თარიღი    დრო

ბიძინა ივანიშვილის კატასტროფა

საქართველო, თბილისი - 10:02 10.25.2018 1041

როგორც მოსალოდნელი იყო, ბიძინა ივანიშვილის Hard Talk სრული კრახი დასრულდა. თეორიულადაც კი წარმოუდგენელია, ამაზე უარესი და საშინელი რა შეიძლება დაემართოს პოლიტიკოსს?!

ზოგადად, პოლიტიკოსის „პროფესია“ მარტივ გათვლასა და კალკულაციაზეა დამყარებული. მით უმეტეს და ორგზის-სამგზის უმეტეს, როდესაც ლაპარაკია საჯარო პოლიტიკოსზე მედია-ეპოქაში. ეს გათვლა-კალკულაცია კი დაიყვანება ორ ძალიან „მარტივ“ (ბრჭყალებში, რასაკვირველია) ფორმულაზე: არ მივიღო მონაწილეობა წინასწარ წაგებულ (მოუგებად) პროცესში და არ მივცე სალაპარაკო-სათქმელი მოწინააღმდეგეს.

ეს არის და ეს.

აბა გავიხსენოთ, პრეზიდენტმა  სააკაშვილმა ერთხელ მაინც თუ მიიღო მონაწილეობა  Hard Talk ფორმატში ქართველ ჟურნალისტებთან საქართველოში ყოფნისას? არც ერთხელ! და ეს მიუხედავად იმისა, რომ შედარებაც კი შეუძლებელია მისი ნიჭის, უნარის, შეძლების, მოხერხებულობისა და აზრის ჩამოყალიბების (არტიკულაციის) უნარისა - ბიძინა ივანიშვილის ანალოგიურ უნარებთან. მაგრამ მიშა ძალიან ჭკვიანი პოლიტიკოსია და მან იცის მთავარი: Hard Talk, მით უმეტეს საქართველოში,  აუცილებლად, ანუ ყველა შემთხვევაში წამგებიანია პოლიტიკოსისთვის!  

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ბევრს არ ესმის, რას ნიშნავს Hard Talk-ის ფორმატი მისი არა მხოლოდ შინაარსით, არამედ „ტექნოლოგიითა“ და „ფორმით“: სინამდვილეში Hard Talk მწვავედ კრიტიკული კითხვების დასმა კი არაა (მხოლოდ) არამედ სწორედაც „მძიმე ლაპარაკი“, როდესაც  ჟურნალისტი რესპონდენტს საუბარს არ აცლის, აზრის ჩამოყალიბების საშუალებას არ აძლევს, „ეჭრება“, სიტყვას აწყვეტინებს, წინასწარ მომზადებულ „ჩამჭრელ კითხვებს“ უსვამს, მიზანმიმართულადაც კი „უთხრის ნერვებს“, ხშირად ცდილობს მწყობრიდან გამოიყვანოს, სპეციალურად გააბრაზოს, რათა ტელემაყურებელმა იხილოს არა „დავარცხნილი“ პოლიტიკოსი ვინც „პრესინგის“ გარეშე,  მისთვის კომფორტულ პირობებში აყალიბებს აზრებს, დინჯად პასუხს სცემს კითხვებს, გამოთქვამს არგუმენტებს და ა.შ. არამედ სწორედ „პრესინგის“ ვითარებაში, არაკომფორტულ, მძიმე სიტუაციაში აღმოჩენილი პოლიტიკოსი.

მიშა, პრეზიდენტობისას, არასდროს შესულა ქართველ ჟურნალისტებთან ამ ფორმატში ზუსტად იმიტომ, რომე ეს წინასწარ წაგებული თამაშია: საზოგადოების თვალში ხომ „პოლიტიკოსის“ რანგი თუ „ამპლუა“ იმთავითვე მეტია, ვიდრე ჟურნალისტისა. თუ პოლიტიკოსი მწყობრიდან გამოვა და გაბრაზდება........წააგებს. მაგრამ თუ არ გამოვა მწყობრიდან, მაინც წაგებულია, რადგან „პრესინგის“ პირობებში მისთვის კომფორტულად, დამაჯერებლად  აზრის ჩამოყალიბებისა და პასუხის საშუალება არ ექნება.

ხოლო  ჟურნალისტთან დისკუსიაში, დისპუტში, „იქით“ ბრალდებებში, კინკლაობაში შესვლა მას უბრალოდ სოლიდურობას აკარგვინებს, რაც რეალურად  ძააააალიან დიდი დანაკარგია. მაშინ როდესაც ჟურნალისტი აბსოლუტურად არაფერს კარგავს ამით. უფრო პირიქით.

