ამ საკითხის გადაწყვეტა თავის მემკვიდრეს გადაულოცოს, ანაც  იმ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელსაც არსებული ხელისუფლების  შეცვლის წყურვილი კლავს?