ENG / RUS       12+

ოცნების კრახი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, „ვითომ დამოუკიდებელი“, სინამდვილეში მმართველი პარტიის კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი ორშაბათს დილისათვის მიკროსკოპულად უსწრებდა მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს. (38,66% - 37,7%).

თავიდანვე  უნდა ითქვას, რომ ამერიკული Edison research, რომელსაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და უძლიერესმა ოპოზიციურმა ტელევიზიამ შეუკვეთეს „ექსიტ-პოლ“-ის ჩატარება, როგორც მოსალოდნელი იყო, ბევრად ზუსტი აღმოჩნდა. სრული სისულელე გამოდგა კონსპიროლოგიური თეორია, თითქოს ადგილობრივი პოლიტიკის გამო, ეს ავტორიტეტული ორგანიზაცია საკუთარ გლობალურ რენომეს საფრთხეს შეუქმნიდა. უბრალოდ, შემკვეთი იმას და იმდენს გამოაქვეყნებდა, რაც აწყობდა. მაგალითად, „დაამრგვალებდა“ მონაცემებს 40%-მდე. ეს არანაირი დარღვევა ან ფალსიფიკაცია არ არის, რადგან ცდომილება ისედაც 2-3%-ია. აბა სად გაგონილა „ექსიტ-პოლ“ - მა ასეთი ზუსტი „დამთხვევა“ მოგვცეს (40%-40%?!)

სამაგიეროდ, კომიკური აღმოჩნდა ე.წ. „ფსიქოპროექტის“ კვლევა. ყველაფერ სხვას რომ თავი დავანებოთ, თვით სახელიც კი ამ ორგანიზაციისა, ქმნიდა ქილიკის, დაცინვის საბაბს. პოლიტიკაში კი ეს ძალიან საშიშია. ვითომ რა შეიცვლებოდა ბიგვავას ორგანიზაციას არა „ფსიქოპროექტი“, არამედ ვთქვათ, „სოციომეტრი“ დარქმეოდა? არც არაფერი. სამაგიეროდ დაცინვისა და ნეგატიურად „გაფიარების“ საფუძველი მაინც არ იქნებოდა. თუმცა აქ უკვე გამომჟღავნდა ის სიჯიუტე, რაზეც ქვემოთ გვექნება საუბარი და რამაც „ოცნების“ სასტიკი პოლიტიკური მარცხი განაპირობა.

მარცხი სასტიკია იმის მიუხედავად, რომ სალომემ მიკროსკოპულად მეტი ხმა მიიღო, ვიდრე ვაშაძემ და იმის მიუხედავადაც კი სასტიკ მარცხად დარჩება, თუ მეორე ტურში სალომე გაიმარჯვებს!  იმიტომ, რომ ოპოზიციამ (ანუ, მიშამ და მისმა გუნდმა) მიაღწიეს მთავარს: „დააფიქსირეს“ საშუალო და ქვედა რგოლის ბიუროკრატიის, მათ შორის ადგილობრივი და „ძალისმიერი“ თუ სასამართლო ბიუროკრატიის თვალში, რომ „ბიძინა წამსვლელია“, მიშა კი „დამბრუნებელი“!

 ეს არის მთავარი/ შესაბამისად, საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილი 2 წლის განმავლობაში, ეს ბიუროკრატია ყველანაირად შეეცდება მოამზადოს პლაცდარმი „ჩასაძირად განწირული გემიდან გადასახტომად“ და ისეთ გადაწყვეტილებებს მიიღებს, რაც მმართველ პარტიას კიდევ უფრო დაასუსტებს, ხოლო ოპოზიციას კიდევ უფრო გააძლიერებს!

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ახლა რაც შეეხება მიზეზებს: „პოლიტიკა სასტიკია“ - ამბობდა ედუარდ შევარდნაძე.

არ შეიძლება უხეშად დაარღვიო პოლიტიკის სისტემური კანონები და დაუსჯელი დარჩე.

დავიწყოთ იმით, რომ პოლიტიკაში „სანახევროდ ჩართულობა“ ერთ-ერთი ძალიან სახიფათო სისტემური შეცდომაა: „კი ვუჭერთ მხარს სალომეს, მაგრამ......ის დამოუკიდებელი კანდიდატია მაგრამ......ჩვენ კი არ ვერევით მაგრამ......„პარტაქტივით“ და ფინანსებით ვეხმარებით თუმცა......ეს არჩევნები არც არაფერს წყვეტს ისეთს თუმცა.....საარჩევნო კამპანიის დროს მაინც ლამის თან ჩავყვებით და......“

ამგვარი დამოკიდებულება არათუ აბნევს მომხრე ელექტორატს, არამედ აღიზიანებს კიდეც მას და კვირას ჩატარებული არჩევნები იმიტომაც იყო უნიკალური საქართველოს უახლეს ისტორიაში, რომ პირველად მოხდა, არჩევნებზე ელექტორატის დიდი ნაწილის „არმისვლამ“ იმუშავა არა ხელისუფლების, არამედ ოპოზიციის  სასარგებლოდ! წინათ ყოველთვის პირიქით იყო.