სწორედ ეს „დაემართა“ სამშაბათს საღამოს ბიძინა ივანიშვილს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

და არის კიდევ ერთი ღრმა სხვაობა ბრიტანულ (BBC) Hard Talk-სა და მის ქართულ ვარიაციას შორის: ჩამოყალიბებული დემოკრატიისა და ტრადიციული მედია-პლურალიზმის პირობებში, ანუ ისეთ მძლავრ საზოგადოებაში, სადაც ადამიანი (მოქალაქე) პოლიტიკოსს უმეტესწილად აფასებს მისი პროგრამით, ანუ იმ პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური „პროექტით“ რასაც იგი წარმოადგენს, რომელიმე მოღვაწის ხსენებულ ჩვევებს, - მის უნარს, უპასუხოს  მწვავე გამოწვევას „ანჩხლი“ და შეუპოვარი ჟურნალისტის მხრიდან, არათუ გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს, არამედ პოლიტიკოსის ავტორიტეტისა და რენომეს 5-10%-ს თუ დაიკავებს.

სულ სხვაა Hard Talk იმგვარ საზოგადოებაში, როგორიც საქართველოა, სადაც ადამიანები და სოციალური ჯგუფები ჯერ კიდევ არ არიან სისტემურად, „კორპორატიულად“  დაყოფილი მათი გრძელვადიანი ან საშუალოვადიანი სოციალურ-ეკონომიკური ინტერესების შესაბამისად; ანუ ხმას აძლევენ არჩევნებზე არა „პროექტს“, არა „პარტიას“ და მის პროგრამას, არამედ კონკრეტულ პოლიტიკოსს იმ პიროვნული შთაბეჭდილების (!) შესაბამისად, რასაც იგი მათზე ტოვებს.

ჰოდა რა „შთაბეჭდილებას“ დატოვებდა ბიძინა ივანიშვილი იმ ადამიანზე (არადა ამომრჩეველთა აბსოლუტური უმრავლესობაა), ვინც მუდამ „შორიდან“, ტელევიზორით ადევნებს თვალს „გლადიატორთა ბრძოლას“ და გადაწყვეტილებას, საარჩევნო ყუთთან, იმის მიხედვით იღებს, ვინ უფრო „მაგარია“ და ვინ ვის „დააჩმორებს“ ამ შერკინებაში? - - - -  დაბნეული, გაბრაზებული, სუსტი პოლიტიკოსის შთაბეჭდილებას!

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ახლა, რაც შეეხება „სათქმელს“. ამ მხრივაც, ეს ინტერვიუ სრული კატასტროფა გამოდგა!

კახა ბენდუქიძე (არა ვინმე სხვა, არამედ სწორედ კახა ბენდუქიძე!) ვიწრო წრეში ხშირად ამბობდა, რომ ბიძინა ივანიშვილი მართლა ძალიან ნიჭიერი ბიზნესმენია და არ ჰგავს სხვა რუს ბიზნესმენებს. ბენდუქიძეს ამგვარი რამ არასდროს უთქვამს ბერეზოვსკიზე, აბრამოვიჩზე, ვექსელბერგზე, თვით ხოდარკოვსკიზეც კი. აი ივანიშვილზე კი ამბობდა. ეს ფაქტია! ფაქტი კი ჯიუტია.

ოღონდ მმართველი პარტიის ლიდერს არ ესმის, რომ პოლიტიკაში არ მოქმედებს დასავლური ბიზნესის საკვანძო ცნება - Deal.  იმ ხელს „მოგაგლიჯავენ“ და მოგაგლიჯავენ ზუსტად მაშინ, ზუსტად იმიტომ, თუკი შენს წარმოდგენებში არსებულ რაღაც „წესებს“ მართლა დაიცავ.

პოლიტიკა საშინლად ბინძური და ცინიკური საქმეა და თუ პოლიტიკოსი ხარ, მის კანონებს უნდა დაემორჩილო თუ არა და, საერთოდ  არ უნდა მოხვიდე პოლიტიკაში.

 აი კლასიკური მაგალითი ბოლო ინტერვიუდან: ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო ვინმე „ფარცხალაძის“ დაცვა, შეეცადა აეხსნა (უბრალოდ გამაოგნებელი მცდელობა იყო) რომ ამ „ფარცხალაძეს“, ვისაც მედიამ უკვე შეუქმნა ბანდიტის, ყაჩაღის, გამომძალველის, ბოტასების ქურდის, გამაუპატიურებლის  „იმიჯი“ (აი პოლიტიკის საკვანძო ცნება) „არც ისე ცუდი ბიჭია“, არც არაფერი დაუშავებია და „რატომ უნდა დაიჭირონ გაუგებარია“. ანუ პოლიტიკოსმა ბიძინა ივანიშვილმა ამ ვინმე „ფარცხალაძის“ გამანადგურებელი  „იმიჯი“ შეიერთა მისი  „გაპრავების“ მცდელობით!!!

ეს უკვე შეცდომაც აღარ არის - რაღაც მიღმაა!

 შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას, მიშასვე ინიციატივით, არსებობდა ე.წ. „ზიზღის ჯგუფი“ (გიგა ბოკერია, მაია ნადირაძე და სხვანი) ვისი „გამოჩენაც“ არამიზანშეწონილად ჩაითვალა ზუსტად მათი „იმიჯის“ გამო. არა აქვს მნიშვნელობა სამართლიანის თუ უსამართლოს, დასაბუთებულის თუ არა.

და რას წარმოადგენს ეს ფარცხალაძე ივანიშვილისთვის სინამდვილეში? ნუთუ სხვა ათას „ფარცხალაძეს“ ვერ იშოვის თუკი მართლა სჭირდება ამგვარი პერსონაჟი? რასაკვირველია! მაგრამ ივანიშვილი არათუ ვერ ხვდება, არამედ რაც ბევრად უარესია ვერც კი წარმოუდგენია, რომ Deal და ის „თამაშის წესი“, რომლითაც იგი (ამასაც აღიარებდა კახა ბენდუქიძე), რუსეთში ყოფნისას ე.წ „Залоговый аукцион" - ის წინააღმდეგი იყო, პოლიტიკაში გამანადგურებელი შედეგის მომტანია.

ამიტომ ფარცხალაძეები კი არ უნდა „გააპრავო“, არამედ „ზიზღის ჯგუფში“ შეიყვანო და ყოველნაირად გაემიჯნო - ნებისმიერი ცინიკური ხერხითა და საშუალებით.

ან როგორ შეიძლება პოლიტიკოსს (!) არ ახსოვდეს „პორნო-კომპრამატების“ ისტორია, რომელიც მთავარი ვნებიანი თემა იყო ქვეყანაში სულ ახლახანს? არადა, ნამდვილად არ თვალთმაქცობდა - მართლა არ ახსოვს!

ანუ, ეს ადამიანი სადღაც სხვაგან ცხოვრობს - აშენებს „პანორამას“, აფინანსებს, გეგმავს კანნაბისის ექსპორტს (თან იმასაც ვერ ხვდება რომ 500%-იანი მოგება არ უნდა ახსენოს მშიერ ქვეყანაში) გადააქვს ხეები და ა.შ. და ა.შ. და  ეს ყოველივე იმ მართლა გაძვალტყავებულ, გაქუცულ, გასაცოდავებულ, მშიერ ქვეყანაში, სადაც 50 ლარი „დიდ ფულად“ ითვლება და ხალხი გამწარებულია ინფლაცია-დევალვაციით.

და ბოლოს კულმინაცია":  მართლა სრული „ჩერნობილი“: განცხადება რაღაც „შესვლის“ შესახებ ოპოზიციურ ტელეკომპანიაში. ახლა რამდენიც არ უნდა იძახონ „ამას არ გულისხმობდა“, „იმას გულისხმობდა“........ რაიმეს გამოსწორება უკვე გამორიცხულია და/ანუ ნებისმირი „მოძრაობა“, ნებისმიერი კრინტის დაძვრაც კი მომავალში უკვე აღიქმება და გამოცხადდება „შეჭრის მომზადებად“ - შესაბამისი პოლიტიკური და საერთაშორისო შედეგებით.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ერთადერთი მიზეზი, რის გამოც, ამ ტოტალური კატასტროფის ფონზე,  „ოცნებამ“ შეიძლება მაინც მოიგოს კვირისათვის დანიშნული ძალიან პრინციპული, გარკვეული აზრით ისტორიული არჩევნები, იქნება მხოლოდ და მხოლოდ „მიშას დაბრუნების“ შიში და მეტი არაფერი.

ანუ ის სინდრომი, როდესაც ამომრჩევლის დიდი ნაწილი იძულებულია ხმა მისცეს „ძველს“, ოღონდ კი აღარ მოუშვას ხელისუფლებაში „ყოფილი“, ვისაც მეტისმეტად ბევრი სტრესი უკავშირდება. 

ნიკა იმნაიშვილი




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.7%
შემცირდა 11.5%
არ შეცვლილა 2.9%