შემდეგ: სამი შესაძლო ოფციიდან: 1) არ დაესახელებინათ კანდიდატი და არავისთვის დაეჭირათ მხარი 2) დაესახელებინათ პარტიული კანდიდატი 3) მხარი დაეჭირათ „სანახევროდ“ ვითომ „დამოუკიდებელი კანდიდატისთვის“, „ოცნების“ ლიდერშიპმა აირჩია მესამე ანუ ყველაზე უარესი და სახიფათო.

თან არჩევანი შეაჩერა კატასტროფულად სუსტ, მოწყვლად, „სამიზნედ“ ქცეულ კანდიდატზე, ვინც უამრავ სათქმელს აძლევდა მოწინააღმდგეს და არც შეიძლებოდა სხვაგვარად ყოფილიყო.

აბსოლუტური დარწმუნებით შეიძლება  ითქვას: „ოცნებას“ რომ დავით სერგეენკო ან კახა კახიშვილი დაესახელებინა კანდიდატად, ისინი პირველივე ტურში მოიგებდნენ ამ არჩევნებს და მათ წინააღმდეგ „ნეგატიური ფიარის“ აგორება ასე ვერ მოხერხდებოდა. სალომე ზურაბიშვილი კი მაშინვე იქცა მოხერხებულ „სამიზნედ“ მისი წარსულისა და უმძიმესი შეცდომების გამო.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ბევრად უფრო მნიშვნელოვანია მეორე სისტემური მიზეზი: ბიძინა ივანიშვილმა, ბოლო  6 წლის მანძილზე შექმნა პოლიტოლოგიაში ცნობილი მანკიერი და პარადოქსული სისტემა, რომელსაც „უღონო დიქტატურა“ ანუ „უძლური ავტორიტარიზმი“ ეწოდება.

ესე იგი, ერთი მხრივ დაამყარა კონტროლი ყველა სახელისუფლებო შტოზე, უზრუნველყო კოლოსალური საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში, ასევე, დიდი უმრავლესობა  ყველა მუნიციპალიტეტში, მთლიანად მოასუფთავა პოლიტიკური ველი, „გარეთ დატოვა“ ყველა ასე თუ ისე გამოცდილი პოლიტიკოსი, მაგრამ......დაუტოვა მთავარ  მოწინააღმდეგეს ისეთი „ბირთვული“ რესურსი, როგორიცაა პოპულარული, ავტორიტეტული, გავლენიანი, ნიჭიერი, კრეატიული საერთონაციონალური ტელევიზია!

არადა ავტორიტარიზმი, ისევე როგორც დიქტატურა, ამგვარ პარადოქსულ პირობებში აუცილებლად ჩამოიშლება. აბა მიხეილ სააკაშვილი ასეთ სისულელეს როგორ ჩაიდენდა - ქვეყნაში გავლენიანი და პოპულარული ოპოზიციური ტელეარხის არსებობა დაეშვა? როგორც კი დაუშვა, მაშინვე დამთავრდა!

უბრალოდ, მას ეყო გამჭრიახობა, დროულად ეგრძნო მომენტი და პროცესს „ჩაჰყოლოდა“ 2012 წელს.

ბიძინას კი სურდა ყველა, ყველაფერი ეკონტროლებინა, ყველგან „საკონტროლო პაკეტი“ ჰქონოდა, თუმცა მოწინააღმდეგეს დაუტოვა ასეთი  უძლიერესი ინსტრუმენტი ერთპარტიულობა - ავტორიტარიზმის დამხობისა, რომელიც ადრე თუ გვიან მის სისტემას ჯერ გაბზარავდა, შემდეგ  გაანადგურებდა.

დაახლოებით იგივე, ანუ „უძლური ავტორიტარიზმი“ შექმნა ედუარდ შევარდნაძემ მმართველობის ბოლო წლებში: თითქოს   ყველაფერი ჰქონდა - საპარლამენტო -  უმრავლესობების ჩათვლით, მაგრამ ეს მოდელი ვერ მუშაობს, როდესაც ქვეყანაში არსებობს ტელევიზია, რომელიც ავტოკრატს დასცინის, აბუჩად იგდებს, ამასხარავებს, „ადარდუბალებს“ და „აჩმორებს“.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მით უმეტეს წარმოუდგენელია, „სტაბილურობა “აქციო ამ ვითარებაში შენს მთავარ პროექტად. მაშინაც კი, თუ მოსახლეობის უდიდეს  ნაწილს მშვიდობა-მოსვენების გარდა არც არაფერი უნდა: „ სტაბილურობა“ არ არის და არც შეიძლება იყოს საერთონაციონალური  პროექტი, რომელიც ხელისუფლების არა იურიდიულ, არამედ პოლიტიკურ ლეგიტიმურობას განაპირობებს. იმიტომ, რომ სააკაშვილის ხელისუფლებას „მოდერნიზაციის პროექტი“ მაინც ჰქონდა, „დრაივი“ მაინც ახასიათებდა,  „ლიდერშიპის“ ინსტრუმენტებს აქტიურად იყენებდა და.....ისიც კი „დაძველდა“ ბოლოს. ამ ინსტრუმენტების გარეშე კი ხელისუფლება უფრო ადრე „ძველდება“ და „პოლიტიკურ სლოგანად“ იქცევა ნიშანდობლივი ფრაზა: „მიშა  ძალადობდა მარა....აშენებდა მაინც!“

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

28 ოქტომბრის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა რაც არ უნდა გააკეთოს, რაც არ უნდა სცადოს, როგორც არ უნდა მოიქცეს, იგი არსებული ავტორიტარული სისტემის შენარჩუნებას უბრალოდ ვერ შეძლებს  და 2020 წელს ეს სისტემა ან არჩევნებით, ან რევოლუციით აუცილებლად დაემხობა.

მაგრამ რა შეუძლია იღონოს, რათა კატასტროფა თავიდან  აიცილოს? მხოლოდ ერთი: უნდა უპოვოს „სისტემურად სუსტი“ წერტილი მის ძალიან ძლიერ, ნიჭიერ, ფანატიკურად მიზანსწრაფულ მოწინააღმდეგეს და სწორედ იქ „დაარტყას“, - იქ განახორციელოს შეტევა.

ეს სისტემური „წერტილია“ იგივე ავტორიტარიზმი. თუნდაც „პროგრესისტული“, თუნდაც „საქმის კეთებისა“!

 მიშა და მისი გუნდი ბუნებით ავტორიტარულია.  ანუ პლურალისტური, მრავალპარტიული დემოკრატიის პირობებში იგი ან ახალი რევოლუციის მოწყობას შეეცდება ყოველთვის, ან დასუსტდება და „დაჭკნება“.

ამიტომ, ბიძინა ივანიშვილს ჯერ კიდევ აქვს დრო, ნაცვლად 2012 წლიდან დამყარებული და ლამის უკვე  ჩამყაყებული „უძლური, უსუსური, „გადარდუბალებული“  ავტორიტარიზმისა“, შექმნას ნამდვილად პლურალისტური, მრავალპარტიული პოლიტიკური სისტემა, რისთვისაც  სულ რამდენიმე ნაბიჯის გადადგმაა საჭირო.

მათ შორის, მაგალითად, პატრონყმული მაჟორიტარული სიტემის დაუყოვნებლივ გაუქმება და უკვე 2020 წელს არჩევნების მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარება; ასევე, საარჩევნო ბარიერის შემცირება 2-3%-მდე, რაც აუცილებლად გამოიწვევს პარლამენტში რამდენიმე ძლიერი, ტრადიციული, ცნობადი, რეერეზენტატიული  სუბიექტის შესვლას;

აგრეთვე მინისტრთა კაბინეტის კოალიციურობის იმ ინსტრუმენტების ჩამოყალიბება, რამაც ისრაელში, იტალიასა და გერმანიაში „კოალიციურობა“ პოლიტიკურ წესად და აუცილებელ პრაქტიკად აქცია. ოღონდ არა აბსურდული, „ფეიკური“ კოალიციურობისა, როგორც 2011 წლის „აჯაფსანდალი - ქართული ოცნება“, არამედ რეალური საპარლამენტო-სამთავრობო კოალიციურობის: სოციალ-ეკონომიკური პროგრამების, მემარცხენეობა - მემარჯვენეობის მიხედვით.

ძნელი საპროგნოზო არ არის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ამგვარი რეფორმის წინააღმდეგი იქნება, რადგან მათი მიზანი, სინამდვილეში, მხოლოდ და მხოლოდ ბიძინას „უძლური ავტორიტარიზმის“ საკუთარი -  ძლიერი და სრულყოფილი ავტორიტარიზმით ჩანაცვლებაა. ისევ ყოველგვარი „დარდუბალას“ გარეშე.

ზუსტად ამ მიზეზით, თუ გახსოვთ, „ნაციონალური მოძრაობა“, ახალი კონსტიტუციის განხილვისას, კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა საარჩევნო ბარიერის დაწევას და აცხადებდა: „შევარდნაძის პარლამენტი უნდათ დააბრუნონო“.  გულისხმობდნენ 1992 წლის 11 ოქტომბერს და 2003 წლის 2 ნოემბერს არჩეულ მრავალპარტიულ პარლამენტებს, სადაც რამდენიმე ანგარიშგასაწევი ძალა იყო წარმოდგენილი.

პირველი დაამხო ედუარდ შევარდნაძის ავტორიტარიზმმა, ხოლო მეორე - ასევე ავტორიტარულმა, კონტრპლურალისტურმა  „ვარდების რევოლუციამ“.

თუ ივანიშვილი ამ მარტივ ნაბიჯებს არ გადადგამს, ანუ  პლურალისტური, მრავალპარტიული საპარლამენტო  დემოკრატიის  საფუძვლებს არ შექმნის, „უძლური ავტორიტარიზმის“ სისტემას  თავად არ მოშლის და რეფორმაზე ჯიუტად იტყვის უარს, მაშინ ყველა თვალსაზრისით ძალიან ცუდად დაამთავრებს.